საქართველოს მთავრობა – 2018 წლის სიახლეები

პრემიერ-მინისტრის კომენტარი ამოსაბეჭდი ვერსია

2018-03-30

მინდა, კიდევ ერთხელ განვმარტო, რომ ბოლო პერიოდის განმავლობაში ჩვენ არაერთი კონსტრუქციული ნაბიჯი გადავდგით ოპოზიციასთან დიალოგის რაიმე ფორმატის შესაქმნელად და ამას, რა თქმა უნდა, მომავალშიც გავაგრძელებთ. პარლამენტი უნდა იყოს ადგილი, სადაც დიალოგი მიმდინარეობს და რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, რომ ისეთ პრობლემებზე საუბრისას, როგორიცაა ოკუპაცია და ა.შ.

ქვეყანამ შეძლოს ერთიანი პოზიციით გამოსვლა. სამწუხაროდ, ჩვენი ასეთი კონსტრუქციული დამოკიდებულების მიუხედავად, რომელიც პარლამენტში ჩვენს მიერ გადადგმული ნაბიჯით და ერთობლივი რეზოლუციის მიღებით გამოიხატა, პასუხად მივიღეთ აბსოლუტურად დესტრუქციული ბრალდებები და დამოკიდებულება ოპოზიციონერების, მათ შორის "ევროპული საქართველოს" მხრიდან, ადამიანებისგან, რომ ადამიანებმა, რომლებმაც დატოვეს უმძიმესი კვალი ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში, საოკუპაციო ძალასთან ერთად შექმნეს ძალიან მძიმე ვითარება ჩვენს ქვეყანაში ოკუპაციისა და ჩვენი ორი ისტორიული რეგიონის ცალმხრივი აღიარების თვალსაზრისით. ამ ადამიანებს არ გააჩნიათ მორალური უფლება, რაიმე კონკურენციაში შევიდნენ იმ პოლიტიკურ ძალასთან, რომელმაც ყველაფერი გააკეთა, რათა ქვეყანაში შეექმნა სრულიად სხვა - განვითარების ატმოსფერო. რა თქმა უნდა, პრობლემა დღესაც უამრავია, მაგრამ ჩვენ თანმიმდევრულად მივდივართ იმ განვითარების მიზნისკენ, რასაც ჰქვია ჩვენი მოსახლეობისთვის კეთილდღეობის შექმნა და რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნის გაერთიანება. ჩვენ ამას ყველანი ერთად შევძლებთ. ჩვენი მხრიდან ყოველთვის იქნება კონსტრუქციული მიდგომა, მაგრამ მინდა, ჩვენმა მოსახლეობამ კარგად დაინახოს ის ქედმაღალი, ძალიან უღირსი დამოკიდებულება და პასუხი, რომელიც მიიღო ჩვენმა პოლიტიკურმა ძალამ ჩვენს მიერ გადადგმული კონსტრუქციული ნაბიჯების საპასუხოდ.

მე ცოტა გამაკვირვა აჟიოტაჟმა ქუთაისის აეროპორტთან დაკავშირებით. პარლამენტში გამოსვლისას მე ვახსენე, რომ არის პროექტის ორი ვერსია. წარმოდგენილი ალტერნატიული ვერსია გახლდათ არსებული რკინიგზის მარშრუტზე ახალი, თანამედროვე ძალიან ლამაზი სარკინიგზო სადგურის მშენებლობა. პირველადი ვერსიით, რკინიგზის ლიანდაგი უნდა მიგვეყვანა აეროპორტის წინ. ჩვენ შევთანხმდით და შევჯერდით ალტერნატიულ ვარიანტზე,რომლის მიხედვით, დღევანდელი აეროპორტის ტრასის გადაღმა, 700 მეტრის მოშორებით, სადაც რკინიგზა გადის, აშენდება თანამედროვე, ულამაზესი სარკინიგზო სადგური და მას აეროპორტთან დააკავშირებს გადახურული ესკალატორების სისტემა. ამ ესკალატორების მარჯვნივ და მარცხნივ აშენდება ტურისტული ჰაბი, ცენტრი, სადაც იქნება 2 და 3-ვარსკვლავიანი სასტუმროების მთელი ქსელი, რომელიც გამოყენებული იქნება ქუთაისის აეროპორტში და ასევე რკინიგზის სადგურში ჩამომსვლელთათვის. იქნება ასევე ტურისტების საორიენტაციო ცენტრი, საიდანაც უკვე მთელი საქართველოს მასშტაბით, მათ შორის ქუთაისის ცენტრში განაწილდებიან ტურისტები. ეს პროექტი არის გაცილებით უფრო მასშტაბური, ვიდრე პირველადი, დაანონსებული პროექტი. ამიტომ, გარკვეული დრო დაიკავა ამის გადაპროექტებამ. 2019 წელს, უკვე მოდიფიცირებული სახით პროექტი დასრულდება და ქუთაისს ექნება უზარმაზარი ტურისტული ცენტრი, თავისი რკინიგზის სადგურით, აეროპორტითა და სასტუმროების ზონით, რომელიც იქნება გამანაწილებელი მთელი ქვეყნისთვის, განსაკუთრებით დაბალბიუჯეტიანი მოგზაურებისთვის, რომლებიც მრავლად არიან ქუთაისის აეროპორტში და ასევე ჩვენი თანამოქალაქეებისთვის, რომლებიც ამას შიდა ტურიზმისთვის გამოიყენებენ.