საქართველოს მთავრობა – 2018 წლის სიახლეები

პრემიერ-მინისტრმა თურქეთს ეროვნული დღესასწაული მიულოცა ამოსაბეჭდი ვერსია

2018-10-29

---

საქართველოს სავაჭრო პარტნიორებს შორის თურქეთს პირველი ადგილი უკავია და ის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ თურქეთის რესპუბლიკის 95-ე წლისთავთან დაკავშირებით გამართულ მიღებაზე განაცხადა.

პრემიერმა თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ ფატმა ჯერენ იაზგანს ეროვნული დღესასწაული მიულოცა და აღნიშნა, რომ ამ 95 წლის განმავლობაში, თურქეთმა ბევრ გამოწვევას გაართვა თავი და მსხვილ ეკონომიკურ და პოლიტიკურ ძალად იქცა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველოს და თურქეთს ერთად ბევრი რეგიონული და ისტორიული პროექტი აქვთ განხორციელებული, მათ შორის ბაქო-თბილისი-ერზრუმი, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი, სამხრეთ კავკასიის მილსადენი და ბაქო-თბილისი-ყარსი.

„მე ძალიან მახარებს, რომ ამ ბოლო ძალიან მნიშვნელოვან პროექტში თავად მაქვს მონაწილეობა მიღებული", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერმა განსაკუთრებით გაუსვა ხაზი საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან თურქეთის გვერდით დგომას.

„თურქეთი ჩვენს სტრატეგიულ მეგობრად მიგვაჩნია. ამავდროულად, თურქეთი წარმოადგენს ჩვენი საერთაშორისო მისწრაფებების იდეას, რადგან საქართველოს ნატო-ში სრულუფლებიანი წევრობა სურს და თურქეთი ამ იდეის გულმხურვალე მხარდამჭერია. ამიტომ, ქალბატონებო და ბატონებო, კიდევ ერთხელ მსურს ჩვენს თურქ მეგობრებს ეროვნული დღესასწაული მივულოცო და ყოველივე საუკეთესო ვუსურვო. მშვიდობას და კეთილდღეობას გისურვებთ", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

საზეიმო მიღებას საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების, მედიის, პოლიტიკური პარტიებისა და რელიგიური კონფესიების წარმომადგენლები დაესწრნენ.

 

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური