საქართველოს მთავრობა – 2019 წლის სიახლეები

პრემიერ-მინისტრმა ევროპის საბჭოსთან  ზურაბ ჟვანიას მემორიალური დაფა გახსნა ამოსაბეჭდი ვერსია

2019-04-10

-__

“მე ვარ ქართველი, მაშასადამე ვარ ევროპელი” - მემორიალური დაფა ზურაბ ჟვანიას ფრაზით, დღეიდან სტრასბურგში, ევროპის საბჭოს შენობის წინ განთავსდა. ვარსკვლავი, რომელიც საქართველოს ევროსაბჭოში გაწევრიანების 20 წლის იუბილეს ეძღვნება, პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ გახსნა. 

მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა დღევანდელი დღის სიმბოლურ და ემოციურ დატვირთვას საქართველოსთვის და ისაუბრა იმ გამოწვევებზე, რომელიც ქვეყანამ უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში ერთგული მეგობრების მხარდაჭერით დაძლია. 

“დღეს კი საქართველო დემოკრატიის ნამდვილი სიმბოლოა, რომელიც აკავშირებს ევროპას აზიასთან და, პირიქით, აზიას ევროპასთან. ვსარგებლობ შემთხვევით და მადლობას ვუხდი ყველას, ვინც მხარს უჭერდა და უჭერს საქართველოს. 20 წლის წინ, სწორედ ამ შენობაში, საქართველოს აწ გარდაცვლილმა პრემიერ-მინისტრმა, ზურაბ ჟვანიამ წარმოთქვა თავისი ცნობილი სიტყვები - „მე ვარ ქართველი, მაშასადამე, ვარ ევროპელი! ეს სიტყვები ყველა ქართველმა იცის. მე ყოველთვის ვცდილობ, ხაზი გაუსვა იმას, რომ ევროპული ოჯახის წევრობა არ არის საქართველოს მხოლოდ პოლიტიკური არჩევანი; ეს არის ჩვენი ცივილიზაციური, ღირებულებებზე დაფუძნებული არჩევანი. საქართველოსთვის ეს არის ემოციურად დატვირთული დღე. მეორე მხრივ, ჩვენ წინაშე დგას ბევრი მტკივნეული გამოწვევა - ჩემი ქვეყნის ტერიტორიის 20% დღესაც ოკუპირებულია, მაგრამ ჩვენ ამას არასოდეს შევეგუებით. დარწმუნებული ვარ, ჩვენი ერთგული მეგობრების მხარდაჭერით, საქართველო წარმატებით ააშენებს ძლიერ და ჭეშმარიტად ევროპულ სახელმწიფოს”, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ვარსკვლავის გახსნას ზურაბ ჟვანიას ოჯახის წევრები, საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები, ბელგიის სამეფოს საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრი, სტრასბურგის მერიის წარმომადგენლები და საქართველოს მეგობრები ესწრებოდნენ. ცერემონიაზე ევროპის ჰიმნი შეასრულა ანსამბლმა “რუსთავმა”. 

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური