საქართველოს მთავრობა – 2019 წლის სიახლეები

მამუკა ბახტაძე - თანამედროვე დემოკრატიული სახელმწიფო წარმოუდგენელია ძლიერი და პროფესიული სამოქალაქო სექტორის გარეშე, რომელიც გადამწყვეტ როლს თამაშობს ქვეყნის პოლიტიკურ, ეკონომიკურ თუ სოციალურ განვითარებაში ამოსაბეჭდი ვერსია

2019-03-29

---

თანამედროვე დემოკრატიული სახელმწიფო წარმოუდგენელია ძლიერი და პროფესიული სამოქალაქო სექტორის გარეშე, რომელიც გადამწყვეტ როლს თამაშობს ქვეყნის პოლიტიკურ, ეკონომიკურ თუ სოციალურ განვითარებაში",- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო პლატფორმის კონფერენციაზე - "ახლოს ხალხთან - უფრო ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება"სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველო გამოირჩევა აქტიური სამოქალაქო სექტორით, რომელიც ჩართულია თითქმის ყველა სფეროს პოლიტიკის ჩამოყალიბების პროცესში და მონიტორინგს უწევს მთავრობის საქმიანობას.

"მე არ ვფიქრობ, რომ ევროპული ინტეგრაცია გახლავთ ჩვენი საზოგადოების მხოლოდ პოლიტიკური არჩევანი, ეს არის ცივილიზაციური არჩევანი, რომელიც კიდევ უფრო მეტად უსვამს ხაზს იმას, რომ სამოქალაქო სექტორის ჩართულობა არის ერთადერთი გადამწყვეტი პირობა იმისთვის, რომ ჩვენ ვიყოთ წარმატებული ამ გზაზე. ეს კონფერენცია ხელს უწყობს დიალოგისა და თანამშრომლობის განვითარება ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს სფეროებში და როგორც მთავრობის მეთაურმა მინდა კიდევ ერთხელ დავადასტურო მთავრობის მზადყოფნა რომ ვიყოთ ამ დიალოგის ძალიან აქტიური მონაწილე", - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

მამუკა ბახტაძის თქმით, არასამთავრობო სექტორის ჩართულობა ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის პროცესში, არამარტო საგარეო, არამედ საშინაო პოლიტიკის ნაწილიც არის. მთავრობის მეთაურის განცხადებით, სამოქალაქო სექტორი მონაწილეობს საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების ფარგლებში მიმდინარე რეფორმების განხორციელების პრაქტიკულად ყველა ეტაპზე, ასევე ასოცირების დღის წესრიგის ფორმირების პროცესში,რომელშიც გაწერილია 2020 წლის ბოლომდე ქვეყნის მიერ განსახორციელებელი ნაბიჯები.

"ასოცირების შეთანხმების ფარგლებში, შექმნილია საქართველო-ევროკავშირის სამოქალაქო საზოგადოების პლატფორმა, რომელიც მონიტორინგს უწევს შეთანხმების განხორციელებას. „აღმოსავლეთ პარტნიორობის"ეროვნული პლატფორმა აქტიურად ლობირებს პარტნიორობის მიზნების შესრულებას. მოგეხსენებათ, რამდენიმე კვირის წინ ბრიუსელში წარვადგინეთ ჩვენს მიერ შექმნილი ახალი საგზაო რუკა და მადლობას ვუხდი სამოქალაქო სექტორს მის შექმნაში ძალიან აქტიური მონაწილეობისთვის. ეს არის ნამდვილად ახალი ეტაპი, რომელმაც საქართველოს ინტეგრაცია ევროკავშირში ახალ ეტაპზე უნდა გადაიყვანოს. სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები ჩართული იყვნენ, უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული დოკუმენტის მომზადებაში. ბუნებრივია, ეს იყო ერთ-ერთი პირველი დოკუმენტი, რომელიც შეიქმნა თუმცა, მას უნდა მოჰყვეს სხვადასხვა დოკუმენტი სექტორული ინტეგრაციის ნაწილში. დარწმუნებული ვარ, თქვენ ისევე აქტიურად იქნებით ჩართული ამ დოკუმენტების მომზადებაში, როგორც იყავით საგზაო რუკაზე მუშაობის პროცესში",- განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მთავრობის მეთაურის განცხადებით, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები ძალიან აქტიურ ფაზაშია. მამუკა ბახტაძის თქმით, ერთ-ერთი მთავარი თემა ევროკავშირთან არის ინკლუზიური ზრდა, ისეთი ტიპის ეკონომიკური ზრდა, რომელი საქართველოს ყველა მოქალაქეს შეეხება.

"ჩემთვის განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ დღევანდელ კონფერენციას ესწრებიან სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები რეგიონებიდან. ჩვენთვის ძლიერი რეგიონები, ნიშნავს ძლიერ საქართველოს და ძლიერი საქართველო - ძლიერ რეგიონებს. შესაბამისად, თქვენი ჩართულობა ამ საკითხებში არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ყველასთვის. ჩვენ ვაღრმავებთ ევროპასთან ინტეგრაციის ხარისხს.

მოგეხსენებათ, შარშან, 21 ნოემბერს გაიმართა ისტორიული მნიშვნელობის შეხვედრა, როდესაც პირველად, საქართველოს მიეცა საშუალება, მაღალ დონეზე, ევროკომისრებთან განეხილა სექტორული ინტეგრაციის პერსპექტივები. ეს იყო უნიკალური პლატფორმა, რომელიც შეიქმნა მხოლოდ საქართველოსთვის. მსურს, ვისარგებლო შემთხვევით და კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო ევროპელ მეგობრებს, იმ ძალიან დიდი მუშაობის დაფასებისთვის, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ, რათა კიდევ ერთხელ გავუგზავნოთ ძალიან ძლიერი სიგნალი მათ, რომ საქართველო მზად არის დამატებითი ინტეგრაციისთვის ევროსტრუქტურებში",- აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველოსთვის ევროპულ ოჯახში დაბრუნება არასდროს ყოფილა მხოლოდ პოლიტიკური ამოცანა და ეს არის ქართველი ერის ცივილიზაციური, ღირებულებებზე დაფუძნებული არჩევანი.

"ჩვენ, რამდენიმე კვირის წინ დავაანონსეთ ახალი რეფორმა განათლების სექტორში, რომელიც მიმაჩნია, რომ არის ეროვნული იდეა. ის დაგვეხმარება, დავძლიოთ საქართველოს წინაშე არსებული ყველა გამოწვევა.ჩემთვის საქართველოს ისტორიაში ყოველთვის სამაგალითო პერიოდი იყო პირველი რესპუბლიკა. ჩემი გადასახედიდან, ეს მართლაც გახლდათ უნიკალური თაობა ჩვენს მრავალსაუკუნოვან ისტორიაში, რომელსაც საქართველო ევროპული ცივილიზაციის განუყოფელ ნაწილად წარმოედგინა. ერთ-ერთი პირველი რეფორმა, რომელიც მათ გაატარეს, იყო ის, რომ ორი წლის განმავლობაში საქართველოში გაიხსნა 1200 ახალი სკოლა. ჩემი აზრით, ეს არის სწორი გზა, ეს არის ერთადერთი გზა თავისუფლებისკენ, თავისუფლებისკენ ოკუპაციისგან და თავისუფლებისკენ სიდუხჭირისგან. ხშირად, 21-ე საუკუნეში ჩვენ ვთვლით, რომ რაღაც ახალი გვჭირდება იმისთვის, რომ გამოწვევებს გავუმკლავდეთ და ბუნებრივია, ყოველთვის ინოვაციებზე უნდა ვიყოთ ორიენტირებული. მაგრამ, ხშირ შემთხვევაში, ჩვენს დიდ წინაპრებს უკვე ჰქონდათ ასეთი ჩანაფიქრები და სამწუხაროდ, მათ ისტორიამ არ მისცა საშუალება, დაწყებული მისია ბოლომდე დაემთავრებინათ. დარწმუნებული ვარ, ჩვენ ერთობლივად,ხელისუფლება, სამოქალაქო სექტორი და ქართული საზოგადოება, ჩვენი დასავლელი მეგობრების დახმარებით,აუცილებლად შევძლებთ ამ ისტორიული მისიის წარმატებით დასრულებას და საქართველო აუცილებლად გახდება ევროპული ოჯახის განუყოფელი ნაწილი", - აღნიშნა პრემიერმა.

კონფერენციაში 200-მდე დელეგატი მონაწილეობს, რომელთა შორის ადგილობრივი და უცხოური არასამთავრობო ორგანიზაციების, ხელისუფლებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები იმყოფებიან.


პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური