საქართველოს მთავრობა – 2018 წლის სიახლეები

მამუკა ბახტაძე - 2011-2012 წლებში დარიცხული საგადასახადო დავალიანების ჩამოწერა ხელს შეუწყობს იმას, რომ ამ კომპანიებმა ახალი სიცოცხლე შეიძინონ და დამატებითი სამუშაო ადგილები შექმნან ამოსაბეჭდი ვერსია

2018-06-29

ჩვენ არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ ეკონომიკაში გვქონდეს გამოუყენებელი აქტივები და შესაძლებლობები, სწორედ ამას ემსახურება ჩვენი ინიციატივა 2011-2012 წლებში დარიცხული საგადასახადო დავალიანების ჩამოწერას იმ კომპანიებისთვის, რომლებიც იძულებულნი იყვნენ, ამის გამო კომერციული საქმიანობა შეეჩერებინათ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

საგადასახადო კოდექსში შესატანი ცვლილებები მთავრობამ დღევანდელ სხდომაზე დაამტკიცა.

პრემიერის თქმით, დავალიანებების დიდი ნაწილი დარიცხულია 2011-2012 წლებში, მაგრამ სისტემური მიდგომის შენარჩუნების მიზნით, მიღებულია 2013 წლის 1-ლი იანვრის მდგომარეობით საგადასახადო დავალიანების ჩამოწერის გადაწყვეტილება იმ კომპანიებისთვის, რომლებიც იძულებულნი იყვნენ, ამის გამო კომერციული საქმიანობა შეეჩერებინათ.

„ვფიქრობთ, აღნიშნული ნაბიჯი ხელს შეუწყობს იმას, რომ ამ კომპანიებმა ახალი სიცოცხლე შეიძინონ, შეძლონ დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნა და დაუბრუნდნენ აქტიურ ეკონომიკურ საქმიანობას", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური