საქართველოს მთავრობა – 2017 წლის სიახლეები

არაფორმალური სადილი რაინჰოლდ მესნერთან ამოსაბეჭდი ვერსია

2017-07-10

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა კახეთში უმასპინძლა მსოფლიოში ცნობილ ალპინისტსა და მრავალი წიგნის ავტორს რაინჰოლდ მესნერს, რომელიც ჩვენი ქვეყნის მთის კურორტების პოტენციალს ეცნობა.

გიორგი კვირიკაშვილმა რაინჰოლდ მესნერს ტურიზმის მიმართულებით არსებულ პოზიტიურ დინამიკაზე მიაწოდა ინფორმაცია და აღნიშნა, რომ გასულ წელს საქართველოს 6 მილიონზე მეტი საერთაშორისო მოგზაური ეწვია. მისი თქმით, ტურისტების რაოდენობის ზრდის ტენდენცია წელსაც გრძელდება.

პრემიერ-მინისტრმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს მთის კურორტების შესაძლებლობებზე და აღნიშნა, რომ მათი განვითარების პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია მსოფლიოში ცნობილი ისეთი მთამსვლელის რეკომენდაციები, როგორიც რაინჰოლდ მესნერია. პრემიერი დარწმუნებულია, რომ საქართველოს მთის კურორტებით მესნერის დაინტერესება მსოფლიოში ჩვენი ქვეყნის, როგორც მიმზიდველი ტურისტული მიმართულების ცნობადობის გაზრდას შეუწყობს ხელს.

მსოფლიოში პირველი მთამსვლელი რაინჰოლდ მესნერი, რომელმაც 1980 წელს ევერესტი ჟანგბადის აპარატის გარეშე დაიპყრო და დალაშქრა თოთხმეტივე 8000-მეტრიანი მწვერვალი, კახეთის გარდა სვანეთს, თუშეთსა და ყაზბეგს ეწვევა.

რაინჰოლდ მესნერმა ურთულესი ასვლების განხორციელება 13 წლის ასაკიდან დაიწყო. ამ პერიოდში იგი, თავის 11 წლის ძმასთან ერთად, ევროპის საუკეთესო მთამსვლელებში შედიოდა. მესნერი პირველია, რომელმაც მარტომ გადაკვეთა ანტარქტიდა, გრენლანდია და გობის უდაბნო. გამოქვეყნებული აქვს 80-ზე მეტი წიგნი, რომლებშიც თავის მოგზაურობასა და თავგადასავლებს აღწერს. იგი ასევე იყო ევროპარლამენტის წევრი.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური