პრემიერის გამოსვლა თბილისის „აბრეშუმის გზის ფორუმის“ თემატურ დისკუსიაზე - High Level Dialogue on Belt and Road Connectivity for Stability ამოსაბეჭდი ვერსია

2017-11-28

ყველას მადლობას მოგახსენებთ ამ მნიშვნელოვან კონფერენციაში მონაწილეობისთვის.
თქვენ ყველას გექნებათ შესაძლებლობა, გაესაუბროთ თქვენს პოტენციურ პარტნიორებს და გაცვალოთ ინფორმაცია იმის შესახებ, როგორ გავაღრმავოთ ეკონომიკური თანამშრომლობა რეგიონში და მის საზღვრებს გარეთ.

კითხვა ეხებოდა სავაჭრო დეფიციტს - საქართველო ამ პრობლემას პასუხობს ღიაობით, უზრუნველყოფს რა თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებათა ქსელს. ჩვენ ვართ ერთ-ერთი ყველაზე ღია ქვეყანა რეგიონში თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებების კუთხით. ჩვენთან არ არის პროტექციონიზმი იმპორტიორებისთვის დაბრკოლებების შექმნის გაგებით. პირიქით, დაცვის ერთადერთი ფორმა, რომელსაც საქართველო იყენებს, არის ის, რომ იცავს ექსპორტიორების ინტერესებს მიწოდების ქვეყნებში.

სწორედ ეს არის „სარტყლის და გზის" ინიციატივის ერთ-ერთი მთავარი ქვაკუთხედი - ვაჭრობის ხელშეწყობა. როგორც ამ ფორუმზე გამომსვლელებმა უკვე აღნიშნეს, საქართველოს აქვს თავისუფალი ვაჭრობა ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების მეშვეობით, დსთ-ს ქვეყნებთან და თურქეთთან. ჩვენ ახლახან მოვაწერეთ ხელი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას ჩინეთთან. ჩვენ ვართ ერთადერთი ქვეყანა რეგიონში, რომელსაც აქვს ასეთი შეთანხმება, როგორც ევროპასთან, ისე ჩინეთთან. გარდა ამისა, ახლახან წამოვიწყეთ მოლაპარაკებები ინდოეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებასთან დაკავშირებით. ასე რომ, ამ შეთანხმებების წყალობით, საქართველო იქცევა სავაჭრო, ლოგისტიკურ, სატრანზიტო ცენტრად.
რასაკვირველია, არის კიდევ სხვა მნიშვნელოვანი გზები „სარტყლისა და გზის" ინიციატივის პოტენციალის სრულად ასათვისებლად, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებების უზრუნველყოფის გარდა - მაგალითად, რეგიონის სატრანზიტო პოტენციალის სრულად ათვისება, ასევე - ინვესტიციების წახალისება.
აღნიშნული სამი მიმართულება მოგცემს შესაძლებლობას, წავახალისოთ ქვეყნების ეკონომიკური განვითარება აბრეშუმის გზის გასწვრივ. გარდა ეკონომიკური თანამშრომლობის ხელშეწყობისა, ამით, რასაკვირველია, ჩვენ ხელს შევუწყობთ კულტურულ ურთიერთობებს, ადამიანთა შორის კონტაქტებს. და ბოლოს, აქ საუბარია ასევე გაუმჯობესებულ სტაბილურობაზე და უსაფრთხოებაზე რეგიონში და მის საზღვრებს გარეთ, დაწყებული ჩინეთით, დამთავრებული ევროპით.
გარდა ამისა, სხვა ქვეყნებსაც შეუძლიათ, მიიღონ სარგებელი ამ ინიციატივიდან.
ეს ინიციატივა ამ მარშრუტის გაყოლებაზე ყველა ქვეყანას აძლევს შესაძლებლობას, განავითარონ თავიანთი პოტენციალი ამ უნიკალური ინიციატივის ფარგლებში. საუბარია ბიზნესგარემოს გაუმჯობესებაზე. საქართველომ წარმატებით უზრუნველყო უნიკალური შესაძლებლობები ბიზნესის წარმართვისთვის, როგორც ეს უკვე აღნიშნეს ჩვენმა მეგობრებმა.
სხვათა შორის, ბოლო მონაცემებით, მსოფლიო ბანკის ბიზნესის წარმოების რეიტინგში საქართველომ მე-16 ადგილიდან მე-9 ადგილზე გადაინაცვლა, რაც სასიხარულო უნდა იყოს ჩვენი მეგობრისთვის, შეიხ ნაჰაიანისთვის, რომელმაც ახსენა საქართველოს წამყვანი პოზიციები რამდენიმე საერთაშორისო რეიტინგში.
საქართველოში არის კორუფციისგან თავისუფალი გარემო და ძალიან მცირე ოდენობის ბიუროკრატიული პროცედურები. მთავრობის ინიციატივით ახლახან განხორციელებული ცვლილებები, სამინისტროების რაოდენობის 18-დან 14-მდე შემცირების ჩათვლით, მიზნად ისახავს ბიუროკრატიის შემცირებას, მმართველობის ხარისხის და ინვესტორებისა და ბიზნესებისთვის ბიზნესგარემოს გაუმჯობესებას.

გუშინ ჩემს მეგობართან, უკრაინის პრემიერ-მინისტრ ვოლოდიმირ გროისმანთან ერთად, რომელიც უკრაინის დელეგაციასთან ერთად ჩამოვიდა ამ ფორუმში მონაწილეობის მისაღებად, ჩვენ განვიხილეთ რეგიონში ლოგისტიკური და სატრანსპორტო კავშირების შემდგომი განვითარების გზები. ეს კი უკრაინასთან, აზერბაიჯანსა და რეგიონის სხვა ქვეყნებთან ერთობლივი ძალისხმევის შედეგად ერთიანი სისტემების შექმნას გულისხმობს.
ჩვენ შევძლებთ ქვეყნებს შორის კავშირების ხარისხობრივი გაუმჯობესების მიღწევას, რათა გავაუმჯობესოთ ჩვენი ქვეყნების შიდა ინფრასტრუქტურის ხარისხი. მიმაჩნია, რომ ამის შედეგად რეგიონში გვექნება მეტი ვაჭრობა, გაზრდილი ინვესტიციები, მეტი რაოდენობის სატრანზიტო და ლოგისტიკური ცენტრი.
დიდი მადლობა.
ჩვენ დიდ მხარდაჭერას ვუცხადებთ საზღვრებს შორის ინიციატივებს. ძალიან მოხარული ვარ, რომ ფორუმზე ასეთი წარმომადგენლობითი დელეგაციები შეიკრიბა.
გმადლობთ!