საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2018 წლის სხდომები

2018 წლის 2 თებერვლის მთავრობის სხდომა

2018-02-02

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართა. მინისტრთა კაბინეტმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 33 საკითხი განიხილა. დღის წესრიგი
მთავრობა ტყითსარგებლობის წესებს ამკაცრებს. კაბინეტმა დაამტკიცა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ მომზადებული ცვლილებები, რომლებიც მნიშვნელოვანწილად აწესრიგებს და ამკაცრებს ტყის გამოყენების წესებს და ორგანიზებული ტყითსარგებლობის განვითარებას ნერგავს ქვეყანაში.
ახალი წესები უზრუნველყოფს ტყისთვის მიყენებული ზიანის შემცირებას, ხელს უწყობს ქვეყანაში მდგრადი ტყის განვითარების პროცესს, დააზღვევს უსაფრთხოების წესების დარღვევით გამოწვეული უბედური შემთხვევების რისკს და შეამცირებს ტყით უკანონო სარგებლობის შემთხვევებს.

მარტივდება და ხელმისაწვდომი ხდება ტყეში არსებული ნარჩენით სარგებლობა. ტყიდან ხე-ტყის ნარჩენების ათვისება და გამოტანა დასაშვები იქნება მყარი ბიოსაწვავის - ბრიკეტების, პელეტების და სხვათა წარმოების მიზნით. ეს ხელს შეუწყობს ტყეების სანიტარული მდგომარეობის გაუმჯობესებას, ჩახერგილობის პრობლემას მოაგვარებს და მნიშვნელოვანია ხანძრის პრევენციისთვის.

აღარ მოხდება სოციალური ჭრის ფარგლებში პირველი ხარისხის, ანუ სამასალედ გამოსაყენებელი ხე-ტყის გაცემა პირდაპირ ტყიდან. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საშეშე რესურსის დამზადებასაც უზრუნველყოფს სამინისტროს ეროვნული სატყეო სააგენტო დაა საბიუჯეტო ორგანიზაციებისთვის აღნიშნული რესურსი ხელმისაწვდომი იქნება პირდაპირი მიყიდვის გზით. ცვლილებები ამ ეტაპზე არ ეხება მოსახლეობის შეშით მომარაგების არსებულ მექანიზმს.
მთავრობამ ასევე დაამტკიცა ცვლილებათა პაკეტი, რომელიც „ორგანიზებული დანაშაულისა და რეკეტის შესახებ" „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში" „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში" და „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში" ცვლილების შეტანას გულისხმობს.

საკანონმდებლო პაკეტი ამკაცრებს სასჯელს ქურდული სამყაროს წევრობისა და კანონიერი ქურდობისთვის; აფართოებს სისხლის სამართლის წესით დასჯადი ქმედებების წრეს.
კერძოდ, დანაშაულად ცხადდება - ქურდული სამყაროს წევრისთვის მიმართვა - სისხლის სამართლის წესით დაისჯება ნებისმიერი პირი, რომელიც ქურდული სამყაროს წევრს ან კანონიერ ქურდს მიმართავს დავის მოგვარების ან/და გადაწყვეტილების მიღებაზე გავლენის მოხდენის მიზნით;
ქურდული სამყაროს მხარდაჭერა - ნებისმიერი ქმედება, რომელიც ხელს უწყობს ქურდული სამყაროს საქმიანობის განხორციელებას;
ქურდული შეკრების ორგანიზება ან მასში მონაწილეობა - თუ აქამდე არსებული კანონმდებლობით ამგვარი შეკრების ორგანიზებისთვის მხოლოდ კანონიერი ქურდები ან ქურდული სამყაროს წევრები ისჯებოდნენ, კანონპროექტის მიხედვით სისხლის სამართლის წესით დაისჯება ნებისმიერი პირი, რომელიც ქურდული სამყაროს საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხების განხილვა/გადაწყვეტის მიზნით შეკრებას დააორგანიზებს ან მასში მონაწილეობას მიიღებს.
სახელმწიფო პროგრამის, „აწარმოე საქართველოში" ფარგლებში გარდაბანში მესაქონლეობის ფერმა შეიქმნება, რისთვისაც 160 000 ლარის ინვესტიცია განხორციელდება. განკარგულების პროექტი „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „ანგუს ჯგუფისათვის" პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ" მთავრობამ დღევანდელ სხდომაზე დაამტკიცა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური