საქართველოს მთავრობა – 2018 წლის სიახლეები

საქართველოს პრემიერ-მინისტრი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მხარდაჭერას გამოეხმაურა ამოსაბეჭდი ვერსია

2018-06-29

მიმდინარე წლის 27 ივნისს, საერთაშორისო სავალუტო ფონდმა ეკონომიკური რეფორმების პროგრამის მხარდასაჭერად დაამტკიცა ,,გაფართოებული დაფინანსების მექანიზმით" მხარდაჭერილი საქართველოს სამწლიანი პროგრამის მეორე მიმოხილვა, რითაც საქართველოსთვის ხელმისაწვდომი გახდა 42.25 მლნ აშშ დოლარი - საკითხს დღეს, მთავრობის სხდომის დაწყებამდე პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე გამოეხმაურა.

„მინდა, ყველა დაინტერესებულ პირს მოვუწოდო, რომ გაეცნოს ამ დასკვნას, ვინაიდან იქ ნათლად არის ასახული ის გამოწვევები, რაც დღეს ჩვენი ეკონომიკის წინაშე დგას. ამავე დროს, ნათლად არის ასახული, რომ ის რეფორმები, რომლებსაც ჩვენ ვახორციელებთ სრულ თანხვედრაშია იმ გამოწვევებთან, რაც დღეს არის ჩვენი ეკონომიკის წინაშე," - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

პრემიერ-მინისტრმა მოლოდინი გამოთქვა, რომ ასეთივე პოზიტიური იქნება მომდევნო ანგარიშიც; მხარდაჭერილი იქნება საქართველოს მთავრობის მიერ ეკონომიკური ზრდის დაჩქარებაზე ორიენტირებული სტრუქტურული რეფორმები, რაც საშუალოვადიან პერიოდში ხელს შეუწყობს მდგრად და ინკლუზიურ ეკონომიკურ ზრდას, სადაც, რა თქმა უნდა, მთავარი პრიორიტეტი იქნება ზრდა კერძო სექტორში.

„სავალუტო ფონდი ასევე მიუთითებს, რომ ეკონომიკური ზრდა მოსალოდნელზე მაღალია, გაუმჯობესებულია ფისკალური და საგარეო პარამეტრები, მნიშვნელოვანი პროგრესია დაფიქსირებული სტრუქტურული რეფორმების გატარების თვალსაზრისით. ამავე დროს, ფონდი ერთმნიშვნელოვნად მიესალმება ეკონომიკური ზრდის მხარდამჭერ სტრუქტურულ რეფორმებს, რომლებიც ჩვენ დავაანონსეთ,"- აღნიშნა პრემიერმა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური