პრემიერ-მინისტრმა ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის საპატიო სტუმარი ქვეყნის - საქართველოს პავილიონი გახსნა ამოსაბეჭდი ვერსია

2018-10-09

---

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელ ფედერიკა მოგერინისა და ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის დირექტორ იურგენ ბოსთან ერთად ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის საპატიო სტუმარი ქვეყნის - საქართველოს პავილიონი გახსნა. 

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა სტუმრებს წარუდგინა უნიკალური ხელნაწერი "ვეფხისტყაოსანი", რომელიც საფრანგეთში მოღვაწე ცნობილმა ქართველმა მოქანდაკე გუჯი ამაშუკელმა მოჭედა. "ვეფხისტყაოსნის" სამუზეუმო ეგზემპლარი, რომელიც პრემიერის ინიციატივით, ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე ერთი დღით გამოიფინა, 2017-2018 წლებში, თბილისსა და პარიზში, მხატვრებისა და კალიგრაფების ჯგუფის მიერ შეიქმნა. ეროვნული მნიშვნელობის საგანძური, რომლის ჭედური ყდა დამზადებულია ვერცხლისგან და გამოყენებულია 20-მდე დასახელების ძვირფასი ქვა, ნიუ-იორკში, გაეროს არტკოლექციაში განთავსდება. 

პრემიერ-მინისტრმა საქართველოს პავილიონში სტუმრად მყოფ ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საჩუქრად გადასცა ქართული ანბანით შესრულებული წარწერა, ასევე - 5 ლარის ნომინალის ვერცხლის საკოლექციო მონეტა "ქართული წიგნი, რომელიც საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს საპატიო სტუმრის სტატუსით მონაწილეობას მიუძღვნა. 

მთავრობის მეთაურმა, მაღალი რანგის სტუმრებთან ერთად, ასევე დაათვალიერა "მაგნუმის" გამოფენა და დაესწრო ქართველი პიანისტის, ხატია ბუნიათიშვილის კონცერტს, რომელიც საქართველოს პავილიონის სტუმრებისთვის გაიმართა. 

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური