საქართველოს მთავრობა – 2018 წლის სიახლეები

საქართველოს პრემიერ-მინისტრს რუმინეთის პრეზიდენტმა ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისადმი მხარდაჭერა დაუდასტურა ამოსაბეჭდი ვერსია

2018-09-27

1 

რუმინეთი საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდამჭერია და ამ მიმართულებით ძალისხმევას მომავალშიც განაგრძობს, - ამის შესახებ რუმინეთის პრეზიდენტმა კლაუს იოანისმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან შეხვედრისას განაცხადა.

საქართველოს მთავრობის მეთაურმა განსაკუთრებით აღნიშნა რუმინეთის, როგორც ევროკავშირის საბჭოს მომავალი თავმჯდომარე ქვეყნის მხარდაჭერის როლი, ასევე მადლობა გადაუხადა რუმინელ კოლეგას ევროკავშირის მონიტორინგის მისიაში ყველაზე მსხვილი კონტრიბუციისთვის.

საუბარი შეეხო ნატოს ბრიუსელის სამიტის შედეგებს და სამომავლო პერსპექტივებს.

მხარეებმა პოზიტიურად შეაფასეს ორ ქვეყანას შორის არსებული პარტნიორობა და სავაჭრო ბრუნვის ზრდის დინამიკა, ასევე ყურადღება გაამახვილეს ამ მიმართულებით არსებულ კიდევ უფრო დიდ პოტენციალზე.

აღინიშნა სატრანსპორტო, მათ შორის საბორნე მიმოსვლის კუთხით თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობა, რამდენადაც საქართველო არის კარიბჭე ზღვაზე გასასვლელის არმქონე ქვეყნებისთვის და ხაზი გაესვა ამ შესაზლებლობის მაქსიმალურად გამოყენების აუცილებლობას.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური