საქართველოს მთავრობა – 2017 წლის სიახლეები

საერთო ჯამში დადებითი დინამიკა გვაქვს ამოსაბეჭდი ვერსია

2017-08-25

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი: ,,უკვე მეოთხე დღეა, ყოველდღიურად, მიუხედავად პერიოდულად სიტუაციების გაუარესებისა, საერთო ჯამში, გვაქვს დადებითი დინამიკა.

აქამდე გაწეული სამუშაოებიდან გამომდინარე, მივედით იმ მომენტამდე, როდესაც ჩვენ მიერ გაყვანილი გზების მეშვეობით, შეგვიძლია ფიზიკური წვდომა ცეცხლის ყველა ზონასთან. ამიტომ ამ ეტაპზე, უკვე დადგა უფრო მეტი ორგანიზებული ცოცხალი ძალის საჭიროება. გუშინ მივიღე გადაწყვეტილება, რომ ჩართულიყო საჯარისო ნაწილი.

აღმოსავლეთ სარდლობის 1000-ზე მეტი კაცი შემოგვიერთდა. მათთან ერთად, ვინც აქამდე მუშაობდა ყველა ჩვეულებრივად აგრძელებს მუშაობას. უკვე ერთობლივი ძალებით დღეს დავამუშავებთ ცეცხლის ყველა ზონას და ვფიქრობთ, რომ დღის ბოლოს გვექნება გაცილებით უკეთესი დინამიკა. თუმცა როცა სტიქიასთან გვაქვს საქმე, პროგნოზების გაკეთება მაინცდამაინც სწორი არ არის. მაგრამ მე მგონია, რომ გამომდინარე იმ დინამიკიდან რაც გუშინდელი დღის ბოლოს გვქონდა და დღეს, უკვე გაერთიანებული ძალებით გვექნება, მივალთ იქამდე, რომ გადავალთ ცეცხლის საბოლოო ჩაქრობის ეტაპზე. ეს შეიძლება გაგრძელდეს გარკვეული პერიოდი, მაგრამ სანამ ბოლომდე არ მივიყვანთ ამ საქმეს, ერთობლივი შტაბი ჩვეულებრივად გააგრძელებს მუშაობას.

​მოსახლეობას საფრთხეს ვაშორებთ. წუხელ საღამოს ერთ-ერთ ზონაში საკმაოდ გართულებული მდგომარეობა იყო, მაგრამ ჩვენ შევძელით საფრთხის აცილება. პრევენცია გაკეთებულია ყველა ზონაში, საფრთხე არავის ემუქრება. ამ დაგეგმარებით გავაგრძელებთ მუშაობას დღეს, ხვალ და ორი დღის შედეგებით ვფიქრობ, რომ საბოლოოდ გადავტეხავთ ამ სიტუაციას და გადავალთ ცეცხლის საბოლოდ ჩაქრობის ეტაპზე.

არდაგანში იყო წუხელ ცოტა გართულებული სიტუაცია, მაგრამ ავიაციისა და ცოცხალი ძალის მეშვეობით, შესაძლებელია ამ ზონის განეიტრალებაც, ისე რომ არ გართულდეს. ეს არის ერთ-ერთი ზონა რომელზეც კონცენტრირება ხდება. პრინციპში ორად არის გაყოფილი ცოცხალი ძალა, ერთი აქამდე არსებული ჯგუფი იმუშავებს წაღვერის მონაკვეთზე. დანარჩენ ზონებზე საჯარისო ნაწილსა და ცოცხალ ძალას განვათავსებთ და ავიაციასთან ერთად კომბინირებულად გავაგრძელებთ მუშაობას.