საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2018 წლის სხდომები

2018 წლის 25 იანვარის მთავრობის სხდომა ამოსაბეჭდი ვერსია

2018-01-25

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართა. მინისტრთა კაბინეტმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 26 საკითხი განიხილა. დღის წესრიგი
მთავრობამ დაამტკიცა სამხედრო ძალების რეზერვის განვითარებისა და მართვის კონცეფციის პროექტი, რომელიც განსახილველად პარლამენტს გადაეგზავნება.
ცვლილებების თანახმად, სამობილიზაციო რეზერვთან ერთად, აქტიური რეზერვის სამი სხვადასხვა სახე იქნება, რაც რეზერვის სისტემას უფრო ეფექტურსა და მოქნილს გახდის. კანონპროექტით, შეიქმნება ორი ტიპის რეზერვი - აქტიური რეზერვი და სამობილიზაციო რეზერვი.
ცვლილება ტოტალურ თავდაცვაში საქართველოს მოქალაქეების ფართო ჩართულობის უზრუნველყოფას და სამობილიზაციო რესურსის ოპტიმალურად გამოყენებას ისახავს მიზნად. რეზერვის ახალი კონცეფცია არის მთლიანი მიდგომის ნაწილი და ემსახურება შეიარაღებული ძალების გაძლიერებას; ის თავდაცვისუნარიანობის უმნიშვნელოვანესი ნაწილი გახდება და უზრუნველყოფს ქვეყნის მეტ უსაფრთხოებას.
საქართველოს მთავრობა წიაღის მასშტაბურ რეფორმას იწყებს, რომელიც ბუნებრივი რესურსების რაციონალურ და მდგრადი გამოყენების შესაძლებლობას იძლევა. რეფორმა ითვალისწინებს წიაღის სახელმწიფო პოლიტიკისა და სტრატეგიის დოკუმენტისა და ნორმატიული ბაზის მიღებას. მსგავსი მასშტაბური რეფორმა წიაღის დარგში საქართველოში აქამდე არ განხორციელებულა. საქართველოს ხელისუფლებას ექსპერტულ მხარდაჭერას სამთო მოპოვებით სექტორში საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის მიხედვით სტრატეგიისა და საკანონმდებლო ჩარჩოს შემუშავების პროცესში ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) გაუწევს. ბანკი შესაბამის პროექტს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან თანამშრომლობით განახორციელებს. რეფორმა შექმნის გამჭვირვალე, კომერციულად მიმზიდველ და ეკონომიკურად მომგებიან სისტემას, რომელიც უზრუნველყოფს ბუნებრივი რესურსების რაციონალურ და მდგრად სარგებლობას, ასევე, შეიქმნება ახალ სამთო-მოპოვებით საკანონმდებლო ბაზა, რომელშიც აისახება საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკა საერთაშორისო გარემოსდაცვითი პრინციპებისა და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.
მთავრობამ დღეს ასევე დაამტკიცა განკარგულება „შეღავათიანი აგროკრედიტის" პროექტში ცვლილებების შეტანის შესახებ, რომლის თანახმად, ფერმერები შეძლებენ, ისარგებლონ შეღავათიანი აგროკრედიტით სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ტექნიკისა და/ან იმპლემენტის შესაძენად და შეღავათიანი აგროლიზინგით - სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მექანიზაციისთვის. სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შესყიდვა შესაძლებელია ადგილობრივ ბაზარზე ან იმპორტის გზით. ცვლილებები ადგილობრივ ბაზარზე სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის განახლებასა და რაოდენობის გაზრდას შეუწყობს ხელს, რაც სოფლის მეურნეობის დარგზე დადებითად აისახება.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური