2017 წლის 13 აპრილის მთავრობის სხდომა ამოსაბეჭდი ვერსია

2017-04-13

2017 წლის 13 აპრილს, საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართა. მინისტრთა კაბინეტმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 25 საკითხი განიხილა. 

დღის წესრიგი

მინისტრთა კაბინეტის გადაწვეტილებით, კიდევ 227 დევნილ ოჯახს საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაეცემა საცხოვრებელი ფართი. 2012 წლის ოქტომბრიდან დღემდე, მთავრობის განკარგულებით, 14 162 დევნილ ოჯახს გადაეცა საკუთრებაში საცხოვრებელი ფართი და ეს პროცესი მომავალშიც გაგრძელდება.

უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების დაბრუნებისა და რეინტეგრაციის ხელშეწყობის მიზნით, დევნილთა და განსახლების სამინისტრო 2015 წლიდან საგრანტო პროგრამას ახორციელებს. წელს, ამ მიმართულებით ბიუჯეტიდან გამოყოფილია 590 000 ლარი, რომელიც გრანტის სახით არასამთავრობო ორგანიზაციებზე ნაწილდება. მთავრობის დღევანდელ სხდომაზე კონკურსში გამარჯვებული 5 არასამთავრობო ორგანიზაციის საგრანტო ხელშეკრულება დამტკიცდა. 2015 წლიდან დღემდე, სამშობლოში დაბრუნებული მიგრანტების რეინტეგრაციის მხარდასაჭერად ბიუჯეტიდან უკვე 1,5 მილიონი ლარია გახარჯული.

მინისტრთა კაბინეტის წევრებმა მოიწონეს „ევროკავშირსა და ნატოში საქართველოს გაწევრიანების კომუნიკაციის შესახებ საქართველოს მთავრობის სტრატეგია 2017-2020 წლებისთვის", რომელიც სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინიციატივითა და სამოქალაქო საზოგადოების აქტიური ჩართულობით შემუშავდა. სტრატეგიის მიზანია ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების გზაზე განსახორციელებელი რეფორმების შესახებ საქართველოს მოსახლეობის ობიექტური და სრულყოფილი ინფორმირება, ასევე, საქართველოს გაწევრიანების მიმართ ნატოსა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების მხარდაჭერის გაზრდა. აღნიშნული დოკუმენტი განსაზღვრავს ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების საკითხებზე სამთავრობო სტრატეგიული კომუნიკაციის პოლიტიკას როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო დონეზე.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჯიხაშკარში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლს - ჭაქვინჯის ციხეს ეროვნული მნიშვნელობის კატეგორია განესაზღვრა. ჭაქვინჯის ციხე ქართული თავდაცვითი და საერო არქიტექტურის ერთ-ერთი გამორჩეული და უმნიშვნელოვანესი ნიმუშია, რომელიც თავის თავში აერთიანებს სხვადასხვა ეპოქების სამშენებლო ტრადიციებს და ცალკეულ შემთხვევებში გამორჩეულია თავისი სამშენებლო გადაწყვეტებით. სწორედ, ძეგლის გამორჩეული ისტორიულ-კულუტურული ღირებულების გათვალისწინებით, 2017 წლის 17 მარტს ჭაქვინჯის ციხეს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა, ამავე წლის 13 აპრილს კი, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ძეგლს ეროვნული მნიშვნელობის კატეგორია განესაზღვრა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური