საქართველოს მთავრობა – 2017 წლის სიახლეები

მთავრობის ინიციატივით ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემია დაწესდება ამოსაბეჭდი ვერსია

2017-07-21

საქართველოს მთავრობის ინიციატივით, ლიტერატურის დარგში ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემია დაწესდება, - მთავრობა დღევანდელ სხდომაზე დაამტკიცებს ცვლილებათა პროექტს სახელმწიფო ჯილდოების შესახებ კანონში, რომელიც ლიტერატურის დარგში პროზის, პოეზიის და პუბლიცისტიკის უმნიშვნელოვანესი, ეროვნული აღიარების მქონე ნაწარმოებების ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემიაზე წარდგენის შესაძლებლობას იძლევა.

როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, ასევე გაიყოფა შოთა რუსთაველის სახელობისა და ეროვნული პრემიები.

„ვფიქრობთ, შოთა რუსთაველის პრემია იყოს ლიტერატურის დარგში ხელოვნებისა და არქიტექტურის დარგებში, ხოლო  მეცნიერებისთვის იყოს კონკრეტულად ეროვნული პრემია, რაც მეცნიერების მიმართულებით კიდევ უფრო წაახალისებს  უმაღლესი ჯილდოსთვის ბრძოლას, მუშაობას და ჩვენი მეცნიერების განვითარებას.  კანონპროექტში ასევე გათვალისწინებულია ეროვნული გმირის ორდენზე ფულადი ჯილდოს ოდენობის გაზრდა", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.


პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური