საქართველოს მთავრობა – 2018 წლის სიახლეები

მამუკა ბახტაძე: მცირე ბიზნესის შემოსავლები მე-3 კვარტალში გაორმაგებულია და ის გაიზარდა თითქმის ასი პროცენტით ამოსაბეჭდი ვერსია

2018-10-25

მცირე ბიზნესის შემოსავლები მე-3 კვარტალში გაორმაგებულია და ის გაიზარდა თითქმის ასი პროცენტით", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყების წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მიმდინარე წლის 1 ივლისიდან  ამოქმედდა უპრეცედენტო საგადასახადო რეჟიმი მცირე მეწარმეებისთვის - გადასახადების შემცირება 1%-მდე,  რაც ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია იმისთვის, რომ საქართველომ მიაღწიოს ინკლუზიურ ზრდას.  

„მცირე ბიზნესის შემოსავლები მე-3 კვარტალში გაორმაგებულია და ის გაიზარდა თითქმის ასი პროცენტით. მოგეხსენებათ რომ ამ საკითხის ინიციატორი მე გახლდით, ფინანსთა მინისტრის პოსტზე და ეს შედეგი მართლაც არის უნიკალური და მინდა ობიექტურად აღვნიშნო, იმაზე მეტი, ვიდრე მქონდა ჩემს გათვლებში და პროგნოზში. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი იმისთვის, რომ ჩვენ საქართველოში მივაღწიოთ ინკლუზიურ ზრდას", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერ-მინისტრის თქმით,  საქართველოს და ქვეყნის ეკონომიკის წარმატება გადის სწორედ მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებაზე.

„შესაბამისად, ამ ციფრებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ის, რომ ჩვენ ქვეყანაში გვჭირდება უფრო მეტი ინკლუზიური ზრდა.

შესაბამისად, ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ყველა პროგრამა და შევქმნათ ახალი მექანიზმები იმისთვის, რომ მცირე და საშუალო ბიზნესის წილი კიდევ უფრო მეტად გავზარდოთ ჩვენს მთლიან შიდა პროდუქტში. ამასთან ერთად, აქტიური მეწარმეების რაოდენობა არის 70ათასზე მეტი და აქტიურად გრძელდება რეგისტრაციის პროცესი", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური