საქართველოს მთავრობა – 2017 წლის სიახლეები

სადღესასწაულო წირვა სიონის ტაძარში ამოსაბეჭდი ვერსია

2017-08-28

მინდა, მთელი გულით მოგილოცოთ მარიამობის ულამაზესი დღესასწაული და გისურვოთ ერთიანობა, ბევრი სიხარული, ჩვენი ოჯახების გაძლიერება, ჩვენი ქვეყნის გაძლიერება და გამთლიანება, - ამ სიტყვებით მიულოცა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მარიამობა საქართველოს მოსახლეობას.
მთავრობის მეთაური დღეს, სიონის საპატრიარქო ტაძარში, მთავრობის წევრებთან ერთად, ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულთან დაკავშირებულ წირვას დაესწრო, რომელიც უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ აღავლინა.


"მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და უდიდესი მადლობა გადავუხადო ჩვენს პატრიარქს იმისათვის, რომ მან ილოცა სტიქიის ბედნიერად დასრულებისთვის. მისი ლოცვითა და კურთხევით, ჩვენ უმსხვერპლოდ დავასრულეთ ეს ძალიან რთული დღეები. გუშინდელი დღეც, მადლობა ღმერთს, უმსხვერპლოდ დასრულდა - მხედველობაში მაქვს ვერტმფრენის შემთხვევა. მინდა, უდიდესი მადლობა გადავუხადო უწმინდესს იმისათვის, რომ იგი ყოველდღე, ყოველწუთიერად ლოცულობს ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ქვეყნის მშვიდობისა და გამთლიანებისათვის. მთელი ერი არის მისი მადლობელი ამისათვის. მინდა, ვუსურვო მას ჯანმრთელობა და დღეგრძელობა", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა სადღესასწაულო წირვის დასრულების შემდეგ.
საქართველოს მოსახლეობას მარიამობის დღესასწაული მიულოცა უწმინდესმა. პატრიარქმა პრემიერ-მინისტრი და საქართველოს მთავრობის წევრები დალოცა.


"გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს. მოხარული ვართ, რომ დღეს, ჩვენთან ერთად ლოცულობდა საქართველოს მთავრობის თავმჯდომარე, ბატონი პრემიერ-მინისტრი და მთელი მთავრობა. უფალმა შეისმინოს თქვენი ლოცვა და დაგიცვათ და დაგიფაროთ ხილული და უხილავი მტრებისაგან. დალოცვილი იყავით, გაიხარეთ", - ბრძანა უწმინდესმა.