საქართველოს მთავრობა – 2019 წლის სიახლეები

მთავრობა სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების პროგრამას იწყებს ამოსაბეჭდი ვერსია

2019-02-26

მთავრობა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების პროგრამას იწყებს, რომლის ბიუჯეტი 4 მილიონი ლარი იქნება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ახალი პროგრამა, რომელიც „ერთიანი აგროპროექტის" ფარგლებში განხორციელდება, ფერმერებისთვის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკაზე ხელმისაწვდომობის გაზრდას ისახავს მიზნად.

„ჩვენ სოფლის მეურნეობის სექტორში გვაქვს ძირითადი საშუალებების და ტექნიკის მნიშვნელოვანი დეფიციტი, შესაბამისად, ვიმუშავეთ ახალი პროგრამა, რომლის მიზანია, ჩვენმა ფერმერებმა თანადაფინანსების გზით შეძლონ სოფლის მეურნეობისთვის აუცილებელი ტექნიკის შესყიდვა. გასული წელი გამორჩეული იყო. სოფლის მეურნეობის პროდუქტის ექსპორტმა 1 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ სოფლის მეურნეობაში ძალიან მნიშვნელოვანი პოზიტიური დინამიკა გვაქვს. თუმცა, ეს საკმარისი არ არის. ჩვენი მოსახლეობის უდიდესი ნაწილი დასაქმებულია სოფლის მეურნეობაში და შესაბამისად, ვაპირებთ, კიდევ უფრო გავზარდოთ მხარდამჭერი პროგრამები", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური