საქართველოს მთავრობა – 2018 წლის სიახლეები

მამუკა ბახტაძე - ჩვენი მთავარი მიზანია, ბახმარო გახდეს საერთაშორისო დონის კურორტი და იყოს  ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი ღირსშესანიშნაობა ამოსაბეჭდი ვერსია

2018-08-19

  2

ჩვენი მთავარი მიზანია, ბახმარო გახდეს საერთაშორისო დონის კურორტი და იყოს  ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი ღირსშესანიშნაობა, საქართველოს სიამაყე და ამავდროულად, ძალიან  მნიშვნელოვანი შემოსავლის წყარო ადგილობრივი მოსახლეობისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ბახმაროში, ფერისცვალებასთან დაკავშირებულ საზეიმო  ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. 

მთავრობის მეთაურმა ყველას მიულოცა ფერისცვალების დღესასწაული და აღნიშნა, რომ ბახმაროში არსებული ორი ძირითადი პრობლემა - ელექტროენერგიითა და წყლით მომარაგება უმოკლეს ვადაში გადაიჭრება. 

"ამასთან ერთად, ბახმაროს განვითარების გენერალური გეგმა გაითვალისწინებს იმას, რომ ბახმაროში ჩვენ გვქონდეს ფაქტობრივად ოთხსეზონიანი კურორტი, განაშენიანება იყოს ტიპური და არა ქაოსური, რაც, სამწუხაროდ, საქართველოს რამდენიმე კურორტზე მოხდა. ამასთან ერთად, ავიყვანთ ავსტრიელ ექსპერტებს, რომ მოხდეს განვითარების გეგმის ექსპერტიზა, რათა საუკეთესო ევროპული გამოცდილების მიხედვით დავაპროექტოთ  ეს კურორტი და ვაქციოთ საქართველოს ერთ-ერთ მარგალიტად", - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა. 

მამუკა ბახტაძემ წარმატებები უსურვა მოჯირითეებს, რომელთა ტრადიციული შეჯიბრი ამ დღეს იმართება. 

"საამაყოა დღეს თქვენთან ერთად ყოფნა ამ უნიკალურ ბუნებაში. ჯერ კიდევ მე-20 საუკუნის დასაწყისში, გურულებმა თავისი ჯირითით ამერიკის შეერთებულ შტატებში განაცვიფრეს ხალხი და ძალიან საამაყოა, რომ დღეს ეს კულტურა და ტრადიცია ასეთ დონეზეა შემორჩენილი. ამ ყველაფერს კიდევ უფრო გაღრმავება სჭირდება. ჩემი აზრით, გურულ ხასიათთან ყველაზე ახლოს სწორედ ცხენოსნობაა. აქ ჩანს ის ენერგია და სიცოცხლისადმი სიყვარული, რომელიც ამ ლამაზ კუთხეს ახასიათებს", - აღნიშნა მთავრობის მეთაურმა. 

პრემიერ-მინისტრი დღესვე მუსიკალური ფესტივალის Sunset-ის სამზადისს გაეცნო, რომელიც Check in Georgia-ს ფარგლებში ბახმაროში პირველად იმართება. 

 

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური