საქართველოს მთავრობა – 2018 წლის სიახლეები

მამუკა ბახტაძე - ორმხრივი სავაჭრო შეთანხმების გაფორმება აშშ-თან იქნება ძალიან მნიშვნელოვანი, პოზიტიური გზავნილი რეგიონში სტაბილურობის და მშვიდობის უზრუნველსაყოფად ამოსაბეჭდი ვერსია

2018-11-02

თავისუფალი სავაჭრო რეჟიმი აშშ-თან იქნებოდა ის ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი და წინაპირობა ყველასთვის, რომ ჩვენ მივაღწიოთ ჩვენი ეკონომიკური სტრატეგიის ერთ-ერთ უმთავრეს მიზანს - საქართველო გავხადოთ ეკონომიკური ცენტრი მთელი რეგიონისთვის - ამ განცხადებით გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე კონგრესმენ ტედ პოს ინიციატივას, დაჩქარდეს აშშ-სა და საქართველოს შორის ორმხრივ სავაჭრო შეთანხმებაზე მოლაპარაკებების ინიცირება. 

როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, ორმხრივი სავაჭრო შეთანხმების გაფორმებისთვის მოლაპარაკებების დასაწყებად კონგრესმენი პო იშველიებს იმ ძალიან მნიშვნელოვან არგუმენტებს, რომელიც საქართველოს აქვს ინსტიტუციური განვითარების თვალსაზრისით. მამუკა ბახტაძის განცხადებით, ორმხრივი სავაჭრო შეთანხმების გაფორმება იქნება ძალიან მნიშვნელოვანი პოზიტიური გზავნილი რეგიონში სტაბილურობის და მშვიდობის უზრუნველსაყოფად.

„მოგეხსენებათ, რომ ჩვენ გადავედით აქტიურ ფაზაში ჩვენს ამერიკელ კოლეგებთან და განვიხილავთ საკითხს თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის შესახებ, რომელიც არის ძალიან მნიშვნელოვანი წინაპირობა იმისთვის, რომ საქართველო კიდევ უფრო გავაძლიეროთ ეკონომიკურად. მოგეხსენებათ, რომ კონგრესმენ ტედ პოს ინიციატივით ჩვენი მეგობრები გამოეხმაურნენ და თავიანთი აზრი დააფიქსირეს. 28 კონგრესმენმა მოუწოდა აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენელს, დავაჩქაროთ ამ ინიციატივის განხილვა", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.  

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური