მამუკა ბახტაძე - 2022 წლისთვის განათლებაზე მთლიანი შიდა პროდუქტის 6% დაიხარჯება, რაც ქვეყნის ბიუჯეტის მეოთხედს შეადგენს ამოსაბეჭდი ვერსია

2019-03-07

დღეს უნდა ვისაუბრო იმ თემაზე, რომელიც პირადად ჩემთვის და ჩემი მეგობრებისთვის არის მთავარი მოტივატორი, რატომ ვარ ქართულ პოლიტიკაში.

საქართველოს ჰყავს ორი მტერი - ოკუპაცია და სიღარიბე. საოკუპაციო ხაზი და ეკონომიკური სიდუხჭირე არის ის, რაც არ გვაძლევს სრულფასოვანი განვითარების შესაძლებლობას, ის, რასთან შეგუებაც შეუძლებელია, ის, რისი დაძლევისთვის ბრძოლაც გახლავთ თითოეული ჩვენგანის მთავარი ცხოვრებისეული მიზანი.

დღეს „ქართული ოცნების" პოლიტიკური გუნდი აცხადებს დამოუკიდებლობის მოპოვებიდან დღემდე ყველაზე გამბედავ და მასშტაბურ იდეას - განათლების ეროვნულ კონცეფციას, რომლის ფარგლებშიც, სახელმწიფო აიღებს უპრეცედენტო ვალდებულებას, რომ, ყოველწლიურად, ჩვენი ეროვნული დოვლათის 6 პროცენტი, ანუ დღეს არსებული ბიუჯეტის მეოთხედი წარმართოს განათლების სფეროს სრული ტრანსფორმაციის, მსოფლიოში ერთ-ერთი გამორჩეული და სამაგალითო განათლების ქართული სკოლის დასაფუძნებლად.

ჩვენ ყოველთვის გვქონდა სწრაფვა და ჯანსაღი ამბიცია, ვყოფილიყავით მსოფლიოს მოწინავე ქვეყნებს შორის. ძველი ბერძენი გეოგრაფების ჩანაწერებში ვკითხულობთ, რომ ანტიკურ საქართველოში იყო „აყვავებული" ქალაქები. ამ ტერმინში, პირველ რიგში, იგულისხმებოდა განათლების ცენტრები, ისეთები, როგორიც იყო, მაგალითად, ფაზისის რიტორიკული სკოლა. შუა საუკუნეებში ინტენსიურად ვითარდებოდა მეცნიერების კერები იყალთოსა  და გელათის აკადემიებში, რომელსაც თანამედროვეები „ახალ ათინად" და „მეორე იერუსალიმად" იხსენიებდნენ. ქართველები აფუძნებდნენ სასწავლო ცენტრებს და ბიბლიოთეკებს საბერძნეთის, ბულგარეთის, რუმინეთის მონასტრებში, ჩვენი სწავლულები მოღვაწეობდნენ სინას მთაზე და პალესტინაში. ქართველთა ეროვნული სიამაყის საგანი ყოველთვის იყო სახარების უძველესი თარგმანები და თეოლოგიურ-ფილოსოფიური ტრაქტატები. რენესანსული მსოფლმხედველობა ჩვენში უფრო ადრე იწყებს ჩამოყალიბებას, ვიდრე მსოფლიოში და „ვეფხისტყაოსანია" ამის ნათელი დასტური; ხოლო მანამდე, მრავალი საუკუნით ადრე, ჩვენ შევქმენით რკინის დამუშავების, ღვინის დაყენების, ოქროს მოპოვების ცოდნა და ტექნოლოგიები, რითაც ჩვენი ძალიან მნიშვნელოვანი წვლილი შევიტანეთ ევროპულ და მსოფლიო ცივილიზაციაში.

ქართველთა იდენტობის ნაწილია უნიკალური ანბანი და 1600-წლოვანი ორიგინალური ლიტერატურა. ჩვენი დიდი განმანათლებელი -  სულხან-საბა ორბელიანი ქმნის ენის განმარტებით ლექსიკონს, რომელიც მსოფლიოს უმეტეს ქვეყნებში ჯერ არც კი იყო შექმნილი და 300 წლის წინ შექმნილი ეს ლექსიკონი დღესაც მუშაობს! ილია ჭავჭავაძე თავის უმთავრეს ამოცანად ქართველთა შორის წერა-კითხვის გავრცელებას და ევროპული ყაიდის განათლების დანერგვას მიიჩნევდა, იმისთვის, "რომ დავდგეთ ერად სხვა ერთა შორის", რაც მოწინავე ევროპული სახელმწიფოების ოჯახში გაერთიანებას ნიშნავდა და დღემდე ნიშნავს.

შარშან, იყალთოს აკადემიაში გამართულ პრეზენტაციაზე ჩვენ დავაანონსეთ განათლების ფართომასშტაბიანი რეფორმა 2019-2022 წლებისთვის. ეს რეფორმა ხორციელდება ხუთივე მიმართულებით: სკოლამდელი განათლება, საშუალო განათლება, პროფესიული განათლება, უმაღლესი განათლება და რა თქმა უნდა - მეცნიერება. ჩვენ განვაცხადეთ, რომ ვიწყებთ რესურსების მობილიზაციას ამ დიდი პროექტის განსახორციელებლად და ეს პროექტი უკვე ამოქმედდა. მაგრამ ახლა, ჩვენ ხარისხობრივად ახალ ეტაპზე გვინდა გადასვლა.

განათლების სფეროში მიმართული დაფინანსება ყოველწლიურად გაიზრდება და მაქსიმუმს მიაღწევს 2022 წლისთვის, როცა ჩვენ გავალთ მთლიანი შიდა პროდუქტის 6%-იან ნიშნულზე, რაც ქვეყნის ბიუჯეტის მეოთხედს შეადგენს. ეს იქნება უზრუნველყოფილი სპეციალური კანონონმდებლობით - „საგანმანათლებლო თანასწორობის აქტით", რომელიც არსებულ თუ მომავალ მთავრობებს ათწლეულების განმავლობაში დაავალდებულებს, სწორედ აღნიშნული მასშტაბის ინვესტიცია განახორციელოს ყოველწლიურად განათლების სექტორში. უფრო მეტიც, სახელმწიფოს მხრიდან ბიუჯეტის მეოთხედის ინვესტირება განათლებაში, გამოიწვევს კერძო სექტორის მხრიდანაც ინვესტიციების წახალისებას, რაც ნიშნავს იმას, რომ სწორედ განათლების სექტორი გახდება ჩვენს ეკონომიკაში დომინანტი და მიაღწევს 10 - 11%-იან წილს.

ეს ნიშნავს იმას, რომ ფინეთთან, ნორვეგიასთან, დანიასთან, სინგაპურთან და სხვა წამყვან სახელმწიფოებთან ერთად, საქართველო გახდება ქვეყანა, რომლის მთავარი პრიორიტეტია განათლება და ადამიანური კაპიტალის განვითარება.

ეს ნიშნავს იმას, რომ სკოლამდელი და ზოგადი განათლება უსწრაფესი ტემპებით გავა ევროპულ დონეზე, ხოლო პედაგოგი იქნება ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი პროფესია საქართველოში.

ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენთან იქნება ყველაზე ხარისხიანი უმაღლესი სასწავლებლები, საქართველოს უნივერსიტეტები მოხვდებიან საერთაშორისო ტოპ-რეიტინგებში და აღარ იქნება საჭირო, რომ ჩვენი შვილები და მომავალი თაობა საზღვარგარეთ გავაგზავნოთ ბაკალავრის თუ მაგისტრის დიპლომის მისაღებად. შესაბამისად, ხარისხიანი და კონკურენტუნარიანი უმაღლესი განათლება იქნება ყველასთვის ხელმისაწვდომი და არა - პრივილეგია.

ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოში გაიხსნება ისეთი პროფესიული სასწავლებლები, სადაც ახალგაზრდები დაეუფლებიან ყველაზე მოთხოვნად პროფესიებს და ხელობებს, მიიღებენ ევროპულ სერტიფიკატებს და დასაქმდებიან მსოფლიოს ნებისმიერ წამყვან ქვეყანაში.

ეს ნიშნავს სამეცნიერო კვლევების ხელშეწყობას, ყველაზე თანამედროვე ლაბორატორიებს, საცდელ მეურნეობებს, კვლევით ცენტრებს და ინსტიტუტებს, შესაბამისად - ახალ აღმოჩენებს, მეცნიერულ მიღწევებს და ტექნოლოგიურ სტარტაპებს.

ეს ნიშნავს სახელოვნებო განათლების ინტენსიურ განვითარებას და ჩვენი კულტურის კიდევ უფრო გამდიდრებას.

ეს ნიშნავს ახალ სკოლებს და საბავშვო ბაღებს ყველგან, ყველა რეგიონში. ახალ უნივერსიტეტებსა და პროფესიულ სასწავლებლებს, ახალ კამპუსებს და რაც მთავარია - ახალ მკვლევარებს, პედაგოგებს, მეცნიერებს, ხელოვანებს - რომლებიც შეცვლიან ჩემთვის ყველაზე მიუღებელ ტერმინს - „მცირერიცხოვან ერს" და პასუხს გასცემენ არც თუ ისე რიტორიკულ კითხვაზე - „სად არის ხსნა"?!

განათლება არის უმოკლესი გზა თავისუფლებისკენ... თავისუფლებისკენ სიდუხჭირისგან და თავისუფლებისკენ ოკუპაციისგან. შესაბამისად ხსნა არის განათლებულ საქართველოში!

სულ რამდენიმე წელიწადში საქართველო დაიბრუნებს კულტურული, სამეცნიერო, საგანმანათლებლო კერის ფუნქციას, გახდება მკაფიო ლიდერი რეგიონში და კონკურენციას გაუწევს მოწინავე ქვეყნებსაც. როდესაც ჩვენს მრავალმხრივ ნიჭიერ ახალგაზრდებს შეექმნებათ საკუთარ სამშობლოში ევროპული სტანდარტის, უწყვეტი და თანმიმდევრული განათლების მიღების შესაძლებლობა, თანდათანობით მივიღებთ დიდ გარდატეხას ეკონომიკასა და ბიზნესში, მეცნიერებაში, საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში. დასაქმების პრობლემა, სამუშაო ადგილების დეფიციტი, მცირე ხელფასი და სხვა სოციალური კატაკლიზმები, გაქრება, რადგან მსოფლიო გამოცდილება აჩვენებს, რომ არც ერთი ასეთი ნეგატიური ფენომენი არ არის თავსებადი განათლებულ, განვითარებულ და განსწავლულ საზოგადოებასთან.

დღევანდელ ქაოსურ და არეულ დროებაში, ტურბულენტურ, სწრაფად ცვალებად და, ხშირად, არასამართლიან სამყაროში წარმოუდგენელია გზის გაკვლევა ისეთი მძლავრი იარაღის გარეშე, როგორიც ევროპული სტანდარტების ცოდნაა.

შესაბამისად, სახელმწიფოს უმაღლესი ლეგიტიმური მიზანია, უზრუნველყოს ხარისხიანი განათლების მიღების ხელმისაწვდომობა ყველასთვის, მისცეს ცოდნის დაუფლების თანაბარი შესაძლებლობა ყველა ნიჭიერ ადამიანს, სადაც არ უნდა ცხოვრობდეს და როგორი შეძლების ოჯახშიც არ უნდა იყოს იგი დაბადებული და გაზრდილი.

დღეს ჩვენ უკვე ვლაპარაკობთ, რომ საქართველო გაიცნო მსოფლიომ, როგორც უნიკალური კულტურის ქვეყანა. მე გპირდებით, რომ ძალიან მალე ჩვენ ხელახლა აღმოგვაჩენენ, როგორც ყველაზე განათლებული და თავისუფალი ადამიანების ქვეყანას!

განათლებაში ბიუჯეტის მეოთხედის ინვესტირებით ჩვენ მივაღწევთ იმას, რომ საქართველო იქნება ყველაზე განათლებული ქვეყანა და ქართველი ერი იქნება ყველაზე განათლებული ერი!

სწორედ ეს არის „ქართული ოცნების" პოლიტიკური გუნდის ხედვა და ინიციატივა - განათლების მეშვეობით სიღარიბისა და ოკუპაციის  დაძლევის გეგმა. ეს არის ეროვნული იდეა, რომლის განხორციელებას ახლა მხოლოდ ერთადერთი რამ სჭირდება - ეს არის მთელი საზოგადოების კონსენსუსი და საქართველოს მოქალაქეების საყოველთაო ეროვნული შეთანხმება!

მინდა, ჩემი გამოსვლა დავასრულო დიდი ილიას სიტყვებით: „სხვა არაფერი გაუსწორებს ომს ცოდნასა, თუ არა ისევ ცოდნა, სხვა ვერაფერი გვიხსნის სიღარიბისგან, თუ არა ის ხერხი, ის უნარი, ის ძალ-ღონე, რომელსაც მარტო ცოდნა და სწავლა-განათლება იძლევა".

ღმერთმა დალოცოს საქართველო!