საქართველოს მთავრობა – 2018 წლის სიახლეები

მამუკა ბახტაძე გენერალ სერ გარი ჯონსონს შეხვდა ამოსაბეჭდი ვერსია

2018-10-23

A

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე დიდი ბრიტანეთის მთავრობის მრჩეველს უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საკითხებში, გენერალ გარი ჯონსონს შეხვდა.

მთავრობის მეთაურმა ბრიტანეთის მთავრობის მრჩეველს უსაფრთხოების მიმართულებით საქართველოს ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა. პრემიერ-მინისტრმა ასევე ხაზი გაუსვა დიდი ბრიტანეთის კონტრიბუციას საქართველოში კრიზისების მართვის განვითარებისა და შესაბამისი პროფესიული ტრენინგების მიმართულებით.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს კრიზისების მართვის ცენტრს, როგორც ძლიერი კოორდინაციის მექანიზმს ყველა ტიპის კრიზისულ სიტუაციასთან გამკლავების პროცესში და აღინიშნა გენერალ ჯონსონის მხარდაჭერის როლი ამ სისტემის ჩამოყალიბებაში.

ყურადღება დაეთმო საქართველო-ბრიტანეთის ურთიერთობებს და ორ ქვეყანას შორის მიმდინარე მაღალი დონის სტრატეგიულ „უორდროპის დიალოგს".
შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს კონცეფციის ჩამოყალიბების პროცესზე, რომელიც საკონსტიტუციო რეფორმის შესაბამისად, პრემიერ-მინისტრის დაქვემდებარებაში არსებული მაკოორდინირებელი ორგანო იქნება. აღინიშნა, რომ ამ საკითხზე უწყებათაშორისი საბჭო აქტიურად მუშაობს და პროცესში საერთაშორისო პარტნიორების, ექსპერტების რჩევებსაწ და სამოქალაქო სექტორთან თანამშრომლობას დიდი მნიშვნელობა ენიჭება.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური