საქართველოს მთავრობა – 2018 წლის სიახლეები

მამუკა ბახტაძე: მწვანე პოლიტიკის ფარგლებში მომზადებული პროექტი სრულიად ახალ სიცოცხლეს შემოიტანს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ ცხოვრებაში ამოსაბეჭდი ვერსია

2018-10-25

მწვანე პოლიტიკის ფარგლებში მომზადებული პროექტი სრულიად ახალ სიცოცხლეს შემოიტანს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ ცხოვრებაში", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ელექტრომობილებით ავტოპარკის  ჩანაცვლების პროექტის შეფასებისას განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა,  ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც უზრუნველყოფს საქართველოში არსებულ გამოწვევებზე სრულფასოვან გამკლავებას და ამასთან ერთად, ის მნიშვნელოვნად განამტკიცებს ქვეყნის ეკონომიკის მდგრადობას.

„ჩვენი ეკონომიკის აქილევსის ქუსლი გახლავთ ძალიან მწვავე სავაჭრო დეფიციტი. მოგეხსენებათ, რომ ჩვენ ფაქტობრივად სამჯერ მეტი იმპორტი გვაქვს საქონლით ვაჭრობის ნაწილში, ვიდრე ვახორციელებთ ექსპორტს და იმპორტის ყველაზე დიდი რაოდენობა მოდის საწვავზე. ელექტრომობილებით ჩვენ შევძლებთ ძალიან ბევრი სიკეთის მოტანას ჩვენი ეკონომიკისთვის. ეს ნიშნავს გაუმჯობესებულ ეკოლოგიას და ამასთან ერთად ეს ნიშნავს გაუმჯობესებულ მაკროეკონომიკურ გარემოს, ვინაიდან, ამ პროექტით მნიშვნელოვნად შემცირდება ის სავაჭრო დეფიციტი, რაც გვაქვს ეკონომიკაში", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერ-მინისტრის განმარტებით, დაწესდება მნიშვნელოვანი შეღავათები სალიზინგო სქემებზე, რომლის მიხედვითაც, მოქალაქე, რომელსაც შიდა წვის ძრავიანი ავტომობილი ყავს, საწვავის ხარჯის დაზოგვიდან გადაიხდის ავტომობილის ღირებულებას და ფაქტობრივად, ხუთი წლის განმავლობაში გამოისყიდის ახალ ელექტრომობილს.

მამუკა ბახტაძის განცხადებით, განხორციელდება ასევე ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი,  რომლის მიხედვითაც, თბილისში აშენდება ახალი ინფრასტრუქტურა, რომელიც მეტროსადგურებით დააკავშირებს სამგორიდან ლილოს მიმართულებას.

„საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარება გახლავთ ჩვენი მწვანე პოლიტიკის უმთავრესი პრიორიტეტი და დარწმუნებული ვარ, ეს ახალი პროექტი ძალიან დიდ დახმარებას გაუწევს ჩვენს მოქალაქეებს. მინდა შეგახსენოთ, რომ 230 000 ადამიანი ისარგებლებს ამ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტით", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ. 

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური