საქართველოს მთავრობა – 2017 წლის სიახლეები

საზეიმო მიღება ამოსაბეჭდი ვერსია

2017-05-28

ბრატისლავაში სამუშაო ვიზიტით მყოფი საქართველოს პრემიერ-მინისტრი საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ მიღებას დაესწრო.

გიორგი კვირიკაშვილმა სიტყვით გამოსვლისას საქართველო-სლოვაკეთის მეგობრულ ურთიერთობებზე ისაუბრა და მადლობა გადაუხადა სლოვაკეთს საქართველოს მხარდაჭერისთვის
პრემიერ-მინისტრმა ყურადღება გაამახვილა ევროინტეგრაციის გზაზე განხორციელებულ რეფორმებზე და ხაზი გაუსვა საქართველოს მიერ მიღწეულ მნიშვნელოვან პროგრესს.

"სავიზო რეჟიმის გაუქმების გზით ევროკავშირი ფართოდ უღებს კარს საქართველოს მოქალაქეებს. ეჭვი არ მეპარება, რომ საქართველო მალე დიკავებს ადგილს ევროპული სახელმწიფოების ოჯახში. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და დიდი მადლობა გადავუხადო სლოვაკეთის რესპუბლიკას ამ გზაზე საქართველოსთვის გაწეული დახმარებისათვის - საბჭოში მისი პრეზიდენტობის პერიოდში სლოვაკეთმა მიიღო პროაქტიული ზომები საქართველოს უმნიშვნელოვანესი მიზნის მისაღწევად. მინდა გითხრათ, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაცია უბრალოდ უვიზოდ მგზავრობის ფუფუნება არაა, ესაა უზარმაზარი პოლიტიკური ნაბიჯი, რომელიც ადასტურებს ევროკავშირის მხარდაჭერას საქართველოს დასავლური სულისკვეთების მიმართ და მის სურვილს, მიიღოს საქართველო ევროპულ ოჯახში,"-განაცხადა პრემიერმა.

გიორგი კვირიკაშვილის ინფორმაციით, გლობალური უსაფრთხოების ფორუმის ფარგლებში, გაიმართა შეხვედრა სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრთან, სადაც მხარეებმა კიდევ ერთხელ განიხილეს ორმხრივი ურთიერთობების ძირითადი საკითხები.
"სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრთან, ბატონ რობერტ ფიცოსთან საინტერესო შეხვედრის დროს, განვიხილეთ ჩვენი ორმხრივი თანამშრომობის ყველა განზომილება და მოწოდებულები ვართ, წავახალისოთ კერძო და სახელმწიფო სექტორები, რათა მათ შეძლონ არსებული პოტენციალის მაქსიმალურად გამოყენება,"-აღნიშნა პრემიერმა.

საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ მიღებას, რომელიც სლოვაკეთში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით გაიმართა, სლოვაკეთის ხელისუფლების წარმომადგენლები და დიპლომატები დაესწრნენ.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური