საქართველოს მთავრობა – 2017 წლის სიახლეები

საქართველო აშშ–ის ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორია ამოსაბეჭდი ვერსია

2017-05-04

„ამერიკელი კონგრესმენების მხარდამჭერი მიმართვა მეტყველებს იმაზე, რომ საქართველო არის აშშ-ის ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორი. ასე იყო ეს გასული 25 წლის განმავლობაში და ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ მომავალი 25 წლის მანძილზე შევძლებთ, რომ კიდევ უფრო მჭიდრო პარტნიორობა შევქმნათ, რაც არის გარანტი საქართველოს სტაბილური, დემოკრატიული ქვეყნის ჩამოყალიბების პროცესში," - ასე შეაფასა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ამერიკელი კონგრესმენების მიერ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისადმი საქართველოს მხარდამჭერი წერილით მიმართვა.

გიორგი კვირიკაშვილი დარწმუნებულია, რომ კონგრესმენების განწყობას და სულისკვეთებას იზიარებს ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლის აღსანიშნავად და ჩვენი მტკიცე პარტნიორობის კიდევ უფრო მხარდასაჭერად, 30 კონგრესმენმა, წარმომადგენლობითი პალატის წევრებმა გაუგზავნეს აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს საქართველოს მხარდამჭერი წერილი. მიმართვაში ხაზგასმულია ჩვენი პარტნიორობის მნიშვნელობა, ძალიან დიდი წარმატებები, როგორც დემოკრატიული ინსტიტუციების მშენებლობის, ისე ეკონომიკური განვითარების გზაზე. ასევე ხაზგასმულია, რომ საქართველო ოკუპაციიის პრობლემების მიუხედავად, არის მტკიცე მხარდამჭერი ანტიტერორისტული ქმედებებისა და ოპერაციების. წერილში გამოხატულია მხარდაჭერა თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებისათვის, რაც ვფიქრობთ ძალიან მიმასასალმებელია. ბოლო პერიოდში კონგრესმა რამდენიმე მნიშვნელოვანი რეზოლუცია მიიღო - ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი რეზოლუცია, ასევე, ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდამჭერის კუთხით. ეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რომ საქართველო არის აშშ-ის ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორი. დარწმუნებული ვარ, საქართველოს მიმართ იგივე განწყობაა სენატში და ერთი წამითაც არავის ეპარება ეჭვი, რომ ზუსტად ასეთივე სულისკვეთება გააჩნია ამერიკის პრეზიდენტს, ბატონ დონალდ ტრამპს," - აღნიშნა პრემიერმა მთავრობის სხდომაზე.


პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური