საქართველოს მთავრობა – 2019 წლის სიახლეები

სერ სუმა ჩაკრაბარტი - საქართველო  EBRD-ისთვის ერთ-ერთ სამაგალითო ქვეყნად რჩება ამოსაბეჭდი ვერსია

2019-03-06

---

საქართველო EBRD-ისთვის წარმატების ერთ-ერთ მაგალით ქვეყნად რჩება, - ამის შესახებ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის(EBRD) პრეზიდენტმა სერ სუმა ჩაკრაბარტიმ საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან შეხვედრისას განაცხადა.

EBRD-ის პრეზიდენტის შეფასებით, საქართველო სწორი მიმართულებით ვითარდება და მისი გამოცდილების გაზიარებით ბანკის ბევრი პარტნიორია დაინტერესებული. სერ სუმა ჩაკრაბარტიმ პრემიერ-მინისტრს ინვესტორთა საბჭოს საქმიანობის ხელშეწყობისთვის მადლობა გადაუხადა.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ გასული წელი ინვესტიციების თვალსაზრისით რეკორდული იყო, თუმცა EBRD-ის  სურს, საქართველოში ინვესტიციების რაოდენობა კიდევ უფრო გაზარდოს. მხარეებმა ასევე განიხილეს EBRD-ის ორგანიზებით საქართველოში აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ეკონომიკური ფორუმის ჩატარების შესაძლებლობა.

საუბარი შეეხო ქვეყანაში ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის უზრუნველყოფის მნიშვნელობას მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებაში. როგორც მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, EBRD-ის პორტფელი  პირდაპირ პასუხობს საქართველოში არსებულ გამოწვევებს, განსაკუთრებით მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის თვალსაზრისით.

ყურადღება გამახვილდა EBRD-ის  მიერ დაფინანსებულ ენერგეტიკულ პროექტებზე. ხაზი გაესვა ენერგეტიკის სფეროს სწორი განვითარების მნიშვნელობას ქვეყნის მდგრადი განვითარებისა და ენერგოდამოუკიდებლობის უზრუნველყოფისთვის.

შეხვედრის მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმო განათლების სფეროში მიმდინარე რეფორმებს.  EBRD-ის პრეზიდენტმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს რეფორმის პროცესში სრული მხარდაჭერა აღუთქვა.

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი როგორც ფინანსური თანამშრომლობის, ისე  ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებით საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი პარტნიორია. EBRD-ის მიერ საქართველოს ეკონომიკაში განხორციელებული ინვესტიციის მოცულობა 3 მილიარდ ევროს აღემატება.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური