საქართველოს მთავრობა – 2018 წლის სიახლეები

საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტის განცხადებები მედიისთვის ამოსაბეჭდი ვერსია

2018-07-19

2

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე:

დიდი მადლობა, თქვენო აღმატებულებავ!
პირველ რიგში, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტუსკს ძალიან თბილი მიღებისთვის. ჩვენ ნამდვილად ვაფასებთ ევროკავშირის მხარდაჭერას და პირადად თქვენს წვლილს საქართველის ევროინტეგრაციის პროცესის წინსვლაში, უნდა აღვნიშნო, რომ საქართველო მყარად დგას ამ გზაზე. სწორედ ამ მიზეზის გამო, ლოგიკურია, რომ უცხოეთში ჩემი პირველი სამუშაო ვიზიტის ადგილი ბრიუსელია.

შეხვედრის დროს ჩვენ შესაძლებლობა გვქონდა შეგვეფასებინა ჩვენი ერთობლივი დღის წესრიგის თვალსაზრისით არსებული მიღწევები და განგვეხილა ურთიერთობების და თანამშრომლობის გაღრმავების შემდგომი პერსპექტივები.

ასოცირების შეთანხმებით, მათ შორის, ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებით, ჩვენ განვახორციელეთ ჩვენი საკანონმდებლო და ინსტიტუციური სისტემის რეკონსტრუქცია ევროკავშირის ნორმებთან და სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანით. ამან მოახდინა მთავრობის მიერ რეფორმების მცდელობების კონსოლიდირება დემოკრატიის, კარგი მმართველობის, კანონის უზენაესობის და სტაბილურობის განმტკიცების მიმართულებით.

ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების მეშვეობით ჩვენ ვახდენდით ჩვენი ეკონომიკის მოდერნიზებას და მის თანდათანობით ინტეგრირებას ევროკავშირის ბაზართან. რეფორმების შედეგად ევროკავშირთან ვაჭრობა არსებითად გაიზარდა, რაც ევროკავშირს ჩვენს უდიდეს სავაჭრო პარტნიორად აქცევს; ჩვენ სწრაფად ვაუმჯობესებთ ჩვენს პოზიციებს საერთაშორისო რეიტინგებში და ვქმნით უკეთეს საინვესტიციო და ბიზნეს-კლიმატს. უვიზო მიმოსვლის რეჟიმმა საქართველოს მოქალაქეებს პირდაპირი ხელშესახები შედეგები მოუტანა. მან ხელი შეუწყო ბიზნესის წარმოებას, კიდევ უფრო გააძლიერა აკადემიური, ტურისტული და კულტურული კავშირები ჩვენს ხალხებს შორის. ეს მიღწევები დაკავშირებულია პასუხისმგებლობებთან, რომლებსაც ჩვენ სრულად ვიზიარებთ.

განსაკუთრებით უნდა აღვნიშნო ევროკავშირის განსაკუთრებული როლი საქართველოში მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშეწყობის თვალსაზრისით, მონიტორინგის მისიის მეშვეობით, ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის შუამავლობით ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში, ასევე აქტიური არაღიარების და ჩართულობის პოლიტიკის განხორციელებით. ნება მომეცით, გამოვხატო ჩვენი ღრმა მადლიერება ევროკავშირის მონიტორინგის მისიის მანდატის გახანგრძლივების გამო. 

სამწუხაროდ, 2008 წლის აგვისტოს ომიდან 10 წლის შემდეგ, რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია და ფაქტობრივი ანექსია კვლავ გრძელდება, რაც აუარესებს უსაფრთხოებასა და ადამიანის უფლებების დაცვის მდგომარეობას იმ ადამიანებისთვის, რომლებზეც გავლენა მოხდინა კონფლიქტმა. ამ ვითარებაში, ევროკავშირის და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მყარი პოზიცია რუსეთის უკანონო პოლიტიკასთან დაკავშირებით და მათი ეფექტიანი ჩართულობა მნიშვნელოვან გავლენას ახდენს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველყოფაზე.

მაშინ, როდესაც მყარად ერთგულნი ვართ სამშვიდობო პოლიტიკის, საქართველოს მთავრობა ახორციელებს კონკრეტულ მცდელობებს შერიგების და ნდობის აღდგენისთვის, რაც გაწერილია ჩვენს ახალ სამშვიდობო ინიციატივაში „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ".

ამავე დროს, საქართველო რჩება ევროკავშირის საიმედო მოკავშირედ - ჩვენ ვამაყობთ, რომ ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან ერთად საკუთარი წვლილი შეგვაქვს  ევროკავშირის მიერ განხორციელებულ სამშვიდობო და სტაბილურობის მისიებში მსოფლიოს მასშტაბით. ევროკავშირთან სტრატეგიული უსაფრთხოების დიალოგი კიდევ ერთი დადასტურებაა იმისა, რომ საქართველო და ევროკავშირი იზიარებენ საერთო ინტერესებს საერთო გამოწვევებზე რეაგირებისას.

დღეს, როგორც არასდროს, მოტივირებულნი ვართ, რომ გავაკეთოთ უფრო მეტი და წავიდეთ უფრო შორს ევროინტეგრაციის გზაზე. ახალი, მოტივირებული მთავრობის არსებობის პირობებში, ჩვენ ვაპირებთ, რომ უზრუნველვყოთ ახალი დინამიკა, რაც გააუმჯობესებს საქართველოს ეკონომიკურ მოდერნიზაციას და დემოკრატიულ ტრანსფორმაციას. მსურს, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტუსკს იმისთვის, რაც ბრძანა - რომ სრულად უჭერს მხარს ჩვენს ეკონომიკურ პროგრამას, რათა პოლიტიკა უფრო ინკლუზიური ეკონომიკური ზრდისკენ მივმართოთ.

სწორედ ამ მიზეზის გამო, ერთობლივი ინიციატივის სახით შევიმუშავებთ საგზაო რუკას, რომლის მიზანია საქართველოს ევროკავშირთან კიდევ უფრო დაახლოება და ახალი შესაძლებლობების შექმნა ევროკავშირთან უფრო მეტად ინტეგრაციისთვის.

პრეზიდენტო ტუსკ, ჩვენ ვაფასებთ თქვენს მეგობრობას და რომ განვაზოგადოთ - ევროკავშირის მეგობრობას და საქართველოსთვის მხარდაჭერას. ჩვენი არსებული ურთიერთობების სოლიდური ბაზის პირობებში ჩვენ ვცდილობთ ახალი შესაძლებლობების მოძიებას და მუშაობას, რათა კიდევ უფრო გაძლიერდეს საქართველოსა და ევროკავშირს შორის არსებული კავშირები.   
დიდი მადლობა!


ევროპული საბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკი:

დიდი სიხარულით მივესალმები საქართველოს პრემიერ მინისტრს, ბატონ მამუკა ბახტაძეს ბრიუსელში და ვულოცავ მთავრობის მეთაურის პოზიციაზე დანიშვნას!

 მადლობა, ბატონო პრემიერ-მინისტრო ამ არჩევანისთვის. ბრიუსელში შედგა თქვენი ერთ-ერთი პირველი თუ სულაც პირველი საგარეო ვიზიტი ამ რანგში. ეს ძალიან სიმბოლურია და უდავოდ ვაფასებთ ამ გადაწყვეტილებას.

უპირველეს ყოვლისა, სამძიმარი მინდა გამოვუცხადო ტყიბულის მაღაროში დაღუპულთა ოჯახებს და დაშავებულებს კი, სწრაფი გამოჯანმრთელება ვუსურვო.

ევროპის კავშირი და საქართველო ახლო მეგობრები და პარტნიორები არიან. პრემიერ-მინისტრმა და მე შეხვედრაზე კვლავ დავადასტურეთ მზადყოფნა ამბიციური ასოცირების შეთანხმების საფუძველზე ეკონომიკური თანამშრომლობის შემდგომი გაგრძელებისა  და ყოველივე ამაში ვითვალისწინებთ ევროკავშირთან საქართველოს პოლიტიკური ასოცირების და  ეკონომიკური ინტეგრაციის სტრატეგიულ მნიშვნელობას.

ევროკავშირი რჩება საქართველოს წარმატებული რეფორმების პროცესის ძლიერი მხარდამჭერი. ჩვენ შევთანხმდით ამ ძალისხმევის გაგრძელების საჭიროებაზე. ასევე, ძალიან დამაინტერესა და განვიხილეთ რეგიონში არსებული სიტუაცია. საქართველო გამოწვევებით აღსავსე სამეზობლოში იმყოფება და გადამწყვეტ როლს ასრულებს ურთიერთობათა დალაგების, ხელშეწყობისა და „ხიდების აგების" სფეროში.

ევროკავშირი აფასებს ამ კუთხით საქართველოს ძალისხმევას და ველით თქვენთან მუშაობის გაგრძელებას რეგიონში სტაბილურობის, უსაფრთხოებისა და განვითარების ხელშეწყობის მიზნით.

ასევე, ძალიან ვაფასებთ საქართველოს კონსტრუქციულ როლს „აღმოსავლეთ პარტნიორობის" ფორმატში, ისევე როგორც ევროპული და ტრანს-ატლანტიკური მისიების ფარგლებში უსაფრთხოების უზრუნველყოფის გამო.

წელს, 10 წლისთავი აღინიშნება 2008 წლის აგვისტოს ომიდან საქართველოსა და რუსეთს შორის. მინდა, ევროკავშირის ურყევი მხარდაჭერა აღგითქვათ ქვეყნის სუვერენიტეტისა და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ გასული 10 წლის განმავლობაში საქართველომ წარმატებით მოახერხა დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება და აყვავებული ეკონომიკის შექმნა.

ევროპის კავშირი გააგრძელებს ქვეყნის მხარდაჭერას, მისი გამძლეობის და შესაძლებლობათა გაძლიერების მიზნით, რათა კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტა იქნას მიღწეული.

ამ კონტექსტში მივესალმები საქართველოს ინიციატივას „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ", რომელიც ახალ სავაჭრო და საგანმანათლებლო შესაძლებლობებს სთავაზობს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში მცხოვრებ ადამიანებს.

მზად ვართ ამ პროგრამის განხორციელებაში შემდგომი დახმარება აღმოგიჩინოთ.

ბატონო პრემიერ-მინისტრო, დიდი წარმატება მინდა გისურვოთ დაკავებულ თანამდებობაზე და გულმხურვალედ ველი თქვენთან თანამშრომლობას.