საქართველოს მთავრობა – 2018 წლის სიახლეები

OPIC-ის დელეგაცია საქართველოში მიმდინარე რეფორმებსა და არსებულ საინვესტიციო გარემოს დადებითად აფასებს ამოსაბეჭდი ვერსია

2018-08-15

1 

OPIC-ი საქართველოში ინვესტიციების გაფართოებას გეგმავს, - ამის შესახებ კორპორაციის წარმომადგენლებმა დღეს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან შეხვედრისას განაცხადეს.

დელეგაცია, რომელსაც OPIC-ის აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი ხელმძღვანელობს, დადებითად შეაფასა საქართველოში მიმდინარე რეფორმები და აღნიშნა, რომ ქვეყანაში ხელსაყრელი საინვესტიციო გარემოა შექმნილი.

კორპორაციის წარმომადგენლების მხრიდან გამოითქვა სურვილი, რომ კიდევ უფრო გაფართოვდეს მათი ინვესტიციები საქართველოში.

OPIC-ი ინვესტიციების განხორციელებას განათლების, ინფრასტრუქტურის, ლოგისტიკის სფეროში გეგმავს.

ხაზი გაესვა, რომ OPIC-ის ინვესტიციების მოცულობა საქართველოში გაცილებით დიდია სხვა ქვეყნებთან შედარებით.

პრემიერ-მინისტრსა და OPIC-ის აღმასრულებელ ვიცე-პრეზიდენტს შორის გამართულ შეხვედრას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია, საქართველოს ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გიორგი ჩერქეზიშვილი ესწრებოდნენ.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური