საქართველოს მთავრობა – 2018 წლის სიახლეები

საქართველოს პრემიერ მინისტრ მამუკა ბახტაძის სიტყვით გამოსვლა საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების ხელმძღვანელთა ყოველწლიური შეხვედრაზე - „ელჩების კონფერენცია 2018“ ამოსაბეჭდი ვერსია

2018-12-18

დილა მშვიდობის ქალბატონებო და ბატონებო!

მივესალმები დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს, დეპუტატებს, მთავრობის წევრებს, ჩვენს მეგობრებს!

განსაკუთრებით მინდა მივესალმო ჩვენს სტუმრებს - რეინტეგრაციის საკითხებში მოლდოვის ვიცე-პრემიერს ქალბატონ ქრისტინა ლესნიკს და უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიებისა და იძულებით გადაადგილებულ პირთა საკითხების მინისტრს ბატონ ვადიმ ჩერნიშს. ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობა, ჩვენი ერთობლივი ძალისხმევა უმნიშვნელოვანესია იმ საერთო გამოწვევების ფონზე, რომელთა წინაშეც დგას დღეს ჩვენი ქვეყნები და მთლიანად ჩვენი რეგიონი. ჩვენ ყველას საერთო სურვილი გვამოძრავებს და უმთავრესი მიზანი გვაერთიანებს, - ეს არის ჩვენი ქვეყნების თავისუფლება, წინსვლა და განვითარება.

დღეს, სწრაფად ცვალებად მსოფლიოში, როგორც არასდროს, ისეა საჭირო პრაგმატული, მოქნილი და საერთაშორისო ვითარების შესატყვისი საგარეო პოლიტიკის წარმოება. ყველამ კარგად ვიცით, როგორი გამოწვევების წინაშე დგას დღეს ჩვენი ქვეყანა და როგორი მაღალი რისკების შემცველია მსოფლიოში მიმდინარე პოლიტიკური რყევები ჩვენნაირი ახალგაზრდა დემოკრატიისა და მცირე სახელმწიფოსათვის. საქართველოს მიზანია დემოკრატიული და განვითარებული სახელმწიფოს მშენებლობა, რაც საფუძვლად უდევს რეფორმებისა და ქვეყნის მოდერნიზაციის პროცესს. ჩვენ ვდგამთ ქმედით ნაბიჯებს ეკონომიკის განვითარების მიმართულებით, რათა ფეხი ავუწყოთ თანამედროვე სამყაროს და მაქსიმალურად დავნერგოთ ყველა ის სიახლე, რომელიც საქართველოს წარმატებულ ქვეყნად აქცევს და კეთილდღეობას მოუტანს ჩვენს ხალხს.

ჩვენი მთავრობის პროგრამას საფუძვლად დაედო 5 პრინციპი, რომელთაგან უმთავრესია ქართველი ხალხის ცივილიზაციური არჩევანი - ევროპულ ოჯახში დაბრუნება დაევროატლანტიკურ სივრცეში საქართველოს შეუქცევადი ინტეგრაცია. და ამ მიმართულებით წამყვანი როლი, რა თქმა უნდა, ქართულ დიპლომატიას ეკისრება.

ის, რომ ქვეყანა დამაჯერებლად ადგას ევროკავშირისა და ევროატლანტიკური ალიანსისკენ მიმავალ გზას, ქართული დიპლომატიის პროფესიონალიზმისა და თავდადებული შრომის ნათელი გამოხატულებაა. მინდა საქართველოს მთავრობის სახელით დიდი მადლობა მოგახსენოთ ამისთვის და მომავალში კიდევ უფრო მეტად წარმატებული საქმიანობა გისურვოთ.

როგორც იცით, წელს საქართველომ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე. დაახლოებით ერთი თვის წინ ჩვენ ბრიუსელში გავმართეთ უნიკალური ფორმატის შეხვედრა ევროკომისიის პრეზიდენტთან და კოლეგა ევროკომისრებთან. ამ ფორმატის შეხვედრა, რომელშიც ევროკომისართა ფართო შემადგენლობა მონაწილეობდა, ადასტურებს ჩვენი ქვეყნისადმი ევროკავშირის ურყევ მხარდაჭერას და საქართველოს წარმატების კიდევ ერთი აღიარებაა დემოკრატიული რეფორმების განხორციელების კუთხით.

ასევე ხაზგასასმელია 11-12 ივლისს გამართული ნატოს ბრიუსელის სამიტი, როდესაც პირველად მოხდა ჩრდილოატლანტიკური საბჭოს შეხვედრა საქართველოსა და უკრაინასთან სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურების დონეზე. ვფიქრობ, რომ ესეც ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი იყო ნატოს მხრიდან. სამიტზე უმაღლეს დონეზე პირველად იქნა მიღებული ნატო-საქართველოს კომისიის დეკლარაცია, რომელიც მოიცავს ნატო-საქართველოს ურთიერთობების თითქმის ყველა პრიორიტეტულ მიმართულებას. ჩვენმა მოკავშირეებმა აღნიშნეს საქართველოს მიერ შავი ზღვის უსაფრთხოების განმტკიცების კუთხით შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილი და დასახეს საქართველოსთან ამ კუთხით შემდგომი თანამშრომლობის კონკრეტული მიმართულებები.

მინდა ხაზგასმით ვთქვა, რომ ქართველ დიპლომატებს დიდი წვლილი მიუძღვით საქართველოს სუვერენიტეტის განმტკიცებისა და ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენის საქმეში. სწორედ ქართული დიპლომატიის აქტიური მუშაობის შედეგია ის, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის დღის წესრიგში მთელი წლის განმავლობაში იდგა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების საკითხი, ყველა დონეზე კეთდებოდა მხარდამჭერი განცხადებები საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. აგრეთვე ვრცელდებოდა მოწოდებები რუსეთის მიმართ 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულებისა და ოკუპირებული ტერიტორიებიდან სამხედრო ძალების გაყვანის მოთხოვნით. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა და რუსეთის აგრესიული პოლიტიკით შეშფოთება მაღალ დონეზე გამოხატეს ასევე აგვისტოს ომის 10 წლისთავზე საქართველოში ჩამოსულმა პარტნიორი ქვეყნების მაღალი დონის წარმომადგენლებმა.

გასულ წელს კიდევ უფრო მჭიდრო გახდა ჩვენი ურთიერთობები მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან - ამერიკის შეერთებულ შტატებთან. ამის ნათელი დადასტურებაა სულ ახლახან მიღებული საქართველოს მხარდამჭერი ორპარტიული საკანონმდებლო აქტი. მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს ამერიკელ მეგობრებს ასეთი დიდი მხარდაჭერისთვის და საქართველოს გვერდში დგომისთვის. ამ ორპარტიულ საკანონმდებლო აქტში წამოჭრილია ჩვენი ქვეყნისთვის ბევრი მნიშვნელოვანი საკითხი, დასმულია სწორი აქცენტები და გაკეთებულია ძლიერი გზავნილები ისეთ თემებზე, როგორიცაა ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა, თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების პერსპექტივა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა.

მინდა გამოვყო მთავარი გზავნილიც, - აქტში დაგმობილია რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაცია; ასევე, ოკუპირებულ რეგიონებში განხორციელებული დაკავების, გატაცებისა და ადამიანის უფლებათა დარღვევის შემთხვევები და, შესაბამისად, ეხმიანება ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიასთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის რეზოლუციას. მნიშვნელოვანია ასევე, რომ ორპარტიული აქტი ითვალისწინებს რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა უხეშ დამრღვევთა წინააღმდეგ სანქციების შემოღებას.

ქართული დიპლომატიის დამსახურებაა აგრეთვე ის მნიშვნელოვანი ნაბიჯები, რომლებიც ევროპის ქვეყნებთან თანამშრომლობის გაღრმავებისკენ გადაიდგა და, რაც მთავარია, ამ ურთიერთობის დინამიკა სულ უფრო მზარდია. ამ მხრივ გამოვყოფდი წარმატებულ ვიზიტებს ბრიუსელში, სადაც გვქონდა შეხვედრები ევროკავშირისა და ნატოს წარმომადგენლებთან, აგრეთვე მაღალი რანგის შეხვედრები ვაშინგტონსა და ნიუ-იორკში გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში. ვიზიტები შედგა ასევე ჩვენს მეზობელ ქვეყნებში - აზერბაიჯანსა და სომხეთში. სულ უფრო მტკიცდება ტრადიციულად მჭიდრო კეთილმეზობლური კავშირები ჩვენს მეზობელ ქვეყნებთან - თურქეთთან, აზერბაიჯანთან, სომხეთთან.

წელს ჩვენმა ქვეყანამ მასშტაბურად აღნიშნა პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებიდან 100 წლისთავი როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ. ქართული დიპლომატიის წარმატებული მუშაობის დასტურია ამ თარიღთან დაკავშირებულ ღონისძიებებში მრავალი ქვეყნის უმაღლესი დონის დელეგაციების სტუმრობა თბილისში და ასევე ჩვენი საელჩოების მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში ბევრი ცნობილი ადამიანის მონაწილეობა.

მინდა განსაკუთრებული სიამაყით აღვნიშნო, რომ წელს პირველად ფრანკფურტის წიგნის საერთაშორისო ბაზრობაზე საქართველოს საპატიო სტუმარი ქვეყნის სტატუსით მონაწილეობამ მნიშვნელოვნად გაზარდა საქართველოს, როგორც უნიკალური კულტურისა და ლიტერატურის ქვეყნისადმი, დაინტერესება, ასევე მისი საერთაშორისო ცნობადობა და საქართველოს პოპულარობა.

წლევანდელი წელი ეკონომიკური დიპლომატიის კუთხითაც იყო აღსანიშნავი. წინსვლა გვქონდა ცალკეულ ქვეყნებთან სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებში. ამ მიმართულებით კიდევ უფრო მეტი ძალისხმევა გვჭირდება, რათა საქართველოს გეოპოლიტიკური მდებარეობის გამოყენებით მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას.

დაბოლოს, მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ქართველი დიპლომატების მაღალი პროფესიონალიზმი და სამშობლოს მიმართ ერთგულება ნამდვილად არის იმის გარანტი, რომ ქართული სახელწიფო კვლავაც წარმატებით გააგრძელებს თავისი ინტერესების დაცვას საერთაშორისო ასპარეზზე. მინდა კიდევ ერთხელ მადლობა გადაგიხადოთ ყველას დაუღალავი შრომისთვის, იმ საქმისთვის, რომელსაც თქვენ თქვენი სამშობლოს ინტერესების დასაცავად ეწევით და ატარებთ.

გმადლობთ ყურადღებისთვის.