შეხვედრა ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილესთან ამოსაბეჭდი ვერსია

2017-05-29

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილეს, როუზ გოტმიოლერს შეხვდა. მხარეებმა საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის დღის წესრიგი განიხილეს.

შეხვედრაზე ყურადღბა გამახვილდა საქართველოს მიერ არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის პროცესში მიღწეულ მნიშვნელოვან პროგრესზე და კიდევ ერთხელ დადასტურდა ნატო-ს მზაობა- ხელი შეუწყოს საქართველოში რეფორმების განხორციელებასა და ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის შემდგომ გაძლიერებას.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის მიერ საქართველოს ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციის მხარდამჭერი დეკლარაციის მიღების მნიშვნელობას, რომლის თანახმად საქართველოს თანამშრომლობა ალიანსთან მოიცავს ყველა პრაქტიკულ ინსტრუმენტს, რაც მას საბოლოო წევრობისთვის მოამზადებს. გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, აღნიშნული დოკუმენტი ალიანსის მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტის, მისი ტერიტორიული მთლიანობისა და ნატო-ში გაწევრიანების პროცესის მხარდაჭერის ძლიერი დემონსტრირებაა.

ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილის განცხადებით, ნატო აგრძელებს საქართველოს, როგორც განსაკუთრებული ასპირანტი ქვეყნის, მხარდაჭერას. მისივე თქმით, საქართველოს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს საერთო ევროატლანტიკური უსაფრთხოების განმტკიცებაში.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებაზე.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ვიქტორ დოლიძე , საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით დონდუა, ნატო-ში საქართველოს წარმომადგენელი ალექსანდრე მაისურაძე დაესწრნენ.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური