2017 წლის 2 მარტის მთავრობის სხდომა ამოსაბეჭდი ვერსია

2017-03-02

2017 წლის 2 მარტს, საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართა. მინისტრთა კაბინეტმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 30 საკითხი განიხილა. დღის წესრიგი

მინისტრთა კაბინეტმა  დაამტკიცა საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი „საქართველოში დეპოზიტების დაზღვევის სისტემის დანერგვის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ".  დეპოზიტების დაზღვევა დეპოზიტორების დაცვის მსოფლიოში აპრობირებული სისტემაა. დეპოზიტების დაზღვევის სისტემა, როგორც ფინანსური უსაფრთხოების კომპონენტი დანერგილია და მოქმედებს მსოფლიოს 113 ქვეყანაში, მათ შორის  ევროპის, ცენტრალური აზიის და საქართველოს მეზობელ ქვეყნებში.  ის უზრუნველყოფს დეპოზიტორების დაცვას დაზღვეული დეპოზიტების დაკარგვისგან გარანტირებულად ანაზღაურებადი თანხის კონკრეტული ოდენობით იმ შემთხვევაში, თუ კომერციულ ბანკს  ექმნება დეპოზიტების ანაზღაურების პრობლემა. დეპოზიტების დაზღვევა ფინანსური სტაბილურობისა და უსაფრთხოების სისტემის მნიშვნელოვანი კომპონენტია. საქართველოს საბანკო სისტემაში ამ ეტაპზე არსებული სტაბილური მდგომარეობა, კაპიტალიზაციისა და მოგების მაღალი დონე, ქმნის საუკეთესო წინაპირობას დეპოზიტების დაზღვევის სიტემის უმტკივნეულო დანერგვისთვის.
 
დღესვე მთავრობის სხდომამ მოიწონა საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი ,,საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებულ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტსა და Kocks Consult GmbH​-ს შორის გასაფორმებელი ხელშეკრულების შესახებ". საავტომობილო გზების დეპარტამენტსა და კომპანია Kocks Consult GmbH​-ს შორის, ბაკურციხე-წნორისა (16კმ) და გურჯაანი-თელავის შემოვლითი გზის(30კმ) მშენებლობისთვის, საპროექტო დოკუმენტების მოსამზადებლად ხელშეკრულება გაფორმდება. ხელშეკრულების ფარგლებში,განხორციელდება აღნიშნული გზებისთვის საჭირო ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების, წინასწარი პროექტირების, გარემოს და სოციალური ზემოქმედების შეფასებისა და სატენდერო დოკუმენტაციის მომზადება. ასევე, მოხდება ჟინვალი-ბაკურციხე-წნორის შიდასახელმწიფოებრივი სატრანსპორტო კორიდორის სტრატეგიული მნიშვნელობის შეფასება. საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის (აზერბაიჯანის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზა აკავშირებს თბილისს ლაგოდეხთან და აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვართან. ხოლო, ბაკურციხე-წნორის მონაკვეთი გადის გურჯაანისა და სიღნაღის მუნიციპალიტეტების მჭიდროდ დასახლებულ სოფლებზე,  კვეთს რამდენიმე ხეობას. ამ გზებით, საქართველო უმოკლესი გზით დაუკავშირდება აზერბაიჯანს, გაიზრდება მოძრაობის ინტენსივობა და სატრანზიტო ტვირთბრუნვა, რაც პირდაპირ აისახება რეგიონში მცხოვრებ თითოეულ მოსახლეზე, ქვეყნის ეკონომიკის ზრდაზე.

გრძელდება დევნილი ოჯახებისთვის საცხოვრებელი ბინების გადაცემა. მთავრობის სხდომის გადაწყვეტილებით, კიდევ  186 დევნილ ოჯახს გადაეცემა საცხოვრებელი ფართი (თბილისი,  ქუთაისი და ზუგდიდი).  2012 წლის ოქტომბრიდან დღემდე, მთავრობის განკარგულებით, 13935 დევნილ ოჯახს  გადავეცით   საკუთრებაში საცხოვრებელი ფართი და ეს პროცესი მომავალშიც გაგრძელდება.

მინისტრთა კაბინეტმა მოიწონა  ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამა „ქართული ჩაი". პროგრამის ფარგლებში  შპს ,,მეგრულ ჩაის" იჯარის უფლებით გადაეცემა მარტვილის მუნიციპალიტეტში, სოფელ ტალერსა და სოფელ კურზუში სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების მიწის ნაკვეთები. შეიქმნება  ჩაის გადამამუშავებელი საწარმო.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური