საქართველოს მთავრობა – 2017 წლის სიახლეები

პრემიერ-მინისტრმა აბასთუმნისა და ბორჯომის ტყეებში ხანძრების შესახებ განცხადება გააკეთა ამოსაბეჭდი ვერსია

2017-08-31

2

,,მინდა გამოვეხმაურო ჩვენს ქვეყანაში სტიქიის კუთხით არსებულ ვითარებას. მოგეხსნებათ, რომ აბასთუმნის მახლობლად შერეული ტყე იწვის. დღესდღეობით 1000-ზე მეტი ცოცხალი ძალა არის ჩართული სტიქიის წინააღმდეგ ოპერაციაში, მუშაობს ავიაცია, სასაზღვრო ძალების ვერტმფრენი. ამ ეტაპზე ჩართულია კომპანია "თუშეთის" ვერტმფრენი, უკვე ადგილზეა ორი თურქული ვერტმფრენი, ასევე უკრაინიდან თვითმფრინავი, ასევე აზერბაიჯანის ვერტმფრენი. რამდენადაც ვიცი ირანთან მიდის მოლაპარაკება და საჭიროების შემთხვევაში ისინიც დაგვეხმარებიან. რა თქმა უნდა, ძნელია სტიქიას გაუკეთო პროგნოზირება, მაგრამ თუ კლიმატური პირობები ხელს შეგვიწყობს ძალიან მალე მოვახდენთ ლოკალიზებას და საბოლოოდ ჩავაქრობთ ცეცხლს.

რაც შეეხება ბორჯომის ხეობაში წაღვერის მახლობლად არსებული სტიქიის დაძლევის საკითხს, ბევრი ადამიანის ძალისხმევით საკმაოდ მასშტაბური ხანძარი ჩაქრა. მინდა კიდევ ერთხელ ვთქვა, რომ ეს იყო ერთობლივი ძალისხმევა, ბევრი სახელმწიფო და კერძო უწყების ძალიან კოორდინირებული მუშაობა. მასშტაბები ახლა ფასდება და საკმაოდ დიდი იყო. მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა ადამიანს, ვინც საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად ებრძოდა მართლაც გამძვინვარებულ სტიქიას, ეს იყო 3 ათასზე მეტი ადამიანი, რომელიც ველზე იყო ჩართული ცეცხლის ჩაქრობაში.  ესენი იყვნენ ჩვენი მეხანძრე-მაშველები, მეტყევეები, საგანგებო დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები, პოლიციელები, ჯარისკაცები, ექიმები, ასევე ენერგეტიკისა და სოფლის მეურნეობის სფეროს წარმომადგენლები, ასევე ჩვენი მოსახლეობის ნაწილი და კერძო სექტორის წარმომადგენლები, რომლებმაც დიდი დახმარება გაგვიწიეს ტექნიკით. ერთობლივი ძალისხმევით და კოორდინირებული მუშაობით ჩვენ შევძელით, რომ პირველ რიგში, ადამიანების სიცოცხლე და ქონება გადაგვერჩინა, რა თქმა უნდა, ტყის ძალიან დიდი მასივი გადავარჩინეთ განადგურებისკენ. ეს რისკი ნამდვილად არსებობდა. ვფიქრობ, რომ ღირსეულად დავძლიეთ ეს გამოწვევა. ასეთი გამოწვევის დროს რა თქმა უნდა, შესაბამისი დასკვნების გამოტანაა საჭირო",- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური