საქართველოს მთავრობა – 2019 წლის სიახლეები

პრემიერის დავალებით, ბავშვთა სისხლში ტყვიის მონიტორინგთან დაკავშირებით სამოქმედო გეგმას სექტორთაშორისი საკოორდინაციო საბჭო უახლოეს მომავალში წარადგენს ამოსაბეჭდი ვერსია

2019-03-28

სექტორთაშორისი საკოორდინაციო საბჭო  ბავშვთა სისხლში ტყვიის მონიტორინგთან დაკავშირებით სამოქმედო გეგმას უახლოეს მომავალში წარმოადგენს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყების წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ეკოლოგიის თვალსაზრისით მნიშვნელოვან გამოწვევებზე საბჭომ რამდენიმე დღის წინ იმსჯელა. პრემიერის დავალებით, საკოორდინაციო საბჭოში შემავალმა უწყებებმა საქართველოს მასშტაბით  წყლის ხარისხი შეისწავლეს, რის შედეგადაც გამოიკვეთა, რომ მთავრობის მიერ განხორციელებული ინვესტიციების მეშვეობით გარკვეულ ქალაქებში გაუმჯობესება აღინიშნება, თუმცა, წყლის ხარისხის შეუსაბამობა მაინც  მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება.

„უკვე გავააქტიურეთ ფაქტობრივად ყველა არსებული რესურსი. პირველი უკავშირდება წყლის ხარისხს. საკოორდინაციო საბჭოში შემავალ უწყებებს ჰქონდათ მიცემული დავალება, რომ შეესწავლათ წყლის ხარისხის მდგომარეობა საქართველოს მასშტაბით. სადაც ჩვენ განვახორციელეთ ინფრასტრუქტურული პროექტები და ინვესტიციები, იმ რეგიონებში წყლის ხარისხის მკვეთრი  გაუმჯობესება გვაქვს, რაც მისასალმებელია, თუმცა გვრჩება რეგიონები, სადაც ეს საკითხი პრობლემურია. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ დამატებითი ინვესტიციები უნდა მივმართოთ ამ რეგიონებში, პრობლემის ძირეული მოგვარების მიზნით", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

რაც შეეხება ბავშვთა სისხლში ტყვიის მოცულობის მონიტორინგს, პრემიერ-მინისტრის თქმით, ამ კუთხით ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციები სრულად იქნება გათვალისწინებული. 

„ეს არის თანამედროვე მსოფლიოსთვის ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული გამოწვევა. ჩვენ გვაქვს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კონკრეტული რეკომენდაციები, რომელსაც აუცილებლად შევასრულებთ. ამავე დროს, პრინციპულად გაიზრდება აქტივობა პრევენციული ღონისძიებების მიზნით. საკოორდინაციო საბჭოს დავალება მიღებული აქვს და ისინი უახლოეს მომავალში წარმოადგენენ სამოქმედო გეგმას ამ მიმართულებით", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური