საქართველოს მთავრობა – 2018 წლის სიახლეები

მამუკა ბახტაძე - კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების ერთადერთი წინაპირობაა ძლიერი ეკონომიკა და მტკიცე დემოკრატია, რომელშიც ყველას აქვს თავისი პოტენციალის რეალიზების შესაძლებლობა ამოსაბეჭდი ვერსია

2018-09-11

ჩვენ გვჯერა, რომ კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების ერთადერთი წინაპირობა არის ძლიერი ეკონომიკა და მტკიცე დემოკრატია, რომელშიც ყველას აქვს თავისი პოტენციალის რეალიზების შესაძლებლობა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მაკკეინის ინსტიტუტის და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის თბილისის საერთაშორისო კონფერენციაზე განაცხადა.

კითხვაზე, რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის 20%-ის ოკუპაციის გათვალისწინებით, რა პირობები უნდა იყოს სახეზე ტერიტორიების დასაბრუნებლად, პრემიერმა ასევე ისაუბრა ახალ სამშვიდობო ინიციატივაზე - „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ", რომელსაც რუსეთი აქტიურად ეწინააღმდეგება.

„საქართველოს ტერიტორიის 20% დღესაც ოკუპირებულია რუსეთის მიერ. სიტუაცია ძალიან მტკივნეულია - ეს არის ჰუმანიტარული კატასტროფა. ცხინვალის რეგიონში ომამდე მოსახლეობის რაოდენობა იყო 120 ათასი ადამიანი, დღეს, სამწუხაროდ, ამ რეგიონში არ არის დარჩენილი 20 ათას ადამიანზე მეტი. აქედან 7 ათასი რუსეთის ჯარის სამხედრო მოსამსახურეა. აფხაზეთშიც, სამწუხაროდ, იგივე სიტუაცია გვაქვს - ომის პერიოდამდე მოსახლეობა იყო 550 ათასი, დღეს, სამწუხაროდ, 120 ათას ადამიანზე მეტი არ ცხოვრობს ამ ტერიტორიაზე. ძალიან მტკივნეული ვითარებაა. ამ კატასტროფის დასაძლევად ჩვენ წამოვაყენეთ ახალი ინიციატივა „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ", რომელიც ითვალისწინებს განათლებაზე, ჯანდაცვაზე და კომერციულ საქმიანობაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას. რასაკვირველია, რუსეთი აქტიურად უწევს წინააღმდეგობას ჩვენს სამშვიდობო ინიციატივებს. საუკეთესო პასუხი ამაზე კი მდგომარეობს ძლიერი ევროპული დემოკრატიის მშენებლობაში, რასაც ჩვენ ძალიან წარმატებით ვახორციელებთ. ვიმეორებ, რომ ჩვენ არ გვაქვს არავითარი ილუზიები. ეს გზა გამოწვევებით არის აღსავსე, მაგრამ ჩვენ მტკიცედ მივყვებით არჩეულ გზას", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მთავრობის მეთაურის თქმით, არ არსებობს არავითარი ეთნიკური კონფლიქტები, ეს მხოლოდ რუსული პროპაგანდაა; ადამიანებს შორის კონტაქტები კი სულ უფრო უმჯობესდება.

„აქ საუბარია რუსეთთან კონფლიქტზე. იმ პირობით, რომ საქართველო გააგრძელებს დემოკრატიისა და კონკურენტული ეკონომიკის მშენებლობას, ჩვენ წარმატებით გადავჭრით კონფლიქტს. მაგრამ ამისთვის გვჭირდება ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერა რუსეთთან მაღალი რანგის შეხვედრების თვალსაზრისით, რადგანაც დიალოგი უალტერნატივოა და საქართველოს კონფლიქტების მოგვარების საკითხი დღის წესრიგში დგას. სწორედ აშშ-ის და ევროპის ინტერესებშია რუსეთის დარწმუნება, რომ მსოფლიოს ამ კუთხეში აუცილებელია მშვიდობის უზრუნველყოფა. მაგალითად მოვიყვან ნორვეგიას. როდესაც ნორვეგიამ გადაწყვიტა ნატოში გაწევრიანება, რუსეთი, რასაკვირველია, უკმაყოფილო იყო ამით. მიუხედავად ამისა, ამ გადაწყვეტილების წყალობით, სკანდინავია იქცა ერთ-ერთ წამყვან ეკონომიკად მსოფლიოში. რუსეთის ინტერესებშიც შედის მშვიდობიანი და აყვავებული კავკასიის მშენებლობა. მეორეს მხრივ, ჩვენ არ გვაქვს არავითარი ილუზიები. ჩვენ გვჭირდება ხელისუფლების, ოპოზიციის, მედიის, ჩვენი მეგობრების ჩართულობა, რათა ერთად დავძლიოთ ეს გამოწვევები",- განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

Financial Time-ის მთავარი რედაქტორის ედვარდ ლუსის კითხვას, რეალისტურად რამდენად შესაძლებელია საერთო ენის გამონახვა რუსეთთან პუტინის მმართველობის პირობებში, პრემიერ-მინისტრმა უპასუხა, რომ საქართველოს მთავრობას თავისი ხედვა, სტრატეგია და ღირებულებები აქვს.

„ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს აქვთ თავიანთი ხედვა საქართველოსთან დაკავშირებით და ჩვენ საერთო ღირებულებები გვაერთიანებს. ეს იქნება ძალიან რთული პროცესი და მე პირადად არ მაქვს არავითარი ილუზიები. მეორეს მხრივ, ისტორიული გამოცდილებიდან ვიცით, რომ რუსეთი ხშირად ეწინააღმდეგება პროგრესს, გლობალურ ტენდენციებს. ჩვენ კი 21-ე საუკუნეში, გლობალურ სამყაროში და ეკონომიკაში ვცხოვრობთ. რასაკვირველია, მჯერა, რომ ახლო მომავალში ეს შესაძლებელი იქნება, რადგან სხვა ალტერნატივა არ არსებობს, თავად რუსეთისთვისაც კი. ყველას სჭირდება ჩართულობა. ჩვენს დასავლელ პარტნიორებს აქვთ მკაფიო აზრი რუსეთის მიზნებთან დაკავშირებით, საიდანაც მომდინარეობს ეს ტენდენცია: კონფლიქტები საქართველოში, მოლდოვაში, უკრაინაში, ყარაბაღში... ასე რომ, ეს არის რუსეთის ტაქტიკა. მეორეს მხრივ, დასავლეთის საზოგადოების კონსოლიდაცია უზრუნველყოფს მეტ მხარდაჭერას ამ გამოწვევის დასაძლევად. ასევე გასათვალისწინებელია საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობა. ესაა სამკუთხედი (რუსეთი და ირანი) და ჩვენ ვართ ცივილიზაციების გზაგასაყარზე. ამ გამოცდილებამ საქართველოს შეჰმატა სიმტკიცე. ამ 2 ფაქტორის კომბინაცია - დასავლეთის საზოგადოების კონსოლიდაცია და ჩვენი ერის სიმტკიცე და ყველა დაინტერესებული მხარის ჩართულობა საკმარისია, რათა დავძლიოთ ეს გამოწვევა და მივაღწიოთ კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებას. თუკი ადამიანებს შორის ურთიერთობები სათანადო დონეზეა, მაშინ სახეზეა კარგი საფუძველი კონფლიქტის მოსაგვარებლად. მეორეს მხრივ, ამისთვის საჭიროა პოლიტიკური ნება და მკაფიოდ ჩამოყალიბებული სტრატეგია დასავლელი პარტნიორების მხრიდან. ეს ერთ დღეში ვერა, მაგრამ ნამდვილად მოხდება", - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური