საქართველოს მთავრობა – 2019 წლის სიახლეები

პრემიერ-მინისტრმა ბათუმში თანამედროვე სტანდარტების სპორტული კომპლექსის სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა  ამოსაბეჭდი ვერსია

2019-03-27

---

ზაფხულის ბოლოს ბათუმს თანამედროვე სტანდარტების, 3 400 მაყურებელზე გათვლილი სპორტული კომპლექსი ექნება. სამშენებლო სამუშაოები დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დაათვალიერა. 

ამ ეტაპზე მიმდინარეობს სპორტული კომპლექსის სახურავის მოწყობის სამუშაოები, იღებება ფასადი და მონტაჟდება წყლისა და ელექტროსისტემა. 
პრემიერის განცხადებით, მსგავსი პროექტების განხორციელება და მთელი ქვეყნის მასშტაბით სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარება მთავრობისთვის პრიორიტეტია, ვინაიდან ეს სპორტში ახალგაზრდების მასობრივ ჩართულობას და ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას შეუწყობს ხელს. 
სპორტული კომპლექსი, რომელშიც ფუნქციური დარბაზების გარდა, ადმინისტრაციული ფართები, საკონფერენციო დარბაზი, სამედიცინო პუნქტი და სხვა დამხმარე ობიექტები განთავსდება, ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის. 
პროექტის ღირებულება 62 მილიონ ლარამდეა. სამუშაოებზე 300-მდე ადამიანია დასაქმებული. 

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური