შეხვედრა აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენლის მოადგილესთან ამოსაბეჭდი ვერსია

2017-07-17

 

აშშ-საქართველოს შორის სავაჭრო და საინვესტიციო სფეროში ურთიერთობების გაღრმავება და ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკური რეფორმები იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილისა და აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენლის მოადგილე დენ მულენის შეხვედრის მთავარი თემები.

პრემიერმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო და საინვესტიციო საკითხებზე მაღალი დონის დიალოგის ფორმატის არსებობას, რომელიც ერთ-ერთი საუკეთესოა სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებით გათვალისწინებული სტრატეგიული მიზნების მისაღწევად.

შეხვედრისას, ყურადღება დაეთმო სავაჭრო პოლიტიკის ლიბერალიზაციის მიმართულებით საქართველოს მთავრობის მიერ ბოლო პერიოდში განხორციელებულ რეფორმებს, ასევე - ქვეყანაში არსებულ ხელსაყრელ საინვესტიციო გარემოს.

პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა საქართველოს, როგორც რეგიონულ სავაჭრო, სატრანსპორტო და ლოგისტიკურ ჰაბად გარდაქმნის პოტენციალზე და ხაზი გაუსვა თავისუფალი ვაჭრობის შესახებ უკვე არსებულ შეთანხმებებს ევროკავშირისა და დსთ-ს ქვეყნებთან, ასევე თურქეთსა და ჩინეთთან.

მთავრობის მეთაურმა განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა რეფორმების ოთხპუნქტიან გეგმაზე და დეტალურად ისაუბრა ეკონომიკურ მიმართულებაზე, კერძოდ - საგადასახადო სისტემის, საპენსიო, კაპიტალის ბაზრის, საჯარო-კერძო პარტნიორობის განვითარების რეფორმებზე, ასევე - დამწყები და მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდამჭერ პროგრამებზე. საუბარი შეეხო ოთხპუნქტიანი გეგმით გათვალისწინებულ სხვა მიმართულებებსაც, რაც განათლების სისტემის, მმართველობის რეფორმასა და ქვეყნის სივრცით მოწყობას მოიცავს.

აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენლის მოადგილემ რეფორმების პროცესში საქართველოს მხარდაჭერის მზადყოფნა გამოთქვა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური