საქართველოს მთავრობა – 2017 წლის სიახლეები

პრემიერი სამუშაო ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკაში იმყოფება ამოსაბეჭდი ვერსია

2017-10-30

საქართველოს პრემიერ-მინისტრი სამუშაო ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკაში იმყოფება. გიორგი კვირიკაშვილი დღეს მონაწილეობას მიიღებს ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის გახსნის ოფიციალურ ცერემონიაში, რომელზეც აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა მიიწვია.

ღონისძიებაზე დასასწრებად აზერბაიჯანში ასევე იმყოფებიან ყაზახეთის პრეზიდენტი ნურსულთან ნაზარბაევი, თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ ტაიპ ერდოღანი და უზბეკეთის პრემიერ-მინისტრი აბდულა არიპოვი.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი აზერბაიჯანს სამთავრობო დელეგაციასთან ერთად ეწვია, რომლის შემადგენლობაში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე, "საქართველოს რკინიგზის" გენერალური დირექტორი მამუკა ბახტაძე და პრემიერ-მინისტრის მრჩეველი საგარეო ურთიერთობათა საკითხებში თედო ჯაფარიძე იმყოფებიან.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური