საქართველოს მთავრობა – 2018 წლის სიახლეები

მამუკა ბახტაძე ბიზნესასოციაციის წევრებს ახალი საგადასახადო და საბაჟო კოდექსის ფორმირების პროცესში აქტიური ჩართულობისაკენ მოუწოდებს ამოსაბეჭდი ვერსია

2018-10-03

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ბიზნესასოციაციის წევრებს ახალი საგადასახადო და საბაჟო კოდექსის ფორმირების პროცესში აქტიური ჩართულობისაკენ მოუწოდებს.

როგორც პრემიერ-მინისტრმა ბიზნესასოციაციის წევრებთან შეხვედრისას  განაცხადა, ახალი საბაჟო კოდექსი ელექტრონული საბაჟოს განვითარების იდეას ეფუძნება, დოკუმენტის პრეზენტაცია უკვე შედგა და მის განხილვაში მონაწილეობა ბიზნესწრეების წარმომადგენლებს ღიად შეუძლიათ.

„ჩვენ დაანონსებული გვაქვს და უკვე მოხდა პრეზენტაცია ახალი საბაჟო კოდექსის, რომელიც ელექტრონული საბაჟოს განვითარების იდეას ეფუძნება. ჩვენ ეს ღია პლატფორმაზე გვაქვს გაკეთებული და მინდა მოგიწოდოთ, რომ იყოთ ყველა აქტიურად ჩართულები. როგორც საგადასახადო, ასევე საბაჟო კოდექსი აუცილებლად უნდა იყოს კერძო სექტორის და სახელმწიფოს ძალიან ეფექტური მუშაობის პროდუქტი. ჩვენ ისიც დავაანონსეთ, რომ აუცილებლად შეიცვლება არსებული საგადასახადო კოდექსი და მისი განხილვაც მოხდება ღია პლატფორმაზე და კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, იყოთ აქტიურად ჩართულები. მახსოვს, ბიზნეს ასოციაციას ჰქონდა ძალიან კონკრეტული შენიშვნები ძველ რედაქციასთან და აქედან გამომდინარე თქვენი კონტრიბუცია ამ საკითხში არის ძალიან მნიშვნელოვანი", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური