საქართველოს მთავრობა – 2017 წლის სიახლეები

​ შეხვედრა აშშ–ის დელეგაციასთან ამოსაბეჭდი ვერსია

2017-05-24

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი  ევროპულ და ევრაზიულ საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეს, ბრიჯიტ ბრინკს და აშშ-ის დელეგაციის წევრებს შეხვდა.

მხარეებმა განიხილეს საქართველო-ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიით განსაზღვრული საკითხები და ისაუბრეს იმ ერთობლივ ძალისხმევაზე, რომელიც საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებას შეუწყობს ხელს.

შეხვედრაზე ითქვა, რომ აშშ აგრძელებს საქართველოს მნიშვნელოვან დახმარებას სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის დემოკრატიული განვითარების, ეკონომიკის, თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროებში. საუბარი შეეხო  საქართველოში მიმდინარე დემოკრატიულ რეფორმებს. შეხვედრაზე განიხილეს საკონსტიტუციო და საჯარო სამსახურის რეფორმები და ისაუბრეს სასამართლო სისტემის რეფორმირების მესამე ტალღაზე, რაც მხარეთა შეფასებით, მნიშვნელოვანია არა მხოლოდ სასამართლოს სისტემის გაძლიერების, არამედ ზოგადად ინვესტიციების მოზიდვის კუთხით. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილემ, ბრიჯიტ ბრინკმა აღნიშნა რეფორმირების პროცესში საქართველოს მიერ მიღწეული მნიშვნელოვანი პროგრესი.

შეხვედრაზე შეაჯამეს  საქართველოს პრემიერ-მინისტრის წარმატებული ვიზიტი ვაშინგტონში, რომლის ფარგლებში გამართული შეხვედრების დროს, აშშ-ის ადმინისტრაციის მხრიდან გამოითქვა სრული მზაობა საქართველოსთან არსებული სტრატეგიული პარტნიორობის კიდევ უფრო გაღრმავებისა და გაფართოების შესახებ.

მხარეებმა ასევე ისაუბრეს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესებზე.
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე და პრემიერ-მინისტრის მრჩეველი საგარეო ურთიერთობების საკითხებში თედო ჯაფარიძე დაესწრნენ.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური