საქართველოს მთავრობა – 2017 წლის სიახლეები

პირისპირ შეხვედრა უკრაინის პრეზიდენტთან ამოსაბეჭდი ვერსია

2017-07-18

1 

საქართველოსა და უკრაინას შორის სტრატეგიული ურთიერთობების ჩამოყალიბება, ორი ქვეყნის საერთო ინტერესები და გამოწვევები იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილისა და უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს პირისპირ შეხვედრის მთავარი თემები. 

მხარეებმა ისაუბრეს სტრატეგიული თანამშრომლობის მნიშვნელობაზე, რაც ორ ქვეყანას  შორის მჭიდრო პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას, ასევე ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში არსებული პარტნიორობის კიდევ უფრო განმტკიცებას გულისხმობს.

შეხვედრისას ყურადღება დაეთმო საერთაშორისო და რეგიონული ორგანიზაციების ფარგლებში მჭიდრო თანამშრომლობას, საქართველოსა და უკრაინის ევროპული ინტეგრაციის პროცესსა და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს, აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალ სამიტს, ასევე - ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის შემდგომ განვითარებას და ამ მიმართულებით არსებული პოტენციალის მაქსიმალურად ათვისებას. 

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და უკრაინის პრეზიდენტმა ისაუბრეს მასშტაბური საერთაშორისო სატრანსპორტო და ენერგეტიკული პროექტების, ასევე - ახალი აბრეშუმის გზის ინიციატივის ფარგლებში თანამშრომლობის შესახებ. 

შეხვედრისას მხარეებმა საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ორი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი მტკიცე მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურეს. 

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური