საქართველოს მთავრობა – 2018 წლის სიახლეები

პრემიერ-მინისტრის შეხვედრა ეუთო-ს თავმჯდომარე ქვეყნის სპეციალურ წარმომადგენელთან სამხრეთ კავკასიაში ამოსაბეჭდი ვერსია

2018-10-24

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარე ქვეყნის სპეციალურ წარმომადგენელს სამხრეთ კავკასიაში, რუდოლფ მიხალკას შეხვდა.

მთავრობის მეთაურმა რუდოლფ მიხალკას, რომელიც აღნიშნულ თანამდებობაზე მიმდინარე წლის სექტემბერში დაინიშნა, მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა და ხაზი გაუსვა ეუთო-ს უმნიშვნელოვანეს როლს  ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებისა და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრების ფორმატებში.

აღინიშნა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში როგორც ადამიანის უფლებების, ისე ჰუმანიტარული და უსაფრთხოების კუთხით არსებული მძიმე ვითარება და დადებითად შეფასდა საქართველოს ურყევი ძალისხმევა კონფლიქტის მშვიდობიანი გზით დარეგულირების მიმართულებით.

საუბარი შეეხო სამშვიდობო ინიციატივას - „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ", რომელიც გამყოფი ხაზების გასწვრივ ვაჭრობის წახალისებას, გაფართოებას და გამარტივებას, აგრეთვე, ხარისხიანი განათლების მიღების დამატებითი შესაძლებლობების შექმნასა და ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები მოქალაქეებისათვის სხვადასხვა სიკეთეებსა და სარგებელზე ხელმისაწვდომობის ხელშეწყობას ისახავს მიზნად.

ყურადღება დაეთმო ეუთო-ს მინისტრთა საბჭოს შეხვედრას, რომელიც მიმდინარე წლის დეკემბერში მილანში გაიმართება. ითქვა, რომ საქართველო დიდად აფასებს საერთაშორისო საზოგადოების მტკიცე და კონსოლიდირებულ მხარდაჭერას ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებებისადმი.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას იტალიის, როგორც ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარე ქვეყნის ელჩი საქართველოში ანტონიო ენრიკო ბარტოლი ესწრებოდა. 

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური