2018 წლის 12 სექტემბრის მთავრობის სხდომა ამოსაბეჭდი ვერსია

2018-09-12

საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართა. მინისტრთა კაბინეტმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 14 საკითხი განიხილა. დღის წესრიგი

მთავრობამ დაამტკიცა  კანონპროექტი, რომელიც მკაცრ ჩარჩოებს ქმნის მარიხუანის საჯარო სივრცეში მოხმარების აკრძალვისთვის. კანონპროექტის თანახმად, მკაცრად დარეგულირდება და დაისჯება მარიხუანის მოხმარება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, არასრულწლოვანთა თანდასწრებით, სასწავლო დაწესებულებების სიახლოვეს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას საჯარო მოხელეებისთვის, პედაგოგებისთვის ექიმებისთვის. მოზარდების მარიხუანის მოხმარების მავნე ზეგავლენისგან დასაცავად დაისჯება 21 წლამდე პირის მიერ მარიხუანის მოხმარება, ასევე სისხლის სამართლის წესით დაისჯება 21 წლამდე პირთა მარიხუანის მოხმარებაზე დაყოლიება. გამკაცრდება პასუხისმგებლობა მარიხუანის მოხმარების პოპულარიზაციის და რეკლამირებისთვის. ამასთანავე, მკაცრად რეგლამენტირებული იქნება კანაფის კულტივაცია, რათა მაქსიმალურად თავიდან იქნას აცილებული კანონსაწინააღმდეგო პროცესი.

მთავრობამ დღესვე დაამტკიცა კანონპროექტი, რომლის თანახმად, ზღვარი, რომლის ფარგლებში კრედიტის ლარში აღება სავალდებულოა, 100 ათასიდან 200 ათას ლარამდე იზრდება და აღნიშნული რეგულაცია ლიზინგზეც გავრცელდება. ამასთან, თუ მოქმედი რედაქციის თანახმად შეზღუდვა ვრცელდება მხოლოდ ფიზიკური პირისაგან ლიზინგის საზღაურის ფასის მიღებაზე და ფიზიკურ პირზე საბანკო კრედიტის გაცემაზე, ცვლილებების შედეგად, აღნიშნული პოლიტიკა გავრცელდება აგრეთვე იურიდიულ პირებზე და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ორგანიზაციებზე, რომლებიც არ წარმოადგენენ იურიდიულ პირს, საუბარია ე.წ ამხანაგობებზე.

საქართველოს მთავრობამ, მწვანე ეკონომიკის და გარემოსდაცვითი პოლიტიკის ფარგლებში,  მიიღო რეგულაციები, რომლებიც 2018 წლის პირველი ოქტომბრიდან ამოქმედდება და ეტაპობრივად უზრუნველყოფს ერთჯერადი პარკების მაქსიმალურად ხმარებიდან ამოღებას.

თბილისში აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვებისა და მოზარდებისთვის სარეაბილიტაციო ცენტრი შეიქმნება.

ამ მიზნით სახელმწიფო უსასყიდლოდ, აღნაგობის უფლებით „მთავარანგელოზ გაბრიელის და პეტრე მოციქულის სახელობის ფონდს" 3040 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს გადასცემს, სადაც 230 ბენეფიციარისთვის განკუთვნილი სკოლა და ცენტრი აშენდება. ცენტრი ბენეფიციარებს უფასოდ მოემსახურება.


პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური