საქართველოს მთავრობა – 2018 წლის სიახლეები

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის გამოსვლა აშშ-ის მშვიდობის ინსტიტუტში აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის კონფერენციაზე - “პირველი რესპუბლიკის დაარსებიდან 100 წელი” ამოსაბეჭდი ვერსია

2018-05-23

------

თქვენო აღმატებულებავ, ძვირფასო სტუმრებო, ბატონებო და ქალბატონებო! ჩემთვის დიდი პატივია აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის მეორე ყოველწლიური კონფერენციის გახსნა.

მადლობას მოვახსენებ ნენსი ლინდბორგს და აშშ-ის მშვიდობის ინსტიტუტს, ასევე ჩვენს ბევრ მეგობარს Heritage Foundation-იდან, ამ შეხვედრის მასპინძლობისთვის. გასული წლის კონფერენცია, რომელიც პირველი ასეთი რანგის შეხვედრა იყო, დიდი წარმატებით ჩატარდა. კარგი იდეა ვერ დაიმალება და მე კმაყოფილებით აღვნიშნავ, რომ წლევანდელ შეხვედრას იმედისმომცემი სახელწოდება აქვს - მეორე ყოველწლიური კონფერენცია. ჩვენ ისტორიის ზღურბლზე ვიმყოფებით. ისტორია ქართველთა მსოფლმხედველობის შემადგენელი ნაწილია. ჩვენ ძალიან ბევრი რამ გადავიტანეთ, რათა აქამდე მოვსულიყავით, და ამ ისტორიის გმირები სწორედ ქართველები არიან. 100 წლის წინ, მაისში საქართველომ უზარმაზარი ნაბიჯი გადადგა მომავლისკენ. ჩვენ შევქმენით საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა მაშინ, როდესაც ჩვენი პატარა ქვეყნის გარშემო მძვინვარებდა მღელვარება, რევოლუცია და სამოქალაქო ომი, რომლებსაც ჩვენზე გაცილებით დიდი ძალები ასაზრდოებდა. იმ კონკრეტულ მომენტში ჩვენი წინაპრები შეიძლება ვერც აცნობიერებდნენ, რომ საქართველოს დამოუკიდებლობა და ჩვენი თავისუფლება კიდევ მეტი ხნით გადაიდებოდა, თითქმის 75 წლით.

სულ რაღაც 3 წელიწადში მას შემდეგ, რაც ჩვენ დავიბრუნეთ სახელმწიფოებრიობა, წითელი არმია შემოიჭრა საქართველოში და მართალია, დროებით, მაგრამ მაინც წაგვართვა დამოუკიდებლობა. მაგრამ ჩვენ არასდროს გვიღალატია ჩვენი დამოუკიდებლობისა და თავისუფლების ოცნებისთვის. ეს ინსტინქტები ჩვენს გენეტიკურ კოდშია გამჯდარი. აქ შეიძლება ვახსენოთ 1991 დაბრუნებული სახელმწიფო დამოუკიდებლობა, მაგრამ საქართველოს სახელმწიფოებრიობის გამოცდილების ფესვები ბევრად ადრე, საუკუნეებში უნდა ვეძებოთ. როგორც ცივილიზაციათა გზაჯვარედინი, ჩვენ ბევრს ვითვისებთ და ბევრს ვუზიარებთ ჩვენ გარშემო მყოფთ, მაგრამ, ამავე დროს, ვინარჩუნებთ ჩვენს ქართულ უნიკალურობას და დასავლურ უნიკალურობასაც. 100 წლის წინ საქართველომ სამუდამოდ დაუკავშირა თავისი გზა დასავლეთს. დღეს საქართველო აღარ არის გზაგასაყარზე. ჩვენი კულტურა ევროპულია ამერიკული ელფერით; ჩვენი მსოფლმხედველობა დასავლური და ტრანსატლანტიკურია ისევე, როგორც ჩვენი ღირებულებები და პოლიტიკა. დღეს, ჩვენი ეკონომიკა თავის რეგიონში არის ყველაზე დინამიური, მართლაც მთელს ევროპაში. ჩვენი ერთგულება დასავლური და ევროპული ღირებულებების საფუძვლებისადმი - დემოკრატიისა და ადამიანის უფლებათა დაცვისადმი მტკიცეა, ღრმა და მდგრადი. ჩვენ ვამაყობთ, რომ ვართ ტრანსატლანტიკური საზოგადოების პროდუქტიული წევრი ქვეყანა და დროთა განმავლობაში ჩვენ კიდევ უფრო დიდი ზრდა გველის. ამერიკის შეერთებული შტატები იყო ერთ-ერთი პირველი, ვინც აღიარა საქართველოს დამოუკიდებლობა 1991 წელს. ამერიკამ მხარი დაგვიჭირა მაშინ, როდესაც ეს ყველაზე მეტად გვჭირდებოდა - ჩვენი სახელმწიფოებრივი კონსოლიდაციის წინაშე მდგარი ყველაზე რთულ პერიოდებში.

დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 27 წლის განმავლობაში საქართველოს არ ჰყოლია ისეთი დიდი მეგობარი, როგორიცაა აშშ-ი. ერთად ჩვენ შევქმენით ის, რასაც შეიძლება ვუწოდოთ „სტრატეგიული პარტნიორობა" ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით. ჩვენ სრული სერიოზულობით ვეკიდებით სტრატეგიული პარტნიორობის არსს. იგი არის სტრატეგიული, რადგანაც ამერიკელ მეგობრებთან ჩვენ გვაქვს ჩვენი რეგიონის და ერთიანი და თავისუფალი და მშვიდობიანი ევროპის ხედვა. იგი არის სტრატეგიული, რადგანაც ჩვენ შეგვიძლია შევხედოთ ერთსა და იმავე ფაქტს და შემდეგ გავუზიაროთ ერთმანეთს ჩვენი შეხედულებები ამ რეალობის მნიშვნელობის შესახებ, რათა შევიმუშაოთ სტრატეგიები საერთო მიზნების მისაღწევად. თითოეულ ჩვენგანს შემოაქვს ანალიტიკური ფილტრების წყება ჩვენს წინაშე მდგარ გამოწვევებთან გასამკლავებლად. ჩვენი თანამშრომლობის მიზანია სწორი სტრატეგიების შემუშავება საერთო მიზნების მისაღწევად. ეს არის პარტნიორობა, რადგან გაზიარება ჩვენს შორის არ წყდება და ორმხრივად მიიმართება. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მყისვე შეაფასა საქართველოს გეოსტრატეგიული მდებარეობის თანმდევი გამოწვევები, განსაკუთრებით დაძაბული ურთიერთობა რუსეთთან და მისი უსაფრთხოების ფართო გარემოს სირთულე. ამავე დროს, მან იმთავითვე გააცნობიერა საქართველოს ხელსაყრელი გეოგრაფია, მისი ძალა, ცხადყოს დემოკრატიული განვითარების უპირატესობები, ასევე სიცოცხლით სავსე ქართველების უკვდავი სულისკვეთება. თავის მხრივ, საქართველო აცნობიერებს და წვლილი შეაქვს ამერიკის მხრიდან რეგიონში და მის ფარგლებს გარეთ თავისი ინტერესების და დემოკრატიული ღირებულებების განმტკიცებასა და დაცვაში. საქართველო დიდად აფასებს თავის წვლილს ამ პარტნიორობაში, იბრძვის რა ამერიკის და ნატოში მისი მოკავშირეების გვერდიგვერდ ისეთ ცხელ წერტილებში, როგორიცაა ერაყი და ავღანეთი, სადაც ამერიკის შეერთებული შტატების შემდეგ საქართველომ ნატოს სხვა ნებისმიერ წევრ ქვეყანაზე მეტი მებრძოლი დაკარგა ერთ სულ მოსახლეზე. საქართველოს ხარჯები თავდაცვაზე მნიშვნელოვნად აღემატება ნატოს სტანდარტს - 2%-ს, როგორც ამას პრეზიდენტი ტრამპი სამართლიანად ითხოვდა. ჩვენ ამით ვამაყობთ. ჩვენ ვამაყობთ, რომ მხარს ვუჭერთ ჩვენი საერთო უსაფრთხოების დღის წესრიგს.

ერთად ჩვენ უფრო ძლიერნი ვართ, ვიდრე ცალ-ცალკე, რაც არის კიდეც სტრატეგიული პარტნიორობის არსი. ევრაზიაში ტემპი იზრდება, რასაც ასაზრდოებს ისეთი ახალი სავაჭრო მარშრუტები, როგორიცაა ტრანსკასპიის დერეფანი და ახალი აბრეშუმის გზა. ახალი მოთამაშეები მთელი მსოფლიოდან დღეს ცდილობენ ევრაზიაში არსებული უზარმაზარი შესაძლებლობების გამოყენებას. ევროპიდან აზიამდე იქმნება ახალი კავშირები და ალიანსები. საქართველოს უნიკალური მდებარეობისა და, შესაბამისად, აშშ-თან მისი სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობას მხოლოდ ზრდა ელის წინ. სწორედ ახლაა დრო, ყურადღება მივაქციოთ ორმხრივ სავაჭრო შეთანხმებას, რომელიც ორივე სახელმწიფოს მოუტანს ეკონომიკურ და უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ სარგებელს. პარტნიორობა და სტრატეგია პირდაპირ კავშირშია მშვიდობასა და სტაბილურობასთან. ამერიკასთან სტრატეგიული პარტნიორობა საქართველოსთვის დიდი პატივია. ჩვენთვის ძალიან სასიხარულოა, რომ ეს ყოველწლიური კონფერენცია გააძლიერებს და გააღრმავებს ჩვენს პარტნიორობას ყველას სასიკეთოდ.

დიდი მადლობა.

აშშ-ის მშვიდობის ინსტიტუტის პრეზიდენტი ნენსი ლინდბორგი:

თქვენო აღმატებულებავ, ბატონო პრემიერ-მინისტრო!
მინისტრებო!
მსურს, გამოვიყენო ეს შესაძლებლობა და მოგილოცოთ ეროვნული დღესასწაული. მადლობა მინდა ასევე გადაგიხადოთ ამ კონფერენციის ფარგლებში აშშ-ის მშვიდობის ინსტიტუტთან და „ჰერითიჯის" ფონდთან პარტნიორობისთვის. ველით თქვენთან საუბრის გამართვას და ისეთი საკითხების განხილვას, რომელიც დაგვეხმარება პარტნიორობის გაძლიერების შესაძლებლობების გამოვლენაში და რეგიონში მშვიდობის დამყარებაში.
ჩემთვის დიდი პატივია, წარმოგიდგინოთ საქართველოს პრემიერ-მინისტრი. გიორგი კვირიკაშვილი ქვეყნის მთავრობას 2015 წლის დეკემბრიდან ხელმძღვანელობს. იგი ასვე გახლდათ ქვეყნის ვიცე-პრემიერი და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი; აგრეთვე - ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი.

აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა აკავშირებს. გვსურს, ხაზი გავუსვათ საქართველოს წვლილს რეგიონული უსაფრთხოების საქმეში, ავღანეთის საერთაშორისო ძალებსა და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკასა და მალიზე გაეროს სამშვიდობო ოპერაციებში.
ბატონო პრემიერ-მინისტრო! მადლობას მოგახსენებთ ქვეყნის ლიდერობისთვის, აშშ-თან პარტნიორობასა და მეგობრობისთვის. გულთბილად გილოცავთ ეროვნულ დღესასწაულს!

 

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური