მზადება საქართველოს დამოუკიდებლობის დღისთვის ამოსაბეჭდი ვერსია

2017-05-18

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე  26 მაისს ვეფხისტყაოსნის თემატიკით დატვირთული სხვადასხვა სახის ღონისძიებით აღინიშნება - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. გიორგი კვირიკაშვილის განმარტებით, წელს, დამოუკიდებლობის დღესთან ერთად, საქართველო შოთა რუსთაველის 850 წლის იუბილეს იზეიმებს. პრემიერ-მინისტრის ინფორმაციით, ღონისძიებების ფარგლებში გაიმართება ქართველი მხატვრების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა და შემოსული თანხები გადაირიცხება„სოლიდარობის ფონდში".

„საქართველოს დამოუკიდებლობის დღის ღონისძიებების ძირითადი თემატიკა იქნება დაკავშირებული "ვეფხისტყაოსანთან", რაც, ვფიქრობთ, ძალიან კარგია ჩვენი ზეიმისთვის ახალი ელფერის შესაძენად, ჩვენი ქვეყნის წარმოსაჩენად. ჩვენ მართლა გვაქვს განუმეორებელი განძი, რომელიც ვფიქრობთ, რაც შეიძლება მაქსიმალურად უნდა წარმოვაჩინოთ და მომავალი თაობები აღვზარდოთ იმ ფასეულობებზე, რომელზეც არის საუბარი გენიალურ ნაწარმოებში. ამიტომ, დღესასწაულის ძირითადი თემატიკა იქნება "ვეფხისტყაოსანი". ღონისძიების ფარგლებში ასევე მოეწყობა ქართველი მხატვრების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა და ეს თანხები გადაირიცხება სოლიდარობის ფონდში, რომელიც ძალიან მნიშვნელოვან და კეთილ საქმეებს აკეთებს", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. 

პრემიერ-მინისტრის თქმით, დღესასწაული მთელი ქვეყნის მასშტაბით გაიმართება.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური