საქართველოს მთავრობა – 2017 წლის სიახლეები

პრემიერ-მინისტრის გამოსვლა ევროპის საკონსტიტუციო სასამართლოების მე-17 კონგრესზე ამოსაბეჭდი ვერსია

2017-06-29

   

ბატონო პრეზიდენტო, ბატონო პარლამენტის თავმჯდომარევ, ბატონო საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარევ, ქალბატონო უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარევ, მოგესალმებით.

მივესალმები აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს, ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიის პრეზიდენტს, მივესალმები ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელს საქართველოში;

მივესალმები დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს, პატივცემულ მთავრობის წევრებს, დეპუტატებს და რა თქმა უნდა, მივესალმები საკონსტიტუციო სასამართლოების თავმჯდომარეებს და ჩვენს ძალიან ძვირფას სტუმრებს.

უპირველეს ყოვლისა, მინდა მადლობა გადაგიხადოთ ამ უმნიშვნელოვანეს ფორუმში მონაწილეობისთვის.
ჩვენთვის ნამდვილად უდიდესი პატივია, რომ საქართველო მასპინძლობს ევროპის საკონსტიტუციო სასამართლოების მე-17 კონგრესს, რომელსაც ნამდვილად ასეთი ფართო წარმომადგენლობა ესწრება.

ნამდვილად საამაყოა, რომ ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში სულ უფრო ხშირად ტარდება ასეთი მაღალი რანგის საერთაშორისო ღონისძიებები.

ამასთან, ჩვენს ქვეყანას ის ძალიან მაღალი პრივილეგიაც ხვდა წილად, რომ საქართველო ევროკავშირის ერთადერთი არაწევრი ქვეყანა გახლავთ, რომელიც ევროპის საკონსტიტუციო სასამართლოების გაერთიანების თავმჯდომარედ აირჩიეს.

მეგობრებო, ყველას მოგეხსენებათ, რომ დემოკრატიულ პრინციპებზე დაფუძნებული და დაბალანსებული კონსტიტუცია ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისა და წინსვლის გარანტი გახლავთ.
საქართველომ 2010 წელს განხორციელებული საკონსტიტუციო ცვლილებების შედეგად, სამწუხაროდ მიიღო კონსტიტუცია, სადაც საკმაოდ ბევრი ხარვეზი, შეუსაბამობა და კონსტიტუციური ლოგიკით დაუშვებელი არაერთი ნორმა იყო შეტანილი.

სწორედ ამიტომ, ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა მოახდინა კონსტიტუციაში ცვლილებების განხორციელების ინიცირება და უპრეცედენტო მასშტაბის სახალხო განხილვების საფუძველზე, პოლიტიკოსებით, არასამთავრობო ორგანიზაციებითა და დამოუკიდებელი ექსპერტებით დაკომპლექტებულმა საკონსტიტუციო კომისიამ საბოლოო ჯამში შეიმუშავა საკონსტიტუციო ცვლილებები, რომლის შედეგადაც საქართველოს ექნება დემოკრატიულ პრინციპებზე დაფუძნებული, დაბალანსებული კონსტიტუცია.

კონსტიტუცია, რომელიც უზრუნველყოფს:
1. სრულფასოვან საპარლამენტო მმართველობის მოდელს;
2. მკაფიოდ განაწილებულ პასუხისმგებლობებს ხელისუფლების შტოებს შორის;
3. ძლიერ პარლამენტს თავისი ბუნებრივი როლით;
4. პარლამენტის მიერ მთავრობისთვის უნდობლობის გამოსაცხადებლად გამარტივებულ პროცედურებს;
5. უფრო ეფექტურ მთავრობას;
6. პრეზიდენტის, როგორც ნეიტრალური არბიტრის, კიდევ უფრო მეტად დაკონკრეტებულ ფუნქციებს;
7. ადამიანის, საზოგადოების დაცულობის უფრო მაღალ ხარისხს და
8. კონსტიტუციის გარდამავალ დებულებებში ცალსახად დაფიქსირებულ ქვეყნის საგარეო პოლიტიკურ არჩევანს.

ამასთან, აუცილებელია გავითვალისწინოთ, რომ საქართველო გადადის პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე სწორედ ჩვენი გუნდის პოლიტიკური ნებით და ეს არის დიდი მიღწევა, რადგან ჩვენ გვახსოვს არაერთი სხვა ხელისუფლება, რომელთ აპირობებშიც ეს საკითხი მსჯელობის საგნად იქცა, მაგრამ არც ერთი მათგანის პირობებში არ არსებობდა რეალური პოლიტიკური ნება, რომ ეს ცვლილება რეალურად განხორციელებულიყო.

ხოლო, რაც შეეხება პროპორციულ სისტემაზე გადასვლის თარიღს, აღნიშნულ საკითხზე კონსენსუსის მიღწევა ხალხის მიერ არჩეულ უმრავლესობასთან შესაძლებელი გახდა 2024 წელთან დაკავშირებით და ეს კონსტიტუციაში იქნება ასახული.

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიამ აღნიშნული საკონსტიტუციო ცვლილებები და მისი ძირითადი პრინციპები საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის წინგადადგმულ ნაბიჯად შეაფასა.

ამ პროცესის საბოლოო წარმატებისთვის ჩვენ აქტიურად განვაგრძობთ ვენეციის კომისიასთან თანამშრომლობას და რა თქმა უნდა პოლიტიკურ დიალოგს ადგილზე. ამისთვის მინდა კიდევ ერთხელ დიდი მადლობა გადავუხადო კომისიას და პირადად ბატონ ჯანი ბუკიკიოს, ძალიან მნიშვნელოვანი დახმარებისთვის ამ პროცესში. ჩვენ გვქონდ აძალიან საინტერესო შეხვედრა, სადაც განვიხილეთ განვლილი პროცესი და მე გამოვთქვი მზადყოფნა, გავაგრძელოთ როგორც კომისიასთან თანამშრომლობა, ასევე - პოლიტიკური დიალოგი.

ყველას მოგეხსენებათ, რომ ნებისმიერი დემოკრატიული სახელმწიფო ეფუძნება კანონის უზენაესობის პრინციპს. კანონის უზენაესობის რეალიზება კი, შეუძლებელია დამოუკიდებელი სასამართლო ხელისუფლების გარეშე. მიუკერძოებელი სასამართლო გადამწყვეტია დემოკრატიულ პრინციპებზე დაფუძნებული სახელმწიფოსთვის, რაც, თავისთავად, განაპირობებს საზოგადოების ნდობას სასამართლო ხელისუფლების მიმართ.

ჩვენმა ქვეყანამ საკუთარ თავზე გამოსცადა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია სასამართლოს როლი სამოქალაქო ღირებულებებისა და სამართლებრივი ინსტიტუციებისადმი რწმენის ჩამოყალიბებაში. საქართველომ ამ მიმართულებით ურთულესი გზა გაიარა, თუმცა დღეს, დარწმუნებული ვარ, ეს პროცესი წარმატებით გაგრძელდება - საკონსტიტუციო სასამართლო იქნება საქართველოს კონსტიტუციის გარანტი და მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ჩვენს ქვეყანაში საზოგადოების მაღალი სამართლებრივი კულტურის განვითარებაში.

აქვე მინდა ხაზი გავუსვა კონსტიტუციური კონტროლის განმახორციელებელ ორგანოებს შორის მჭიდრო თანამშრომლობისა და უწყვეტი დიალოგის მნიშვნელობას.

ამიტომ, დარწმუნებული ვარ, რომ კონგრესი საინტერესოდ წარიმართება, კონსტიტუციურ მართლმსაჯულებაში არსებული პრაქტიკისა და გამოწვევების კუთხით გამოცდილების გაზიარება ძალიან წაადგება ყველა მონაწილე ქვეყანას და მათ შორის, რა თქმა უნდა, ჩვენს ქვეყანას - საქართველოს.
ნაყოფიერ მუშაობას გისურვებთ. დიდი მადლობა ყურადღებისა და ჩამობრძანებისთვის.