2017 წლის 18 მაისის მთავრობის სხდომა ამოსაბეჭდი ვერსია

2017-05-18

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართა. მინისტრთა კაბინეტმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 30 საკითხი განიხილა. დღის წესრიგი

მთავრობის გადაწყვეტილებით, მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში შეტანილი ძეგლის - სოფელ ჩაჟაშის კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში ქალაქთმშენებლობის რეგულირების განსაკუთრებული რეჟიმი ამოქმედდა. 2019 წლამდე, სოფელ ჩაჟაშის კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში აიკრძალება ახალი მშენებლობები და მიწის ნაკვეთების დანიშნულების ცვლილება; დასაშვებ საქმიანობად განისაზღვრება მხოლოდ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სამუშაოები, ასევე, საკომუნიკაციო ქსელებისა და იმგვარი ობიექტების მშენებლობა, რომლებიც ენაცვლებიან მწვავე ავარიულ მდგომარეობაში მყოფ საინჟინრო-საკომუნიკაციო ქსელებსა და ნაგებობებს. პროექტის ავტორი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოა, მთავრობის სხდომაზე აღნიშნული საკითხი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ წარადგინა. აღნიშნული გადაწყვეტილება სოფელ ჩაჟაშის განსაკუთრებული ზოგადსაკაცობრიო მნიშვნელობის შენარჩუნებასა და დაცვას ისახავს მიზნად.

საქართველოს მთავრობამ მოიწონა განკარგულების პროექტი საზაფხულო სკოლების პროგრამის - „დავისვენოთ და ვისწავლოთ ერთად" შესახებ.  პროგრამაში მონაწილეობას მიიღებს 1056 მოსწავლე, რომლებსაც 2017 წლის ივლის-სექტემბერში ნაკადებად უმასპინძლებს მანავის ტერიტორიაზე არსებული სამხედრო ბაზა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური