საქართველოს მთავრობა – 2017 წლის სიახლეები

​ პრემიერ-მინისტრის შეხვედრა ისრაელის ქართულ დიასპორასთან ამოსაბეჭდი ვერსია

2017-07-25

ჩვენ ისრაელთან გვაქვს ყველაზე დიდი ერთობა არა მხოლოდ ემოციურ, არამედ - სტრატეგიული ინტერესების დონეზე, ამიტომ, ეს ურთიერთობა უნდა ავსახოთ ჩვენს ეკონომიკურ პარტნიორობაში და ამ ვიზიტის მთავარი მიზანი ეს არის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა იერუსალიმში, ქართულ დიასპორასთან შეხვედრისას განაცხადა.

პრემიერმა განსაკუთრებით აღნიშნა დიასპორის, როგორც უმნიშვნელოვანესი რესურსის როლი საქართველო-ისრაელის ორმხრივი ურთიერთობების კიდევ უფრო განვითარებაში და ქვეყნებს შორის არსებულ მაღალი დონის პოლიტიკურ პარტნიორობაზე ისაუბრა.

გიორგი კვირიკაშვილმა მეგობრობის განმტკიცებისკენ გადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯად შეაფასა მზარდი მაჩვენებლები ტურიზმის მიმართულებით და განაცხადა, რომ გასულ წელს ისრაელიდან საქართველოს 100 ათასი ტურისტი ეწვია, ხოლო მიმდინარე წლის ბოლოსთვის, მათი რიცხვი სავარაუდოდ 150 ათასს გადააჭარბებს.

"ასევე, ჩვენ გვაქვს ძალიან საინტერესო თანამშრომლობა არაერთი მიმართულებით, თუმცა დღეს ჩვენი ვიზიტის მთავარი მიზანია ის, რომ გავაძლიეროთ ჩვენი ეკონომიკური ურთიერთობები, თანამშრომლობა უსაფრთხოების სფეროში. მე დიდი სიამოვნებით დავპატიჟე ბატონი ნეთანიაჰუ, რომელსაც არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოში უდიდეს პატივს სცემენ. ის არის ერთ-ერთი გამორჩეული ლიდერი დღეს მთელს მსოფლიოში და ჩვენთვის დიდი პატივი იქნება, ვუმასპინძლოთ მას საქართველოში ბიზნესდელეგაციასთან ერთად. გვინდა, მალე შედგეს ეს ვიზიტი, ვინაიდან დარწმუნებული ვართ, არის რამდენიმე მიმართულება, სადაც შეგვიძლია წარმატებით ვითანამშრომლოთ. ჩვენ ასევე განვიხილეთ ისრაელისა და საქართველოს წინაშე არსებული გამოწვევები და დიდი სიამაყით მინდა ვთქვა, რომ ჩვენ გუშინ ჩვენს ებრაელ მეგობრებთან ერთად ვილოცეთ გოდების კედელთან, როგორც ისრაელის, ისე საქართველოს მშვიდობისათვის. ეს იყო იმ ერთობისა და კონსოლიდაციის შეგრძნება, რომელიც გამორჩეულია და ნამდვილად არსებობს ჩვენს ორ ერს შორის. ეს არის მრავალსაუკუნოვანი ერთობა, მაგრამ დღეს მოვიდა დრო, როდესაც ჩვენ უნდა გავცდეთ დღემდე მიღწეულ შედეგს, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია და ხალხთაშორის არსებულ განსაკუთრებულ მეგობრობაზე დავაშენოთ ის განსაკუთრებული ეკონომიკური პარტნიორობა, რომელიც ნამდვილად უნდა შეესაბამებოდეს ჩვენს პოლიტიკურ ურთიერთობებს", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ შემოდგომისთვის ასევე დაიგეგმა ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის სხდომის გამართვა, რომლის ფარგლებში მიმდინარეობს ძალიან მნიშვნელოვანი დიალოგი ორმხრივი თანამშრომლობის სხვადასხვა მიმართულებაზე.

გიორგი კვირიკაშვილის თქმით, ისრაელის სახელმწიფოს პრემიერ-მინისტრთან საუბარი ასევე შეეხო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის გამოწვევებს.

პრემიერ-მინისტრმა ისრაელის სახელმწიფოს, საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის განუხრელი მხარდაჭერისთვის კიდევ ერთხელ დიდი მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ ეს საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი და მთავრობის მხრიდან ძალიან დაფასებულია.

გიორგი კვირიკაშვილი ქართული დიასპორის წარმომადგენლებს ისრაელის სახელმწიფოს პრეზიდენტსა და პარლამენტის სპიკერთან გამართული შეხვედრების შესახებაც ესაუბრა, რომლებიც ორმხრივი ურთიერთობების პერსპექტივებს დაეთმო. პრემიერმა ასევე აღნიშნა შეხვედრა ქნესეთის ოპოზიციასთან და სტუმრობა Jerusalem Venture Partners (JVP)-ის სათავო ოფისში, სადაც განხილული იყო ისრაელსა და საქართველოს შორის პარტნიორობა ინოვაციების და მაღალი ტექნოლოგიების სფეროში.

დიასპორის წარმომადგენლებთან შეხვედრისას, საქართველოს მთავრობის მეთაურმა ისრაელთან ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივაზე ისაუბრა, რომელიც მრავალსაუკუნოვან მეგობრობაზე იქნება დაფუძნებული.

"ჩვენ ამ ამ ურთიერთობაზე იქნება დაფუძნებული მრავალსაუკუნოვან მეგობრობაზე. ეს მეგობრობა არის ყველაზე ძვირფასი ჩვენთვის, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, გვქონდეს სრულმასშტაბიანი პარტნიორობა ისრაელის სახელმწიფოსთან და განვავითაროთ ის მიმართულებები, სადაც ჩვენ კიდევ დიდი რესურსი გვაქვს ასათვისებელი - სავაჭრო-საინვესტიციო ურთიერთობები, თანამშრომლობა განათლების, ინოვაციებისა და მაღალი ტექნოლოგიების სფეროში და უსაფრთხოების მიმართულებით. რა თქმა უნდა, ტურიზმი და სოფლის მეურნეობა უკვე ტრადიციულად ძალიან განვითარებულია, მაგრამ ჩვენ აქ კიდევ ვხედავთ დიდ რესურსს", - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

გიორგი კვირიკაშვილმა დიასპორის წარმომადგენლებს წარმატებები უსურვა და მზადყოფნა გამოთქვა, საქართველოში სტუმრობისას გაუწიოს მეგზურობა და მათთან ერთად განიხილოს ის შესაძლებლობები, რომლებიც ორი ქვეყნის ურთიერთობების განვითარების მიმართულებით არსებობს.

პრემიერ-მინისტრმა გულთბილი მასპინძლობისთვის ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს და მინისტრის მოადგილე ციპი ჰოტოველის განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა.

ორი ქვეყნისა და ერის განსაკუთრებულ ურთიერთობებზე ისაუბრა ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ციპი ჰოტოველიმ.

"ისრაელს უყვარს საქართველო. ყველა ტურისტი, რომელიც ისრაელიდან საქართველოში მოგზაურობს, დაბრუნების შემდეგ, ყველას უყვება, რა ლამაზია საქართველო", - განაცხადა ციპი ჰოტოველიმ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას ისრაელის ქართული დიასპორის 100-მდე წარმომადგენელი დაესწრო. მათ გიორგი კვირიკაშვილს შეხვედრისთვის მადლობა გადაუხადეს და აღნიშნეს, რომ პრემიერ-მინისტრთან გულწრფელი საუბარი და თბილი შეხვედრა მათთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო.