საქართველოს მთავრობა – 2017 წლის სიახლეები

შეხვედრა ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან ამოსაბეჭდი ვერსია

2017-05-26

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს პაოლო ალის შეხვდა.
საუბრის ძირითადი თემები ნატოს საპარლამენტო ასამბლეის სესია, ნატო-საქართველოს თანამშრომლობა და ქვეყანაში მიმდინარე რეფორმები იყო.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს სესიის თბილისში გამართვისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ საქართველო ამ ფაქტს ალიანსის მხარდაჭერის დადასტურებად აფასებს. გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ჩრდილოატლანტიკური ინტეგრაცია საქართველოს მოსახლეობის არჩევანია.
ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა საქართველოს, ალიანსის სახელით, რეფორმების პროცესში სრული მხარდაჭერა გამოუცხადა. პაოლო ალის განცხადებით, საქართველო არის სტაბილურობის კუნძული რეგიონში და ნატო აცნობიერებს, რომ საქართველოს დაცვა, ევროპის დაცვას ნიშნავს.

ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა გიორგი კვირიკაშვილს ასევე მიულოცა საქართველოს დამოუკიდებლობის დღე და მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური