საქართველოს მთავრობა – 2019 წლის სიახლეები

პრემიერმა კომაროვის სკოლის  მოსწავლეებს უმასპინძლა, რომლებიც სწავლას აშშ-ის წამყვან უნივერსიტეტებში განაგრძობენ ამოსაბეჭდი ვერსია

2019-01-28

... 

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დღეს კომაროვის სახელობის თბილისის ფიზიკა-მათემატიკური №199 სკოლის დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებს უმასპინძლა, რომლებიც სექტემბრიდან სწავლას ამერიკის შეერთებული შტატების წამყვან უნივერსიტეტებში განაგრძობენ.

გიორგი ჩუბინიძეს, გიორგი კლდიაშვილს, ლექსო ბორაშვილსა და ლუკა მდივანს მთავრობის მეთაურმა ეს მნიშვნელოვანი მიღწევა მიულოცა და წარმატებები უსურვა.

შეხვედრაზე კომაროვის სკოლის მოსწავლეებმა პრემიერს მიაწოდეს ინფორმაცია არჩეული პროფესიებისა და იმ მოტივაციის შესახებ, რამაც მათ მიერ უნივერსიტეტების შერჩევა განაპირობა.

გიორგი ჩუბინიძეს (University of Pennsylvania), გიორგი კლდიაშვილს (Massachusetts Institute of Technology), ლექსო ბორაშვილსა ( Lafayette College) და ლუკა მდივანს (Duke Kunshan University) სწავლის საფასურს შესაბამისი უნივერსიტეტები სრულად დაუფინანსებენ. კომაროვის სახელობის სკოლის დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებმა აშშ-ის უნივერსიტეტებში უფასო სწავლის უფლება სასწავლო წლის დასრულებამდე პირველად მოიპოვეს.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური