საქართველოს მთავრობა – 2018 წლის სიახლეები

სამთავრობო პროგრამის წარდგენა ამოსაბეჭდი ვერსია

2018-07-14

2

მოგესალმებით, პატივცემულო პარლამენტის თავმჯდომარევ,
მოგესალმებით პარლამენტის წევრებო,
როგორც მოგეხსენებათ, სამთავრობო პროგრამა არის მხარდაჭერილი და სტრუქტურულ ცვლილებებთან დაკავშირებითაც უმრავლესობამ უკვე მკაფიოდ გამოხატა და დააფიქსირა მხარდაჭერა, რისთვისაც კიდევ ერთხელ მსურს, მადლობა გადაგიხადოთ.
ჩვენ ყველა მიმართულებით გავატარებთ ძირეულ და ინოვაციურ რეფორმებს. ამ რეფორმების შედეგად მივიღებთ ეკონომიკის ისეთ მოდელს, ისეთი სამართლიანი თამაშის წესების გამოყენებით, რომელიც აისახება თითოეულ ქართულ ოჯახზე, ჩვენს თითოეულ მოქალაქეზე. შედეგად დავძლევთ სიღარიბეს და ჩამორჩენას დემოკრატიის მაღალ სტანდარტსა და ეკონომიკურ მდგომარეობას შორის.
როგორც უკვე განვაცხადე, ჩვენ გვჭირდება მცირე, მაგრამ ამავე დროს ეფექტიანი, ოპერატიული და მოქნილი ბიუროკრატია; სამთავრობო ინსტიტუტები, რომლებიც მოქმედებენ გამჭვირვალობის მაღალი სტანდარტით და რომლებზეც ხორციელდება საზოგადოებრივი და ინსტიტუციური კონტროლი, მათ შორის, ანტიკორუფციული ხაზითაც.
განათლება, ახალგაზრდობა და ინოვაცია - სწორედ განათლებული, მოტივირებული, სამეწარმეო სულისკვეთებით აღსავსე, საკუთარ ძალებში და მოტივაციაში დარწმუნებული ახალგაზრდობა იქნება შემოქმედი იმ მთავარი შედეგისა, რომელიც საქართველო შეიყვანს განვითარებული და ინოვაციური ეკონომიკის მქონე ქვეყანათა რიგში. შესაბამისად, განათლების სექტორში ძირეული რეფორმა და მასშტაბური ინვესტიცია იქნება აბსოლუტური პრიორიტეტი. ამ რეფორმასთან დაკავშირებით, ჩვენ შემოდგომაზე წარვდგებით ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივათა პაკეტით.
"ქართული ოცნების" მთავარი ფასეულობა იყო, არის და იქნება ადამიანი. შესაბამისად, ყველა ძალისხმევა თუ ინიციატივა ორიენტირებული იქნება სწორედ ადამიანზე, მოქალაქეზე, მისი თავისუფლებისა და ღირსების დაცვაზე, საკუთარ ქვეყანაში კეთილდღეობისა და თვითრეალიზაციის ფართო შესაძლებლობების მიცემაზე.
აღნიშნული პრინციპები იქნება ლაიტმოტივი მომდევნო ორი წლის განმავლობაში ჩვენს მიერ გადადგმული ყველა ნაბიჯისა და ყველა რეფორმის განხორციელების პროცესში.
ევროკავშირში სრულფასოვანი ინტეგრაციის მიზნით, მთავრობა გამოიყენებს ევროკავშირთან თანამშრომლობის ყველა არსებულ მექანიზმს. ევროკავშირში ინტეგრაციის დღის წესრიგი დაეფუძნება საგზაო რუკას, რომელიც განსაზღვრავს კონკრეტულ მიმართულებებსა და ძირითად პრიორიტეტებს და ამგვარად უზრუნველყოფს ევროინტეგრაციის პროცესის მეტ სისტემურობას, თანმიმდევრულობას, პროგნოზირებადობასა და გამჭვირვალობას. ჩვენ უფრო სწრაფი ტემპებით შევასრულებთ ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ყველა ვალდებულება, რის შედეგადაც, ჩვენი კულტურისა და თვითმყოფადობის შენარჩუნების პარალელურად დავუბრუნდებით ჩვენს ისტორიულ ოჯახს.
ნატოში სრულფასოვანი ინტეგრაცია საქართველოს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის უმნიშვნელოვანესი ამოცანაა და წარმოადგენს სასიცოცხლო მნიშვნელობის ფაქტორს ქვეყნის უსაფრთხოების ქვეყნის უსაფრთხოების განმტკიცებისა და სტაბილური განვითარებისთვის.
ჩვენი უმთავრესი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტია საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ურღვევობისა და სუვერენიტეტის განმტკიცება, ქვეყნის დეოკუპაცია და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. ჩვენ გავაგრძელებთ კონსტრუქციულ და აქტიურ მონაწილეობას ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში, რომელიც წარმოადგენს უმნიშვნელოვანეს ფორმატს საქართველოსთვის და ჩვენი ტერიტორიების დეოკუპაციისთვის მთავარ სტრატეგიულ ხაზს და მიმართულებას. პროაქტიურად გაგრძელდება მუშაობა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მანდატის საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე სრულად განხორციელების უზრუნველსაყოფად. ასევე საერთაშორისო არენაზე არაღიარების პოლიტიკის შემდგომ განვითარებისა და განმტკიცებისთვის.
ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია საზღვარგარეთ მყოფ ჩვენს თანამემამულეებზე ზრუნვა, შესაბამისად, მთავრობა ხელს შეუწყობს თანამემამულეებისა და დიასპორული ორგანიზაციების საერთო ინტერესების განხორციელებას, ეროვნული იდენტობისა და კულტურული თვითმყოფადობის შენარჩუნებას. ამ მიმართულებაში პრიორიტეტული როლი მიენიჭება ქართული ენის შესწავლის კურსებს და ამ მხრივ ჩვენ ძალიან მასშტაბურ აქტივობებს ვგეგმავთ.
როგორც უკვე აღვნიშნე, ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია გულისხმობს ჰარმონიზაციას ყველა მიმართულებით, მათ შორის, რა თქმა უნდა ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის თვალსაზრისითაც. არსებული ჰიბრიდული გამოწვევებიდან გამომდინარე, ჩვენი მიზანია, ჩამოვაყალიბოთ მაღალი საბრძოლო მზადყოფნის, ტერიტორიული თავდაცვისა და შეკავების ამოცანების განხორციელების მდგრადი უნარებითა და შესაძლებლობებით აღჭურვილი, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ძალებთან სრულად თავსებადი, მობილური და ეფექტიანი შეიარაღებული ძალები. ჩვენ აქ ყურადღებას რამდენიმე მნიშვნელოვან მიმართულებაზე გავამახვილებთ. პირველ რიგში ეს გახლავთ „ტოტალური თავდაცვის" კონცეფცია, რომელზეც 3 კვირის წინ დეტალურად ვისაუბრე; ეს გახლავთ სამხედრო რეზერვის ჩამოყალიბება, რომლის საპილოტე პროექტი მიმდინარე წელს დაიწყება; რა თქმა უნდა, სამხედრო-სამრეწველო კომპლექსი, სადაც ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი პოტენციალი და მას სჭირდება გამოყენება. ჩვენს მიერ უკვე მიღებულია გადაწყვეტილება, რომლის შესაბამისად თავდაცვის სამინისტროს დაფინანსება ყოველწლიურად იქნება განსაზღვრული ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 2%-ის ოდენობით. ამასთან ერთად, შემოდგომაზე ჩვენ აუცილებლად გამოვალთ ახალი საკანონმდებლო ინიციატივით, რომლის მიხედვითაც ჩამოყალიბდება მაკოორდინირებელი უწყება უშიშროების საბჭოს სახით.
ჩვენი ქვეყნის მომავალი განვითარება დაეფუძნება ყველა სექტორული მიმართულებით ძირეულ და ინოვაციურ რეფორმებს, რომლის შედეგადაც მივიღებთ ეფექტურ საკანონმდებლო ჩარჩოს და ინსტიტუციებსა და რეალურ ეკონომიკას შორის ურთიერთობის მნიშვნელოვან სინერგიას. ინკლუზიური ეკონომიკური ზრდა არის მთავრობის ეკონომიკის მთავარი პრიორიტეტი, რაც გულისხმობს მოსახლეობის საყოველთაო ჩართულობას ეკონომიკური განვითარების პროცესში. მთავრობა მიზნად ისახავს ისეთი ეკონომიკური მოდელის დანერგვას, რომლის პირობებში ეკონომიკური ზრდის პარალელურად იზრდება ეკონომიკურ შესაძლებლობებზე თანაბარი ხელმისაწვდომობა, მცირდება უმუშევრობა და სიღარიბე. მაღალი ეკონომიკური ზრდის უზრუნველსაყოფად, მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკა მიმართული იქნება პირდაპირი უცხოური ინვესტიციების, განსაკუთრებით კი მაღალტექნოლოგიური პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვაზე ქვეყანაში, რაც გააუმჯობესებს ეკონომიკის სტრუქტურის ხარისხობრივ მაჩვენებლებს და ზოგადად გაზრდის ჩვენი ქვეყნის კონკურენტუნარიანობას გლობალურ ბაზარზე. ჩვენ გვაქვს საკმაოდ ამბიციური მიზანი - მივაღწიოთ სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს, რაც შესაძლებელს ხდის, ხელი შევუწყოთ ქვეყანაში საერთაშორისო მსხვილი საერთაშორისო ფონდების ინვესტიციების განხორციელებას და უზრუნველყოფს შედარებით იაფ ფინანსურ რესურსზე წვდომას, მათ შორის განსაკუთრებით კერძო სექტორისთვის. ეს მნიშვნელოვნად გაზრდის ქვეყნის მიმზიდველობას პირდაპირი უცხოური ინვესტიციებისთვის. ამისთვის ჩვენ გვაქვს მომზადებული კონკრეტული ღონისძიებები და საგზაო რუკა და ეს უნდა იყოს ჩვენი ქვეყნის ამოსავალი წევრები. ჩვენი რეფორმები ორიენტირებული იქნება იმაზე, რომ მივაღწიოთ ამ საინვესტიციო რეიტინგს. ეს თვისობრივად და ხარისხობრივად გაზრდის ჩვენი ქვეყნის კონკურენტუნარიანობას.

გარდა ქვეყნის სუვერენული რეიტინგისა, ჩვენი მიზანია საქართველო მოხვდეს ყველა ძირითადი ავტორიტეტული რეიტინგის ათეულში. სწორედ ამიტომ, საქართველოს მთავრობა აქტიურად გააგრძელებს რეფორმების ციკლს და საერთაშორისო რეიტინგებში ქვეყნის პოზიციების გაუმჯობესების თვალსაზრისით შეიმუშავებს შესაბამის სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმას, რომლის განხორციელება ხელს შეუწყობს მთავრობის პოლიტიკის ეფექტიანობის ზრდას ყველა მიმართულებით და შესაბამისად უზრუნველყოფს საზოგადეობის კეთილდღეობის გაუმჯობესებასა და მიღწეული შედეგების პოზიტიურ ასახვას საერთაშორისო რეიტინგებში.
ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში წამყვანი როლი დღესაც კერძო სექტორს უჭირავს და მომავალში კერძო სექტორის ადგილი კიდევ უფრო მეტად უნდა გაიზარდოს. ამიტომ, ჩვენი პრიორიტეტია ბიზნესგარემოს კიდევ უფრო გაუმჯობესება, რის მისაღწევადაც დაგეგმილი გვაქვს არაერთი მნიშვნელოვანი რეფორმა, კერძოდ, თქვენ იცით, რომ ხორციელდება დღგ-ს სწრაფი დაბრუნების სისტემა, რომელიც წლის ბოლომდე ავტომატურ რეჟიმში დააბრუნებს დღგ-ს ზედმეტობას, რაც მნიშვნელოვნად გააჯანსაღებს ბიზნესგარემოს. 2018-2020 წლებში მილიარდ-ნახევარ ლარზე მეტი დაუბრუნდება ბიზნესს. 2018 წლის მიმდინარე პერიოდში ბიზნესსექტორს უკვე დაუბრუნდა 200 მილიონ ლარზე მეტი.
ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობის მიზნით დაწესდება მნიშვნელოვანი შეღავათები. ჩვენ გვაქვს ეკონომიკაში სექტორები, სადაც გვქონდა ასიმეტრიული რეგულაციები, რომელმაც გამოიწვია უსამართლო თამაშის წესები და ჩვენ ყველა ასეთ სექტორში აღმოვფხვრით უთანასწორობას. ჩვენ მთავრობის სხდომაზე მივიღეთ გადაწყვეტილება და გავათავისუფლეთ დღგ-სგან ნატურალური რძე, მათ შორის რძის პროდუქტები, რომლიც დამზადდება ნატურალური რძისგან. ჩვენ ვგეგმავთ ამ მიდგომის გამოყენებას ბიოწარმოებაზეც. ამასთან ერთად, შემოდგომაზე შემოვა მნიშვნელოვანი ინიციატივა, რომელიც გულისხმობს იმავე მიდგომის გამოყენებას ფარმაცევტულ სექტორში. დღეს ჩვენი მოსახლეობის ხარჯების მნიშვნელოვანი ნაწილი სწორედ მოდის წამლების შესყიდვაზე, ფარმაციაზე. აქედან გამომდინარე, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში ეს სექტორი იყოს განვითარებული, იყოს მაღალი კონკურენცია და შედეგი - დაბალი და მისაღები ფასები. მნიშვნელოვან პრობლემად და ბიზნესის წარმოებისთვის შემაფერხებელ გარემოებად რჩებოდა საგადასახადო დავალიანებები და უკვე ეს პრობლემაც არის აღმოფხვრილი.
საჯარო და კერძო სექტორის ჩართულობით ამუშავდება ახალი საგადასახადო და საბაჟო კოდექსები. თქვენ იცით ჩემი განწყობა ამ საკითხის მიმართ, რომ არსებული კოდექსი არ პასუხობს იმ გამოწვევებს რაც დღეს არის ჩვენი ქვეყნის წინაშე. აქედან გამომდინარე, ღია პლატფორმაზე, ყველას ჩართულობით ჩვენ შევქმნით ახალ საგადასახადო და საბაჟო კოდექსებს, რომელიც დამატებით სტიმულს მისცემს ქვეყანაში ბიზნესის განვითარებას.
დაინერგება ერთიანი საგადასახადო დოკუმენტი, რაც კიდევ უფრო მეტად გაამარტივებს საგადასახადო ორგანოებთან გადამხდელების ურთიერთობას და გადასახადების ადმინისტრირებას. ერთიანი საგადასახადო დოკუმენტი გააერთიანებს 5 სხვადსხვა საგადასახადო დოკუმენტს და ნაცვლად ხუთი დოკუმენტისა, ბიზნესს შესაძლებლობა ექნება, მხოლოდ ერთი დოკუმენტით განახორციელოს საგადასახადო ადმინისტრირება. თავისი შინაარსით ეს არის უპრეცედენტო შემთხვევა თანამედროვე საგადასახადო ადმინისტრირებაში. რეფორმის შედეგად მარტივდება საგადასახადო ანგარიშგება, მნიშვნელოვნად მცირდება ბიზნესის მიერი საგადასახადო ადმინისტრირებისთვის დახარჯული ფულადი და დროის რესურსი. ამასთან ერთად, როგორც ჩვენ უკვე განვაცხადეთ, მნიშვნელოვნად შემცირდება ე.წ საგადასახადო ჯარიმები, რომლებიც დღეს არსებული პრაქტიკით არის სრულიად არაპროპორციული იმ დარღვევებთან, რომელიც შეიძლება დაფიქსირდეს ბიზნესის მხრიდან.
დაინერგება ახალი ინოვაციური საგადასახადო ადმინისტრირების სისტემები, რაც მნიშვნელოვნად შეამცირებს საგადასახადო ადმინისტრირების ტვირთს , როგორც ბიზნესსუბიექტისთვის, ისე - შემოსავლების სამსახურისთვის. აქ განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება ბლოკჩეინის ტექნოლოგიების გამოყენებაზე, რომელიც პრინციპში დღგ-ს გადასახადის გარდა შეძლებს მთლიანად მოემსახუროს ნებისმიერი სხვა ტიპის გადასახადს. შეიქმნება სპეციალური საგადასახადო რეჟიმები, რომელიც განსაკუთრებით მიმზიდველი იქნება მულტინაციონალური კომპანიებისთვის საქართველოში რეგიონული ოფისების დაფუძნებისთვის. მულტინაციონალურ კომპანიებს შესაძლებლობა ექნებათ, საქართველოში დააფუძნონ წარმომადგენლობები და ისარგებლონ მსოფლიოში ყველაზე შეღავათიანი დაბეგვრის საგადასახადო რეჟიმით. არარეზიდენტ პირებს შესაძლებლობა გაუჩნდებათ, განახორციელონ საქართველოში კომპანიების ონლაინ-რეგისტრაცია, მათ შორის საბანკო ანგარიშების გახსნა. აღნიშნული პროცესი საშუალებას მისცემს საქართველოს, გახდეს ფინანსური ცენტრი რეგიონისთვის. კიდევ უფრო დაიხვეწება და გაუმჯობესდება ონლაინ-სერვისები, შესაძლებელი გახდება როგორც კომპანიების ელექტრონულად დარეგისტრირება, ასევე - არსებულ მონაცემებში ცვლილებების ელექტრონულად განხორციელება. ამავე დროს, გაიზრდება იმ სახელმწიფო სერვისების რაოდენობა, რომელთა მიღება ბიზნესს შეეძლება ელექტრონული ფორმით და ყველა სერვისი 100 პროცენტით უნდა იყოს სწორედ ციფრულ რეჟიმში განხორციელებული.
მთავრობა ეროვნულ ბანკთან ერთად ხელს შეუწყობს სწრაფი უნაღდო ანგარიშსწორების სისტემის დანერგვას. ჩვენ ამ მიმართულებით გვაქვს მნიშვნელოვანი ჩამორჩენა, მათ შორის მეზობელ ქვეყნებში, აღარ ვსაუბრობ უკვე სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიასა და სხვა განვითარებულ ბაზრებთან შედარებით. ეს რეფორმა განსახორციელებელია ძალიან მოკლე ვადებში და ჩვენ ამას სწორედ ასე გავაკეთებთ.
მომზადებულია და უახლოეს მომავალში საკონსულტაციოდ წარმოვადგენთ საკანონმდებლო ცვლილებებს, რომლის მიხედვითაც საერთო სასამართლოების სისტემაში ჩამოყალიბდება კომერციული პალატები. ჩვენ არაერთხელ აღვნიშნეთ, რომ ვერც ერთ ეკონომიკურ რეფორმას ვერ ექნება სრულფასოვანი ეფექტი, თუ ჩვენ ამ მიმართულებაში არ განვახორციელეთ ეს ძირეული რეფორმა. ბიზნესისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია, რაც შეიძლება მოკლე დრო იხარჯებოდეს მსგავსი ტიპის დავებზე, მე არ მაქვს მხედველობაში მხოლოდ დავები ბიზნესსუბიექტებს შორის, მე ამავე დროს ვგულისხმობ დავებს საგადასახადო ორგანოებსა და კერძო სექტორს შორის.
გადახდისუუნარობის საქმის წარმოებასთან დაკავშირებული პროცედურების დასახვეწად გატარდება გადახდისუუნარობის სისტემის რეფორმა, რომელიც შეეხება როგორც ფიზიკურ ასევე იურიდიულ პირებს. მიმაჩნია, რომ საბაზრო ეკონომიკის სრულფასოვანი დანერგვისთვის, იმ სასიცოცხლო მნიშვნელობის პრინციპების დანერგვისთვის, რასაც საბაზრო ეკონომიკა თავის ფილოსოფიაში გულისხმობს, ეს არის უმნიშვნელოვანესი რეფორმა. სამწუხაროა, რომ ის დღეს არ მოქმედებს რეალურ ცხოვრებაში და ჩვენ ამას უმოკლეს ვადებში გამოვასწორებთ.
ჩვენი მთავარი ამოცანაა, ეკონომიკური ზრდის სარგებელი იგრძნოს თითოეულმა ოჯახმა, ამიტომ ჩვენ გავაძლიერებთ ძალისხმევას იმისთვის, რომ მივაღწიოთ ეკონომიკური ზრდის მეტ ინკლუზიურობას. ინკლუზიური ზრდის მისაღწევად ჩვენ განვახორციელებთ რეფორმებს მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის მიმართულებით.
თქვენ იცით, რომ 1-ლი ივლისიდან ამოქმედდა უპრეცედენტოდ მნიშვნელოვანი მე საგადასახადო რეჟიმი. ჩვენ ხუთჯერ შევამცირეთ გადასახადები და ხუთჯერ გავზარდეთ ზღვარი იმ მეწარმეებისთვის, ვისაც შეუძლიათ ისარგებლონ 1%-ანი საგადასახადო რეჟიმით.
ჩვენთვის იქნება ეკონომიკური პოლიტიკის წარმატების განმსაზღვრელი ფაქტორი ის გარემოება, რომ გავზარდოთ მცირე და საშუალო ბიზნესის წილი მთლიან ეკონომიკაში, ჩვენს მთლიან შიდა პროდუქტში, მაგრამ გადასახადების შემცირება მცირე და საშუალო ბიზნესისთვის არ არის საკმარისი იმისთვის, რომ ეს მიმართულება გავხადოთ წარმატებული. ამისთვის აუცილებელია სხვა ბარიერების მოხსნა, ფინანსურ რესურსებზე წვდომა დღეს გახლავთ მცირე ბიზნესისთვის ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული პრობლემა და ამ პრობლემას სჭირდება ძირეული გადაწყვეტა. შესაბამისად, საკრედიტო- საგარანტიო მექანიზმების განვითარება წარმოადგენს ეკონომიკის დამატებითი დაკრედიტების ხელშეწყობის მნიშვნელოვან მიმართულებას. აქ ჩვენ ევროკავშირი გვეხმარება აქტიურად. ჩვენ გვაქვს კონსულტაციები და მოლაპარაკებები ევროკომისიასთან და გავაკეთებთ ყველაფერს, რომ წელსვე შემოდგომაზე ავამოქმედოთ ეს ძალიან მნიშვნელოვანი მექანიზმი სასტარტო კაპიტალის რეფორმასთან ერთად.
საექსპორტო პოტენციალის სრული უტილიზაციისთვის, კერძო სექტორის აქტიური ჩართულობით, მცირე ბიზნესისთვის მოხდება ექსპორტის დაზღვევის მექანიზმების შემოღება. ჩვენ მივიღეთ უზარმაზარი კონკურენტული უპირატესობა, რომ საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა რეგიონში, ვისაც პარალელურად აქვს თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმები, ევროკავშირთან და ჩინეთთან, მაგრამ ჩვენ გვჭირდება დამატებითი მექანიზმების შემოღება, იმისთვის, რომ მოვახდინოთ ამ პოტენციალის სრულფასოვანი ათვისება.
რაც შეეხება სხვა ეკონომიკურ რეფორმებს, ეროვნული ბანკისა და მთავრობის და ასევე საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით, შემუშავებული სტრატეგიის შესაბამისად განხორციელდება კაპიტალის ბაზრის რეფორმა. ის ტემპი, რაც ჩვენ გვაქვს ამ მიმართულებით, არ არის დამაკმაყოფილებელი, მათ შორის შეიძლება ადგილი ჰქონდეს კაპიტალის ბაზრის რეფორმაში ინტერესთა კონფლიქტს და ბუნებრივია, ეს არის აღმოსაფხვრელი და რაც შეიძლება მოკლე ვადაში განსახორციელებელი.
ჩვენ აუცილებლად გავატარებთ საპენსიო რეფორმას. საპენსიო რეფორმა ყველა ქვეყენაში იყო ძალიან ცხარე დებატების საგანი და ბუნებრივია, ეს არის ძალიან ლოგიკური მოვლენა, ეს არის გრძელვადიანი რეფორმა, მაგრამ ამავე დროს უნდა გვახსოვდეს, რომ ვერც ერთმა წარმატებულმა ეკონომიკამ ვერ მიაღწია სოციალური დაცვის იმ სტანდარტს, რასაც დღეს ჩვენ ვხედავთ ევროპულ ქვეყანაში, საპენსიო ფონდების გარეშე. ზოგადად საპენსიო ფონდების ჯანსაღი ფუნქციონირება ჩვენს ეკონომიკაში არის აუცილებელი წინაპირობა იმისთვის, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში შევქმნათ სოციალური დაცვის მაღალი დონე.
საჯარო-კერძო პარტნიორობის სისტემის განვითარება ,რომელიც უმოკლეს ვადებში ამოქმედდება, კიდევ უფრო მეტ საშუალებას მოგვცემს , მოვიზიდოთ პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ჩვენს ეკონომიკაში.

ქვეყანაში სოციალურად მდგრადი და ეფექტური ეკონომიკური გარემოს შესაქმნელად უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება პასუხისმგებლიანი დაკრედიტების სისტემის ჩამოყალიბებას. ამ მიმართულებით უკვე გადავდგით ჩვენ ნაბიჯები. მინდა, დიდი მადლობა გადაგიხადოთ, ვინც მხარი დაუჭირეთ ამ ძალიან მნიშვნელოვან ინიციატივას.
ჭარბვალიანობა არის დღეს მნიშვნელოვანი პრობლემა ჩვენი მოსახლეობისთვის და ამ პრობლემების გადაჭრის გზაზე ჩვენ არ უნდა მოვერიდოთ ძალიან პრინციპული ნაბიჯების გადადგმას. ჩვენს მიერ ინიცირებული ლარიზაციის კომპლექსური პროგრამა ეყრდნობა ბუნებრივი ინსტრუმენტების განვითარებას , ეროვნული ვალუტისადმი ნდობის ამაღლებას, რისკების ადეკვატური განაწილების და ეროვნული ვალუტის მიმზიდველობის ზრდისკენ მიმართულ მასტიმულირებელ ღონისძიებებს და, ბუნებრივია, ამ მიმართულებით გავაგრძელებთ მოძრაობას.
საქართველოს აქვს ისეთი გეოგრაფიული ადგილმდებარეობა , რომელიც ჩვენ გვაძლევს მნიშვნელოვან უპირატესობებს, მაგრამ ბუნებრივია ამ უპირატესობებს სჭირდება გამოყენება. გამოწვევები იზრდება, იზრდება კონკურენციები დერეფნებს შორის. აქედან გამომდინარე, კიდევ ერთხელ ვაფიქსირებთ ჩვენ პოზიციას, რომ საქართველოს სასიცოცხლოდ ესაჭიროება ღრმაწყლოვანი პორტის განვითარება. ანაკლიის პორტს აქვს ძალიან მნიშვნელოვანი დატვირთვა, საქართველოს მთვარობას აქვს შესაბამისი ვალდებულებები აღებული, ამ ვალდებულებებს აუცილებლად შევასრულებთ და მაქსიმალურად მივეხმარებით კონსორციუმს , რომ მოხდეს ამ პროექტის დროული რეალიზაცია. აქვე უნდა ავღნიშნო ისიც, რომ ლოგისტიკური ბიზნესი არის საკმაოდ კომპლექსური. ცალკე კომპონენტების განვითარება არის მნიშვნელოვანი, მაგრამ ის ვერ მოგვცემს შედეგს, თუ არ იქნა საერთო სტრატეგიის ნაწილი. აქედან გამომდინარე, სხვა ლოგისტიკური სერვისების განვითარება იქნება ძალიან მნიშვნელოვანი პრიორიტეტი ჩვენი მთავრობისთვის. იცით, რომ ნაწილი ამ ინიციატივების წარმოდგენილია ქუთაისსა და თბილისში შესაბამისი ლოგისტიკური ცენტრების განვითარების თვალსაზრისით და ამ ინიციატივებს აუცილებლად დაემატება სხვა იდეებიც.
საქართველოში ინფრასტრუქტურული განვითარება მიმდინარეობს მაღალი ტემპებით,მაგრამ ეს არ არის საკმარისი, ჩვენ გვჭირდება მეტი დინამიკა ამ მიმართულებით. თქვენ იცით ჩვენი პოლიტიკა, რომ ჩვენ ჩვენი დონორი ორგანიზაციებისგან ფულის მოზიდვას ვახორციელებთ მხოლოდ ინფრასტრუქტურული პროექტის დაფინანსების მიზნით და ეს პოლიტიკა ასევე გაგრძელდება.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ მოვუმატოთ ტემპს დადგმული სიმძლავრეების განვითარების თვალსაზრისით ჩვენს ენერგეტიკის სექტორში. ჩვენ ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ დადგმული სიმძლავრეების განვითარება უნდა უსწრებდეს ეკონომიკური ზრდის ტემპებს, სხვანაირად შეიძლება ენერგეტიკა გახდეს ეკონომიკის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი ბარიერი.
ბოლო პერიოდში ჩვენ გვაქვს შემცირებული ტემპები ამ მიმართულებით ბუნებრივია ამ საკითხს სჭირდება გასწორება. ჩვენ გვაქვს რესურსი, რომ საქართველო გახდეს, რომ საქართველოში დაიდგას იაფი წყაროები დადგმული სიმძლავრეების, მაგრამ აქვე მინდა ხაზი გავუსვა, რომ ჩვენი მოსახლეობის, ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესი არის ყველაზე მნიშვნელოვანი. შესაბამისად, ამ მიმართულებით მთავრობა იქნება ძალიან აქტიური. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ენერგეტიკის განვითარებაზე, აქ მხოლოდ არ უნდა გავამახვილოთ ყურადღება დადგმულ სიმძლავრეებზე, აქ უნდა ვისაუბროთ ჩვენ ენერგოეფექტურობაზეც. სამწუხაროდ, საქართველო ჯერ კიდევ შედის ერთ-ერთ ყველაზე არაეფექტურ ქვეყანათა რიცხვში ენერგომოხმარების თვალსაზრისით. აქ არის ძალიან მნიშვნელოვანი პოტენციალი და მას სჭირდება გამოყენება.
ბუნებრივი რესურსების რაციონალური გამოყენების, ეკოლოგიური უსაფრთხოებისა და მდგრადობის უზრუნველსაყოფად და ბუნებრივი კატასტროფების რისკების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია ეფექტიანი გარემოსდაცვითი მმართველობითი ორგანოების გამყარება და ჩამოყალიბება.
თქვენ იცით ჩვენი ინიციატივის შესახებ, რომელიც გულისხმობს გარემოს დაცვის ომბუდსმენის ინსტიტუტის შემოღებას, რომელიც ვფიქრობ, მნიშვნელოვნად დაგვეხმარება რომ გავუმკლავდეთ იმ გამოწვევებს რაც დღეს გვაქვს ქვეყანაში ამ მიმართულებით. დღეს ეკოლოგიური გამოწვევები საქართველოში მაღალია და ამ რეალობას ყველამ უნდა გავუსწოროთ თვალი.
ჩვენ რამდენიმე დღის შემდეგ დავაანონსებთ ძალიან მნიშვნელოვან ინიციატივებს, რომელიც გულისხმობს საწვავის ხარისხის გაუმჯობესებას, რომელიც გულისხმობს ქვეყანაში შეზღუდვების შემოღებას ძველი სტანდარტის მანქანების იმპორტის თვალსაზრისით, ასევე, სამშენებლო საქმიანობის წარმოების თვალსაზრისით და საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარების თვალსაზრისით, რომლებიც უფრო მნიშვნელოვნად აღმოფხვრის იმ პრობლემებს, რაც დღეს ჩვენ გვაქვს ამ მიმართულებით.
ჩვენ აქტიურად გავაგრძელებთ მუშაობას მწვანე ეკონომიკის განვითარების მიმართულებით. ამ თვალსაზრისით ჩვენ გვაქვს ბევრი საინტერესო ინიციატივა და მათ აუცილებლად განვახორციელებთ წარმატებით. დაინერგება გამჭვირვალე პროცედურებზე დაფუძნებული გარემოზე ზემოქმედების შეფასების სისტემა, საპროექტო იდეის შემუშავების საწყის ეტაპზე შეფასდება დაგეგმილი საქმიანობების მიზანშეწონილობა, რაც ინვესტორს დაიცავს ფუჭი საინვესტიციო დანახარჯებისგან. ტყის მდგრადი მართვის პრაქტიკის დანერგვისა და ხელშეწყობის მიზნით დამკვიდრდება ტყეების მოვლის, დაცვისა და აღდგენის ეფექტიანი მექანიზმები. აუცილებელია, ჩვენ დავიწყოთ აქტიურად რეფორესტიზაციის - ტყის საფარის აღდგენის პროცესი, რაც ბოლო ათწლეულის განმავლობაში საქართველოში ხდებოდა, არის სრულიად მიუღებელი და ჩვენ საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკის გათვალისწინებით უნდა დავიწყოთ უმოკლეს ვადებში ე.წ რეფორესტიზაციის პროცესი. ბუნებრივი რესურსების მართვის სისტემების გაუმჯობესება შესაძლებლობას მისცემს ქვეყანას, მიიღოს მნიშვნელოვანი სარგებელი. ჩვენი მიზანია, ყველა რესურსი მაქსიმალური ეფექტიანობით იყოს გამოყენებული და გარემოს დაცვის პრინციპებზე დაყრდნობით მოხდეს რესურსების მდგრადი მართვა. წიაღის სექტორში დაგეგმილი რეფორმის შედეგად, მივიღებთ გამჭვირვალე, კომერციულად მიმზიდველ სისტემას, განახლებულ სამთო მოპოვებას, რაც ასახავს საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილებასა და ამავდროულად მიზნად ისახავს გარემოზე უარყოფითი ზემოქმედების პრევენციას. გაგრძელდება სოფლის განვითარების ერთ იანი პოლიტიკის ფარგლებში მიმდინარე პროექტები, მათ შორის სასოფლო-სამეურნეო დარგში კოოპერაციების განვითარების მხარდაჭერა. ბევრჯერ მოგვისმენია, რო მ საქართველოში სოფლის მეურნეობაში გვაქვს პრობლემები. დიახ, გვაქვს პრობლემები, მაგრამ სოფლის მეურნეობა რომ გვქონდეს, ეს პრობლემები იქნება ნაკლები. სამწუხაროდ არც სოფლის მეურნეობა გვაქვს, გვაქვს ნატურალური მეურნეობა. აქედან გამომდინარე, ჯერ ნატურალური მეურნეობა გადავიყვანოთ სოფლის მეურნეობის პრინციპებზე, საბაზრო პრინციპებზე და დარწმუნებული ვარ, ეს სექტორი უფრო მეტ კონტრიბუციას შესძენს ჩვენს მშპ-ს. ამ მიმართულებაში ჩვენი ექსპორტი გაზრდილია 30%-ით, რომელიც რა თქმა უნდა, არ იძლევა იმის თქმის საშუალებას, რომ ეს არის მაღალი მაჩვენებელი, მაგრამ ეს არის კარგი სასტარტო პოზიცია იმისთვის, რომ ჯანსაღ საბაზრო ეკონომიკის პრინციპებზე გადავიყვანოთ ეს მიმართულება.
უკვე ვისაუბრე მცირე მთავრობის კონცეფციაზე და კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, რომ ზღვარი, რომელსაც ჩვენ დავაწესებთ - 3,9% არის ძალიან ამბიციური ზღვარი. ეს ჩვენ საშუალებას მოგვცემს, მნიშვნელოვანი რესურსი გამოვათავისუფლოთ ჩვენი სოციალური პროგრამებისთვის. მცირე მთავრობის კონცეფციის ფარგლებში მინდა გითხრათ, რომ არსებული რეგიონული მმართველობის სისტემები არის ძალიან არაეფექტური და ჩვენ აქ უმოკლეს ვადებში განვახორციელებთ მნიშვნელოვან ცვლილებებს.
პატივცემულო პარლამენტის წევრებო, კიდევ ერთხელ მსურს გავიმეორო უმნიშვნელოვანესი საკითხი, რომელიც პირადად ჩემთვის მთავარი პრიორიტეტი გახლავთ - განათლების სისტემის ძირეული რეფორმა, ინოვაცია და ახალგაზრდობა. წარმოუდგენელია, ვიფიქროთ ქვეყნის გრძელვადიან განვითარებაზე, თუ ჩვენ ვერ ჩამოვაყალიბეთ კონკურენტუნარიანი განათლების სისტემა. წარმოდგენილ რეფორმებს მოკლე ვადაში დავნერგავთ. ჩემი განწყობაა, რომ ამ რეფორმების დიდი ნაწილი უნდა დავნერგოთ მიმდინარე წლის ბოლომდე, ნაწილი - 2019 წელს. ჩვენი აქტივობები მიმართულია სიღარიბის შემცირებაზე, მაგრამ საქართველო ვერასოდეს გახდება განვითარებული ეკონომიკა, თუ ჩვენ განათლების სექტორში არ განვახორციელეთ მასშტაბური ინვესტიციები. ჩვენი ამოცანა არის ის, რომ ჩვენს მშპ-ში განათლების სექტორისთვის ორნიშნა რიცხვი მივიღოთ. სწორედ ამის შემდეგ საქართველოს ექნება პერსპექტივა, გახდეს განვითარებული ეკონომიკა და ეს არის ერთადერთი სწორი გზა ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის. შემოდგომაზე წარმოვადგენთ ძალიან მნიშვნელოვან ინიციატივებს, რომელმაც უნდა უზრუნველყოს განათლების სექტორის დომინანტური როლის განსაზღვრა ჩვენს ეროვნულ ეკონომიკაში. მინდა შეგახსენოთ, რომ განათლების რეფორმა ხორციელდება მის ყველა საფეხურზე, ეს შეეხება ხუთ დონეს. ეს არის ადრეული და სკოლამდელი განათლების კომპონენტი. ზოგადი განათლება არის რეფორმის ქვაკუთხედი ამ სისტემაში; ეს არის პროფესიული განათლება, რომლის დონე სამწუხაროდ საქართველოში ჯერ კიდევ ძალიან დაბალია. ჩვენი ამოცანა იქნება, ყველა რეგიონულ ცენტრში გვქონდეს ძლიერი და კონკურენტუნარიანი პროფესიული განათლების ცენტრები და ამას აუცილებლად გავაკეთებთ; ეს არის უმაღლესი განათლება და რა თქმა უნდა, მეცნიერება.
ვისაუბრე განათლების სისტემაზე, თუმცა ახალგაზრდობის ინოვაციური პოლიტიკა არანაკლებად ფართო სფეროა, სადაც ჩვენ ძალიან ბევრი ნაბიჯი გვაქვს გადასადგმელი. ჩვენი მიზანია, გაიზარდოს ახალგაზრდების ჩართულობა საზოგადოებრივ, კულტურულ და პოლიტიკურ ცხოვრებაში, განვითარდეს ახალგაზრდების მხრიდან ეკონომიკის სხვადასხვა დარგებში თვითრეალიზების შესაძლებლობები. მხოლოდ ამ გზით არის შესაძლებელი ახალგაზრდების პროფესიული განვითარება და ის, რომ მათ მივცეთ თავიანთ სამშობლოში თავიანთი ნიჭისა და პოტენციალის რეალიზაციის შესაძლებლობა.

ეკონომიკის განვითარებაში დამწყები მეწარმეების მიერ ინოვაციური მიდგომებისა და უახლესი ტექნოლოგიების დანერგვის მოტივირება და ჯანსაღი ამბიციების ხელშემწყობი გარემოს შექმნა გრძელვადიანი ეკონომიკური ზრდისთვის უმნიშვნელოვანესი წინაპირობაა. ამ მიმართულებით სახელმწიფო პროგრამები მიზნად ისახავს ქვეყანაში ცოდნასა და ინოვაციებზე დაფუძნებული ეკონომიკის განვითარებასა და ზოგადად, ინოვაციური ეკოსისტემის შექმნას. ამ მიმართულებით ჩვენ გადავდგით ნაბიჯები, თუმცა ეს არ არის საკმარისი. უნდა ითქვას, რომ ზოგიერთი ნაბიჯი არ იყო ბოლომდე ეფექტური, აქედან გამომდინარე, ჩვენ მნიშვნელოვნად შევცვლით და ახალ მიდგომებს გამოვიყენებთ ამ მიმართულებით.
ქართული კულტურა, როგორც ჩვენი თვითმყოფადობისა და იდენტობის ათასწლოვანი მემატიანე, ყოველთვის იყო საქართველოს ყველა მოქალაქისთვის განსაკუთრებული ზრუნვის საგანი. ჩვენი მთავრობის მიზანია, მოვუაროთ, შევინარჩუნოთ და აღვადგინოთ ქართული კულტურის მატერიალური და არამატერიალური საგანძური, ვიზრუნოთ ამ კულტურული მემკვიდრეობის ინფრასტრუქტურის შენარჩუნებაზე. ამავე დროს უზრუნველყოთ, რომ ჩვენი კულტურის ნიმუშების შესახებ მაქსიმალურად მივაწოდოთ ინფორმაცია საერთაშორისო საზოგადოებას და ამით საბოლოოდ დავიმკვიდროთ ჩვენი ქვეყნისთვის ისტორიულად კუთვნილი ადგილი უძველეს ევროპულ ოჯახში.
ცხოვრების ჯანსაღი წესი, მასობრივი სპორტი და პროფესიული სპორტის იმ სახეობების ხელშეწყობა, სადაც საქართველოს მნიშვნელოვანი წარმატებები და ზრდის დიდი პოტენციალი აქვს, ჩვენი მთავარი პრიორიტეტი იქნება. სამწუხაროდ, ჯერ კიდევ მნიშვნელოვანი ჩამორჩენა გვაქვს წარმატებული ქვეყნებისგან მასობრივი სპორტის მიმართულებით. 7-8-ჯერ ჩამოვრჩებით ამ ქვეყნებს მასობრივ სპორტში ახალგაზრდობის ჩართულობით. ეს არის მიუღებელი, ძალიან სერიოზული გამოწვევა, რომელსაც ღირსეულად გამკლავება სჭირდება.
ყველა რეფორმა, იქნება ეს ეკონომიკური, სტრუქტურული, საგანმანათლებლო თუ სოციალური, მიზნად ისახავს მხოლოდ ერთს - უზრუნველყოს საქართველოს მოქალაქეების და აქ მცხოვრები თითოეული ადამიანის უფლებების და თავისუფლებების ხანგრძლივი დაცვა.

მოგეხსენებათ, ადამიანზე ორიენტირებული სოციალური პოლიტიკის მთავარი მიღწევა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ამოქმედებაა, რომელმაც სათავე დაუდო საქართველოს ყველა მოქალაქის სამედიცინო მომსახურებით უნივერსალურ მოცვას. სამედიცინო სერვისების მოხმარებით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში 2013 წლიდან უკვე დაფინანსდა 4 მილიონზე მეტი ეს გახლავთ ჩვენი პოლიტიკური გუნდის ერთ-ერთი მთავარი მონაპოვარი, რასაც შემდგომი განვითარება და განმტკიცება სჭირდება.
გაგრძელდება ჯანდაცვის სპეციალიზებული მიმართულებების პროგრამული დაფინანსება, C ჰეპატიტის ელიმინაციის უპრეცედენტო პროგრამაში ჩართვის საშუალება მომავალშიც ექნება შესაბამისი საჭიროების მქონე ყველა პაციენტს; გაუმჯობესდება ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისების ხარისხი როგორც სტაციონარულ, ისე ამბულატორიულ და თემზე დაფუძნებული სერვისების დონეზე. განხორციელდება პირველადი ჯანდაცვის რეფორმის მომდევნო ეტაპი, კერძოდ დაიხვეწება პირველადი ჯანდაცვის სისტემის დაფინანსების მექანიზმები და გაიზრდება ოჯახის ექიმის როლი და მნიშვნელობა, რის საფუძველზეც გაიზრდება როგორც სახელმწიფოს, ისე მოსახლეობის მიერ გაწეული დანახარჯები. სამწუხაროდ მოსახლეობის უმეტესობას ჯერ კიდევ უწევს თავისი განკარგვადი შემოსავლის დიდი ნაწილის მიმართვა მედიკამენტების შეძენაზე. მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, ამოქმედდა ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამა მოსახლეობის სოციალურად დაუცველი ფენისათვის. უახლოეს მომავალში ეს ჩვენს ყველა პენსიონერს შეეხება, თუმცა მხოლოდ ესეც არ გახლავთ საკმარისი. მომავალი წლის ბიუჯეტში აღნიშნული მიმართულება მნიშვნელოვნად იქნება გაზრდილი. ჯანდაცვის სერვისებისა და მედიკამენტების ხარისხი უზრუნველყოფილი იქნება და დაიხვეწება საკანონმდებლო ბაზა. გაგრძელდება სახელმწიფო მონიტორინგის სისტემა. დაინერგება ფარმაცევტული წარმოების მაღალი საწარმოო პრაქტიკის და ინსტიტუციის გამოყენება.
მთავრობა გააგრძელებს მიზნობრივ სოციალურ პროგრამებს მოწყვლადი ჯგუფების მატერიალური მდგომარეობის შესამსუბუქებლად. სიღარიბე ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკის მთავარი გამოწვევაა და ეს საჭიროებს ჩვენი სოციალური პროგრამების მნიშვნელოვან დაკორექტირებას. ჩვენ გავააქტიურებთ დევნილთა საცხოვრებელი ფართებით უზრუნველყოფის ეფექტიან პოლიტიკას. გაგრძელდება დევნილი ოჯახებისთვის მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების მშენებლობა, ასევე - ე.წ "სოფლად სახლის" პროექტი.
გაფართოვდება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა, ხანდაზმულთა და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა ფიზიკური და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებისკენ მიმართული ღონისძიებები. მათ შორის დაგეგმილია სახელმწიფო პენსიების ზრდა 2019-2020 წლებში 20-20 ლარით.
ჩვენი ამოცანაა, ჩვენს საქმიანობაში დავამკვიდროთ გამჭვირვალობის უმაღლესი სტანდარტი. ამისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საზოგადოებასთან და ჩვენს ხალხთან სიახლოვე, ჩვენს საზოგადოებასთან ინტენსიური კომუნიკაცია. იცით, როგორ მოხდა ჩემს მიერ ბევრი საგადასახადო ინიციატივის ინიცირება. მათი დიდი ნაწილი სწორედ ჩვენი საზოგადოებიდან მოდიოდა. სწორედ ჩვენმა ხალხმა, საზოგადოება, მეწარმეებმა, სხვადასხვა საზოგადოებრივმა ჯგუფებმა იციან ძალიან კარგად, რა გვჭირდება ჩვენ განვითარების ამ ეტაპზე. აქედან გამომდინარე, მინდა, თითოეულმა ადამიანმა იცოდეს, რომ ეს მიდგომა იქნება ჩვენი მთავრობისთვის უმნიშვნელოვანესი. აქვე მინდა კიდევ ერთხელ განვაცხადო, რომ ჩვენ რეფორმები დანერგვაში ვიქნებით მაქსიმალურად ოპერატიული. მცირე მთავრობის კონცეფციის გარეშე გაგვიჭირდებოდა ამ კონცეფციის დანერგვა. მსურს, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა გადაგიხადოთ მცირე მთავრობის კონცეფციის მხარდაჭერისთვის, რაც საშუალებას მომცემს, ჩემს გუნდთან ერთად, უმოკლეს ვადაში დავნერგო ეს რეფორმები. რეფორმების უდიდესი ნაწილი დაინერგება წელს, ნაწილი - 2019 წელს. განათლების რეფორმა ბუნებრივია, გრძელვადიანია, რომლის ეტაპების უმნიშვნელოვანესი ნაწილი შემდეგი 2 წლის განმავლობაში დაინერგება. მსურს, კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო ჩვენი წინა კაბინეტის ყველა მინისტრს თავდაუზოგავი შრომისთვის. ისინი მართლაც 24-საათიან რეჟიმში ცდილობდნენ, გადაეწყვიტათ ყველა ის პრობლემა, რაც არსებობდა ჩვენს წინაშე და კიდევ ერთხელ თითოეულ მათგანს და მათი სამინისტროების თანამშრომლებს მინდა, მადლობა გადავუხადო.
ჩვენ გვაერთიანებს ერთი იდეა - ეს არის ჩვენი ქვეყნის სწორი და თანმიმდევრული განვითარება. ჩვენ დღეს საქართველოში გვაქვს ზეპარტიული ამოცანები, როგორიცაა ქვეყნის გამთლიანება, ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია, სიღარიბის დაძლევა და განათლების სექტორის ძირეული რეფორმა. შესაბამისად მე, ისევე, როგორც ჩემი გუნდი, მზად ვარ, ვითანამშრომლო ყველა საზოგადოებრივ თუ პოლიტიკურ ჯგუფთან, ვისაც ექნება კონსტრუქციული ხედვები, კონკრეტული იდეები, როგორ მოვახერხოთ, რომ ჩვენ უპირველეს ყოვლისა ამ ზეპარტიული ამოცანების გადაწყვეტა ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი ერისთვის.
დარწმუნებული ვარ, ჩვენ აუცილებლად შევქმნით თანამედროვე, ევროპულ სახელმწიფოს და ამით შევქმნით ჩვენს აფხაზ და ოს თანამოქალაქეებთან ერთად მშვიდობიანი თანაცხოვრების რეალურ შესაძლებლობას, იმის შესაძლებლობას, რომ ჩვენ ერთად ავაშენოთ ძლიერი და დამოუკიდებელი საქართველო.
ღმერთი იყოს საქართველოს მფარველი!
დიდი მადლობა.